გვერდები

13.10.2020

პრესის მასალები ხორგაში სკოლის დაარსების შესახებ

 გთავაზობთ, XIX საუკუნის პრესის მასალებს ხორგაში  სკოლის დაარსების შესახებ.

„... სწავლა-განათლების სურვილმაც იჩინა თავი ამ ბოლო დროს ხორგაში. ადგილობრივმა საზოგადოებამ რაკი ნახა, რომ მათი შვილებისათვის სასოფლო სკოლა აღარა კმარა, მაშინვე შეუდგა ორკლასიანი ნორმალური სასწავლებლის დაფუძნებას ხორგაში.

ამ საქმის შესახებ მომხდარ კრებაში, ივნისში მდგომარე წლისა, სახალხო სკოლების დირექტორების დასწრებით, გარდასწყვიტეს ზემოხსენებული სკოლის დაარსება. დამტკიცებისთანავე ხორგაში ორკლასიანი სასწავლებლისა, საზოგადოება პირობით შეეკრა ერთს პატიოსანს პირს სასწავლებლის სახლის აშენებაზედ და ამ პირმა უნდა ჩააბაროს საზოგადოებას სახლი სექტემბრის დამლევს, რისთვისაც აღუთქვეს 1200 მან. ამ საქველმოქმედო საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ბ. პახვალა როსტომის ძე ლიფონავას, რომელმაც პირველად აღძრა ხალხში ამ საგანზედ ლაპარაკი და დაბოლოვებისთვისაც დიდი შრომა გასწია“.

„დროება“, 1885 წ. N175

„სწავლა-განათლების სურვილმა აქაც იჩინა თავი. აქ წლეულს გამართეს ორკლასიანი სასწავლებელი და ამ სასწავლებელში ასამდე შეგირდი ითვლება. გლეხობამ ამ საქმისათვის არაჩვეულებრივი სიუხვე გამოიჩინა: თუმცა შენობა გლეხებს 2500 მანეთი დაუჯდათ, მაინც შეადგინეს განაჩენი, რომ ყოველწლივ იხადონ სკოლის სასარგებლოდ 600 მანეთი“.

„ივერია“, 1886 წელი N234

 „ჩვენ, ხორგელები, დიდი მადლობელნი უნდა ვიყვნეთ მასწავლებლის ბ-ნის ცხაკაიასი, რომელმაც მოსვლისთანავე აღძრა კითხვა სასწავლებლის გაუმჯობესობაზე. ცხაკაიას მეცადინეობით გადაკეთდა ჩვენი ერთ-კლასიანი სკოლა ორკლასიანად. შესდგა განაჩენი და მიერთვა თხოვნა საზოგადოებისაგან საერო სკოლების დირექტორს, წარსადგენად უმაღლესის მთავრობისადმი, რომ ჩვენი სასწავლებელი დამტკიცდეს ორ-კლასიან სამინისტრო ნორმალურ სასწავლებლად. დამტკიცებას დღე-დღეზედ მოველით. წელს დირექციის შემწეობით ბ-ნმა ცხადაიამ ააშენა მშვენიერი საყაჭე სახლი სასწავლებლის გვერდზე...“.

„ივერია“, 1888 წ. N127

 „მკითხველებს ეხსომებათ, რომ წარსულს 1886 წელს, სოფელ ხორგაში დაარსეს ორ-კლასიანი სასოფლო სკოლა, რომლის შესანახავად საზოგადოებამ იკისრა 600 მანეთის ხარჯი ყოველ წლიურად. წელს ხორგელები კიდევ უფრო წახალისდნენ. ამ ექვსას მანეთის ხარჯს არ დასჯერდნენ და დაადგინეს ყოველ წელიწადს ხარჯონ 1.300 მანეთი იმავე სკოლის შესანახავად. აგრეთვე ითხოვეს ზემოხსენებულის სკოლის ორ-კლასიან ნორმალურ სამინისტროს სასწავლებლად გადაკეთება. შესანიშნავი ის იყო, რომ მთელს საზოგადოებაში, რომელიც შესდგება 750 კომლიდგან, არავინ არ აღმოჩნდა სკოლის მოწინააღმდეგე...“.

