გვერდები

02.10.2020

სპორტული ცხოვრების ისტორია ნინოშვილის ქუჩაზე

 სტატიაში გაეცნობით მეტვარ ხურციას მიერ ქალაქ ხობში, ნინოშვილის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის მოწყობის ისტორიას.

„კარგი თაოსნობა“ - ასე ვუწოდეთ წერილს, რომელიც 1976 წლის 21 ივლისს დაიბეჭდა ჩვენს გაზეთში. მასში საუბარი იყო იმ ინიციატივაზე, რომელიც ხობში, ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ფიზკულტურის მასწავლებლის მეტვარ ხურციას ხელმძღვანელობით წამოიწყეს - საკუთარი ძალებით ჭაობიანი ადგილი მოასწორეს და იქ კალათბურთისა და ხელბურთის მოედნები მოაწყვეს.


 ნინოშვილისა და ლენინის ქუჩის ახალგაზრდები (ბადრი ჩიტაია, თემურ დგებუაძე, დათო ქირია, პაატა კობახიძე, გელა ბერაია, მახო ჯოჯუა, ხვიჩა და გოჩა ჯგერენაიები) - "ტყავის ბურთის" პრიზის საქალაქო პირველობის გამარჯვებულები.

მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. წლწულს ხობში სტუმრობისას კვლავ ვინახულეთ ის ადგილი. ბევრი რამ შეცვლილა მას შემდეგ. მოედანი უფრო გაულამაზებიათ, ჩოგბურთის კორტიც მოუწყვიათ და მავთულის ბადით შემოუკავებიათ. ირგვლივ ტანი აუყრიათ ჭადრისა და კოპიტის ხეებს, რომელთა ჩრდილი მოედანს ფარავს.


სპორტული მოედანი ნინოშვილის ქუჩაზე

დღეისათვის აქ სამი სექცია მოქმედებს, - გვეუბნება მ. ხურცია. - კალათბურთის სექციაში 17 ახალგაზრდა მეცადიენობს, ჩოგბურთის კორტზე - 12 მოყვარული ვარჯიშობს. ყველაზე მრავალრიცხოვანია ფეხბურთის სექცია, რომელიც 40-მდე კაცს აერთიანებს.

როგორც გვითხრეს, აქ ხშირად მართავენ ამხანაგურ შეხვედრებს სოფლების ან სხვა უბნების ახალგაზრდებთან. წლეულს კი ხობის რაიონის სპორტკომიტეტის წინადადებით აქ გაიმართა რაიონული პირველობა უბნებს შორის „ტყავის ბურთის“ პრიზზე, სადაც მასპინძლებმა ყველა მეტოქე დაჯაბნეს და პირველობაც დაისაკუთრეს.

აღსანიშნავია, რომ აქ ისწავლეს ფეხბურთის ანბანი მერაბ ალანიამ, ბესიკ ბებიამ და ენუქი თევზაძემ. მერაბი და ბესი დღეს ხობის „კოლხეთის“ ღირსებას იცავენ, ხოლო ე. თევზაძე, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, ამჯამად თბილისის ასკ-ში გამოდის.

კარგი საქმე გაკეთდა ქუჩის მოედნის კეთილმოწყობით. იგი ნინოშვილის, სტალინის, ლენინის, ორჯონიკიძისა და გორკის ქუჩების ახალგაზრდების აღზრდის ერთ-ერთ კერად იქცა. კმაყოფილნი არიან მშობლებიც, რადგან იციან, რომ მათი შვილები უსაქმოდ არ დაეხეტებიან. მოედანი წმინდა სპორტული თვალსაზრისით დიდებსა და პატარებს ერთნაირად იზიდავს. სპორტული შეჯიბრებების საცქერლად თითქმის ყოველ საღამოს 70-80 მაყურებელი იყრის თავს.

უყვართ ნინოშვილელებს თავიანთი სპორტული კომპლექსი. უყვართ და ყოველდღიურად ზრუნავენ მის კეთილმოწყობაზე.

-ბურთებიც და ფორმაც საკუთარი სახსრებით შევიძინეთ, -გვეუბენბა სპორტული კომპლექსის სული და გული მ. ხურცია. ბოლო წლებში კომპლექსის კეთილმოწყობაში ახალგაზრდებს დიდად დაგვეხმარა ადგილობრივი მოსახლეობა. მათი ხელშეწყობით მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს მოედანზე გასახდელის და საშხაპეს მოწყობა...

როცა ნორჩების ჟრიამულით სავსე მოედანს დავშორდით, რაიონული სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ ანზორ სანიკიძემ გვითხრა:

-   ამ კომპლექსის კეთილმოწყობით ნინოშვილელმა ახალგაზრდებმა კარგი საქმე გააკეთეს. მართალია, თავდაპირველად მათ არავინ აუბა მხარი, მაგრამ ამ ბოლო დროს მიმდევრებიც გამოუჩნდნენ.

წყარო: გაზეთი „ლელო“, 1981 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.