გვერდები

01.04.2020

დეკანოზი ნიკოლოზ სასანია


ხობელი სასანიების გვარის წარმომადგენლები გამორჩეულნი არიან თავიანთი ღვაწლითა და დამსახურებით. ამ გვარის წარმომადგენლები იყვნენ 1924 წლის აჯანყების მონაწილე (დახვრიტეს), რეპრესირებული სასულიერო პირი, პედაგოგები და ა.შ.   მღვდელმა ნიკოლოზ სასანიამ, 1928 წელს, საქართველოს ეკლესიის უმძიმეს პერიოდში, როცა სასულიერო პირების ერთმა ნაწილმა საკუთარი ნებით გაიხადა ანაფორა, ხოლო, მეორე ნაწილს კი, ძალით გახადეს, მიმართა პატრიარქს ბერად აღმკვეცეთ და ხობის მონასტრის არქიმანდრიტად დამნიშნეთო. მისი ცხოვრების ამ პატარა შტრიხიდან ჩანს თუ როგორი დიდი მოღვაწე იყო დეკანოზი ნიკოლოზი. 
დეკანოზი ნიკოლოზ სასანია

გთავაზობთ დეკანოზ ნიკოლოზ სასანიას ცხოვრების შესახებ მცირე ინფორმაციას.
დეკანოზი ნიკოლოზ თადეოზის ძე სასანია დაიბადა ხობში (ნოჯიხევში), მღვდლის ოჯახში. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1895 წლის 23 აგვისტოს გამოირჩიეს სოხუმის ეპარქიის სოფელ ფოქვეშის სამრევლოს წინამძღვრად. იმავე წლის 23 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 3 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი. 1895 წლის 5 დეკემბერს სოფელ მეორე გუდავას სამრევლოს წინამძღვრად გადაიყვანეს. 1897 წლის 4 დეკემბერს გადადგა მეორე გუდავას ეკლესიის წინამძღვრობიდან. 1898 წლიდან მამა ნიკოლოზი მსახურობს გურია-სამეგრელოს ეპარქიაში.
სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული ნიკოლოზ თადეოზის ძე სასანია გარკვეული პერიოდის განმავლობაში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა და ხობის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა.
 საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაცულია მამა ნიკოლოზის ერთი ფრიად საინტერესო, 1928 წლით დათარიღებული წერილი: 1928 წელს გარდაიცვალა ხობის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი შიო ქვილითაია. მამა ნიკოლოზს გამოუთქვამს სურვილი, ბერად აღკვეცილიყო (გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული უმძიმესი დროება) და თხოვნით მიმართა მაშინდელ კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი), დაენიშნათ ხობის მონასტრის წინამძღვრად არქიმანდრიტის წოდებით, მაგრამ უწმინდესმა ქრისტეფორემ მამა ნიკოლოზს ამ თხოვნაზე უარი განუცხადა, რადგან დიდი იყო საფრთხე უღმერთოთაგან მისი სიცოცხლის ხელყოფისა.
დეკანოზ ნიკოლოზის ცხოვრების შესახებ საინტერესო ცნობას წავაწყდი ხობის N1 საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის ყოფილი გამგის და სამთავროს დედათა მონასტრის მონაზონის ამალია სასანიას მოგონებებში: „მისი ბაბუა მღვდელი ნიკოლოზ სასანია აიძულეს ასულიყო ხობის სამრეკლოს კიბეებზე იმისათვის, რომ ხალხისთვის ექადაგა ღვთის არარსებობის შესახებ, მან კი პირიქით მოუწოდა ხალხს, რა თქმა უნდა მას დაპატიმრება მოუნდომეს, მაგრამ იგი გადაარჩინეს მისმა ბავშვობის მეგობრებმა-ფილომონ და აბო ცხომარიებმა, რომლებმაც მამა ნიკოლოზი სენაკში წაიყვანეს და მატარებლით თბილისში გაამგზავრეს, მამა ნიკოლოზი მოგვიანებით მაინც ვერ გადაურჩა უბედურებას, მისი 23 წლის ვაჟი კლიმენტი სასანია 1924 წლის აჯანყების მონაწილეობისათვის ბოლშევიკებმა გაუსამართლებლად დახვრიტეს (მოგონება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ). 
შემდგომ წლებში მამა ნიკოლოზი სამღვდელო საიდუმლოებებს სახლში აღასრულებდა.
გარდაიცვალა 1943 წელს. დაკრძალულია სოფლის სასაფლაოზე.

წყარო:
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, 5, 2007 წელი
ამალია სასანიას მოგონებები დეკანოზ ნიკოლოზ სასანიაზე
ხობის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგთა შესახებ მონაცემები

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.