„ივერია“, 1887 წ. N195

საეკლესიო-სამრევლო სკოლები ნივთიერად ჯერ იმავე მდგომარეობაში არიან, როგორშიაც წარსულ წლებში იყვნენ, სამღვდელოება, რომელზედაც ამ სკოლების ბედ-იღბალი არის დამყარებული, შესაფერად მოქმედებს, ხშირად თავის ხარჯით ხსნიან სკოლებს, სადაც თვითონ ინიშნებიან მმართველად და საღმრთო სჯულის მასწავლებლად. სამღვდელოება რომ ნივთიერად უზრუნველი იყოს, ამ კეთილ საქმისათვის ის არ დაშურავს თავის საშვალებას, აი  მაგალითიც; სოფელ მესამე ხორგის (ზუგდიდის მაზრაშია) მთავარ-ანგელოზის ელკლესიის მღვდელმა მ. ნიკოლოზ დათუაშვილმა (რომელსაც 1897 წელში დაენიშნა ხაზინიდან დამატებითი ჯამაგირი), თავის სამრევლოში თავის საკუთარ სახლში 1894 წელში შინაურად გახსნა წერა-კითხვის სკოლა, წარსულ სექტემბერს გადააკეთა ერთკლასიანად, რომელსაც შესწირა ორ-თვალი სახლი, შესაფერად გაწყობილი და ორი ქცევა მიწა, მდებარე ირგვლივ სკოლისა, ღირებული 600 მ, სახსოვრად მისის იმპერატორებითის უმაღლესობის დიდის მთვრინა  ტატიანა ნიკოლოზის  ასულის  დაბადებისა. ამ შეწირულების შესახებ საჭირო საბუთი ადგილობრივის ბლაღოჩინის ... ამ შეწირულობის შესახებ საჭირო საბუთი ადგილობრივის ბლაღოჩინის ა. ქვარცხავასაგან რაპორტით იქმნა შემოტანილი სამოსწავლებლო რცჩევის ზუგდიდის  მაზრის განყოფილებაში წარსადგენად სადაც ჯერ არს, ზემო აღნიშნული შეწირულობა დღეს სამოსწავლებლო რჩევის განკარგულებაში არის. მ. დათუაშვილი პირველად მღვდლად მსახურებდა ს.ჭალადიდში(სენაკის მაზრაშია), სადაც მან გააკეთა ნავები მუქთად სახმარებელნი, გზები, ხიდებიც და სკოლაც ჰქონდა  გამართული. სჩანს, რომ მ. დათუაშვილ თვითონ მესამე ხორგის სამრევლო სკოლის მმართველი და საღმრთო სჯულის მასწავლებლად არის დანიშნული. სწორედ პატივის და ყურადღების ღირსია მამა დათუაშვილი ამ კეთილი  საქმისთვის, ღმერთმან ინებოს  ამ კეთილ საქმეში ხსენებულ მოძღვარს მიმბაძველნი აღმოაჩნდნენ.

„მწყემსი“, 1898 წ. N2









 

 

 

09.10.2020

„ეს საჯალაბო სახლი, ამჟამად, კუს ტბაზე მდებარე მუზეუმის ექსპონატია"

გთავაზობთ, პროფესორ ლევან ღვინჯილიას მიერ, 2014 წელს სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციას ხობის რაიონის სოფელ ახალი ხიბულიდან მუზეუმში მეგრული საცხოვრისის ტიპობრივი ნიმუშის გადატანის შესახებ.

„ეს საჯალაბო სახლი, ამჟამად, კუს ტბაზე მდებარე მუზეუმის ექსპონატია.

იგი აგებულია მე-19 საუკუნის შუა წლებში (დაახ. 1850წ.) და მუზეუმმა შეიძინა 1972 წლს, როგორც ძველი მეგრული საცხოვრისის ტიპობრივი ნიმუში.

დღეს, 2014 წლის 28 სექტემბერს, მუზეუმის ხელმძღვანელობამ დამდო პატივი, დავსწრებოდო ამ საცხოვრისის რესტავრაციის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებას.

მინდა ყველას უღრმესი მადლობა მოვახსენო ჩემთვის ესოდენ სასიამოვნო წუთების მონიჭებისათვის.

იმ წელს, როცა ეს სახლი თბილისში ჩამოიტანეს, მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და მას შემდეგ ამ მუზეუმის სტუმარი არაერთგზის ვყოფილვარ; საამისო საბაბიც მქონდა.

1976 წელს მუზეუმის დასათვალიერებლად წავედით მე და 80-ს გადაცილებული ბებიაჩემი, რომელიც იმხანად თბილისში მყავდა ჩამოყვანილი და პირველი შვილის - უჩას გაზრდაში გვეხმარებოდა მე და თამარს.

ბებიამ არ იცოდა, სად მიმყავდა. როცა ეზოში შევედით, მკითხა, მასპინძელი არ ჩანს და ეს სად მომიყვანე, ვის სახლში ვართო, მე სიტყვა ბანზე ავუგდე და ამასობაში სამზადის წინ მდგარ ოდა სახლს გვერდი ავუარეთ;

ბებია უცებ გაშეშდა... რაღაც გაურკვეველი სიტყვები წამოიძახა, მერე გაოცებისაგან ჯერ - დიდუუ, ეს სად მომიყვანე, შენ შემოგევლოს ბებიაშენი, რას ვიფიქრებდი, თუ მე ამას კიდევ ვნახავდიო და მისი ბაგეებიდან ერთად გადმოიღვარა შეცხადებისა და სიხარულის ერთმანეთში აბურდული ლოცვა-დატირება-მოთქმა. მერე სახლს მიუახლოვდა.... მის კედლებს ხელისგულებით ეფერებოდა და ლამის ადამიანივით კოცნიდა....

დიახ! ეს ის სახლი იყო, სადაცა ( 1914 წელს ) ფაშუ ბებია - ჭანტურიას ქალი, პატარძლის სტატუსით მიიყვანეს და მას მერე მთელმა მისმა ცხოვრებამ (ლუკა ბაბუასთან ერთად) ამ სახლში გაიარა.

აქ გააჩინეს და გაზარდეს შვიდი შვილი - მამაჩემი და 6 ბიძა-მამიდა, რომელთაგან ამჟამად მხოლოდ ერთიღაა ცოცხალი - ციალა მამიდა.

ამ სახლში გაირბინა მთელმა ჩემმა ბავშვობამ სოფელ ახალ ხიბულაში (ხობის რ-ნი).

დღეს კი ჩემი წინაპრების საჯალაბო სახლი, ჩინებულად აღდგენილ-განახლებული, სტუმრებს იღებდა.

შუაცეცხლზე ახლადჩაზელილი ღომი ფშვინავდა და იქვე მაღლა ჩამოკონწიალებული, დასაჭრელად გამზადებული შებოლილი მეგრული სულუგუნი თითქოს ცხელ ღომზე მეპატიჟებოდა.

არ ვიცი, სხვებს რა განცდა ჰქონდათ, მაგრამ მე კი გულმკერდი მითრთოდა და ყელში ბურთად მობჯენილ ზლუქუნს ძლივს ვიკავებდი.

ეტყობა, ამასობაში მეც წლები მომეძალნენ და სიყმაწვილესთან პირისპირ შეყრამ ცოტა არ იყოს წამახდინა.

"ვაჰ დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარდ, წარილტვნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად"... (მოჭარბებული სენტიმენტების გამო მკითხველს ბოდიშს ვუხდი).



 


07.10.2020

ბიაში ეკლესიის კურთხევისა და სკოლის შექმნის შესახებ

 სოფელი ქვემო ბია. შვიდ აპრილს მისის ყოვლადუსამღვდელოესობის გურია-სამეგრელოს ეპისკოპოზის ალექსანდრეს მინდობილობით ხობის მონასტრის არქიმანდრიტმა სიმეონმა გვიკურთხა ახალი ქვის ეკლესია, რომელსაც ჩვენმა მღვდელმა ნესტორ სასანიამ ორასი მანეთი შესწირა. კურთხევას დიდ ძალი ხალხი დაესწრო;

ერთი მხრით გალობდა ხობის მონასტრის კრებული და მეორის მხრით ქვემო ბიის სამრევლო სკოლის მოსწავლეები. მ. ნესტორ სასანიასვე წყალობით იქმნა იქმნა ეს სკოლა ამ სამის წლის წინად აგებული, რომელსაც თავისი 300 მანეთი დაახარჯა და ახლა წიგნთსაცავის დაარსებასაც გვიპირებს; თუ ხელი რამ არ შეუშალა, იმედია, მალე ამ საქმესაც განახორციელებს.

ივერია N121, 1900 წელი.

 დ. ზუგდიდიდან იტყობინებიან, რომ სოფელ ქვემო-ბიაში, ახლო ხანებში დამთავრდა ადგილობრივ ეკკლესიის შენობა, რომელიც ამ დღეებში აკურთხეს კიდეც. ეკლესიის კურთხევის დღეს ადგილობრივმა მღვდელმა ნ. სასანიამ შესწირა ახლად ნაკურთხ ეკლესიას 200 მანეთი, მანვე წინად შესწირა სამრევლო სკოლის გახსნისათვის 300 მანეთი.

„ცნობის ფურცელი“ N1147, 1900 წელი

06.10.2020

ხორგელი მეცნიერი კარლო ლიფონავა

 მეცნიერი კარლო ლიფონავა დაიბადა 1938 წლის 27 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხორგაში. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

გარდაცვალებამდე მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. აქვე, 1967-1970წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი პროფესორ ლ. მარუაშვილის ხელმძღვანელობით. მის საკანდიდატო ნაშრომში წყალსაცავების ქვაბურების განვითარების ზოგადი კანონზომიერებანიც არის გამოვლენილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გამოკვლევები რელიეფის თანამედროვე გამომეტყველების, წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებაზე. მეცნიერის კვლევის ობიექტი იყო, აგრეთვე, თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესები და მათი შედეგები, ვულკანური, გლაციალური და კარსტული რელიეფის შესწავლა. წლების განმავლობაში იგი იკვლევდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის მორფოლოგიასა და დინამიკას, წყალსაცავებში მიმდინარე პროცესებს, კოლხეთის ბარის რელიეფს, კარსტულ სიღრუეებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს. სიცოცხლის ბოლო წელს დაამთავრა უნიკალური შრომა - გეომორფოლოგიური ლექსიკონი". გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემაზე - "საქართველოს წყალსაცავების სანაპირო ზოლისა და ფსკერის რელიეფის ცვალებადობა".

კ. ლიფონავა არის გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის ავტორი. ლექსიკონში მოცემულია 4000–მდე ტერმინი და სპეციალურ ლიტერატურაში არსებული ფორმულირებები, რომლებიც გამოიყენება გეომორფოლოგიურ და გეოლოგიურ მეცნიერებაში.

კარლო ლიფონავა გარდაიცვალა 1992 წელს.

 წყარო: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00015555/

05.10.2020

ალექსანდრე (ალიოშა) წურწუმია

 ალექსანდრე წურწუმია დაიბადა 1917 წლის 20 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ ქარიატაში.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1937 წელს ქალაქ ფოთში, სადაც სხვადასხვა დროს მუშაობდა საქალაქო გაზეთ „მგზნებარე კოლხიდელის“ ინსტრუქტორად, განყოფილების გამგედ, რესპუბლიკის გაზეთ „კომუნისტის“ და „ახალი კოლხიდელის“ ლიტმუშაკად. 1941-1946 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. ა. წურწუმია დაჯილდოებულია მედლებით „კავკასიის დაცვისათვის“ და „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“.


                                      გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" 1997 წელი

ა. წურწუმიამ 1950-1952 წლებში ჯერ რესპუბლიკური პარტიული სკოლა, ხოლო შემდეგ მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა დაამთავრა. 22 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ხობის რაიონის პარტიულ აქტივს, ჯერ როგორც პარტიის ხობის რაიკომის მეორე მდივანი (1952 წლიდან), შემდეგ პირველი მდივანი (1986 წლის დეკემბრიდან). 1974-1980 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის მოადგილედ, 1980-1985 წლებში სამინისტროს პროფკავშირების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ.

1982 წლიდან ა. წურწუმია არჩეული იყო ქალაქ ხობის საპატიო მოქალაქედ, აგრეთვე საქართველოს უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატად, დაჯილდოებულია ორდენებით, მედლებით, საპატიო სიგელებით.

ალექსანდრე წურწუმია გარდაიცვალა 1997 წელს.

02.10.2020

სპორტული ცხოვრების ისტორია ნინოშვილის ქუჩაზე

 სტატიაში გაეცნობით მეტვარ ხურციას მიერ ქალაქ ხობში, ნინოშვილის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის მოწყობის ისტორიას.

„კარგი თაოსნობა“ - ასე ვუწოდეთ წერილს, რომელიც 1976 წლის 21 ივლისს დაიბეჭდა ჩვენს გაზეთში. მასში საუბარი იყო იმ ინიციატივაზე, რომელიც ხობში, ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ფიზკულტურის მასწავლებლის მეტვარ ხურციას ხელმძღვანელობით წამოიწყეს - საკუთარი ძალებით ჭაობიანი ადგილი მოასწორეს და იქ კალათბურთისა და ხელბურთის მოედნები მოაწყვეს.


 ნინოშვილისა და ლენინის ქუჩის ახალგაზრდები (ბადრი ჩიტაია, თემურ დგებუაძე, დათო ქირია, პაატა კობახიძე, გელა ბერაია, მახო ჯოჯუა, ხვიჩა და გოჩა ჯგერენაიები) - "ტყავის ბურთის" პრიზის საქალაქო პირველობის გამარჯვებულები.

მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. წლწულს ხობში სტუმრობისას კვლავ ვინახულეთ ის ადგილი. ბევრი რამ შეცვლილა მას შემდეგ. მოედანი უფრო გაულამაზებიათ, ჩოგბურთის კორტიც მოუწყვიათ და მავთულის ბადით შემოუკავებიათ. ირგვლივ ტანი აუყრიათ ჭადრისა და კოპიტის ხეებს, რომელთა ჩრდილი მოედანს ფარავს.


სპორტული მოედანი ნინოშვილის ქუჩაზე

დღეისათვის აქ სამი სექცია მოქმედებს, - გვეუბნება მ. ხურცია. - კალათბურთის სექციაში 17 ახალგაზრდა მეცადიენობს, ჩოგბურთის კორტზე - 12 მოყვარული ვარჯიშობს. ყველაზე მრავალრიცხოვანია ფეხბურთის სექცია, რომელიც 40-მდე კაცს აერთიანებს.

როგორც გვითხრეს, აქ ხშირად მართავენ ამხანაგურ შეხვედრებს სოფლების ან სხვა უბნების ახალგაზრდებთან. წლეულს კი ხობის რაიონის სპორტკომიტეტის წინადადებით აქ გაიმართა რაიონული პირველობა უბნებს შორის „ტყავის ბურთის“ პრიზზე, სადაც მასპინძლებმა ყველა მეტოქე დაჯაბნეს და პირველობაც დაისაკუთრეს.

აღსანიშნავია, რომ აქ ისწავლეს ფეხბურთის ანბანი მერაბ ალანიამ, ბესიკ ბებიამ და ენუქი თევზაძემ. მერაბი და ბესი დღეს ხობის „კოლხეთის“ ღირსებას იცავენ, ხოლო ე. თევზაძე, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, ამჯამად თბილისის ასკ-ში გამოდის.

კარგი საქმე გაკეთდა ქუჩის მოედნის კეთილმოწყობით. იგი ნინოშვილის, სტალინის, ლენინის, ორჯონიკიძისა და გორკის ქუჩების ახალგაზრდების აღზრდის ერთ-ერთ კერად იქცა. კმაყოფილნი არიან მშობლებიც, რადგან იციან, რომ მათი შვილები უსაქმოდ არ დაეხეტებიან. მოედანი წმინდა სპორტული თვალსაზრისით დიდებსა და პატარებს ერთნაირად იზიდავს. სპორტული შეჯიბრებების საცქერლად თითქმის ყოველ საღამოს 70-80 მაყურებელი იყრის თავს.

უყვართ ნინოშვილელებს თავიანთი სპორტული კომპლექსი. უყვართ და ყოველდღიურად ზრუნავენ მის კეთილმოწყობაზე.

-ბურთებიც და ფორმაც საკუთარი სახსრებით შევიძინეთ, -გვეუბენბა სპორტული კომპლექსის სული და გული მ. ხურცია. ბოლო წლებში კომპლექსის კეთილმოწყობაში ახალგაზრდებს დიდად დაგვეხმარა ადგილობრივი მოსახლეობა. მათი ხელშეწყობით მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს მოედანზე გასახდელის და საშხაპეს მოწყობა...

როცა ნორჩების ჟრიამულით სავსე მოედანს დავშორდით, რაიონული სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ ანზორ სანიკიძემ გვითხრა:

-   ამ კომპლექსის კეთილმოწყობით ნინოშვილელმა ახალგაზრდებმა კარგი საქმე გააკეთეს. მართალია, თავდაპირველად მათ არავინ აუბა მხარი, მაგრამ ამ ბოლო დროს მიმდევრებიც გამოუჩნდნენ.

წყარო: გაზეთი „ლელო“, 1981 წ.

ხობის მონასტერი - 1961 წელი

 ფოტო გადაღებულია 1961 წელს ხობის მონასტერში.



პირველი - გურამ ასათიანი (ფილოსოფოსი); მეხუთე რიგში - ბონდო კარტოზია (ფილოსოფოსი).

წყარო: http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/323007