გვერდები

22.02.2020

სოფელ ხეთის თეატრის ისტორია

ღირსმნიშვნელოვანი წარსული აქვს სოფელ ხეთის დრამატული წრის გაჩენას. 1919 წლამდე იგი ოფიციალურად არ არსებობდა. მხოლოდ რევოლუციის შემდეგ, 1919 წლის 10 აგვისტოს, ჩამოყალიბდა ნამდვილ და მტკიცე ორგანიზაციად. მანამდე, განსაკუთრებით 1895 წლიდან დაწყებული მისი არსებობა გამოიხატებოდა პრაქტიკულ-შემოქმედებით მუშაობაში. ე.ი. სდგამდა წარმოდგენებს, როგორც ადგილობრივ, ისე სხვა დაბა-სოფლებში.
ძველი რეჟიმის სუსხი ნებას არ აძლევდა ფართედ ეწარმოებინა მუშაობა და მოითხოვდა მისი მოქმედების თავის სურვილთან შეთანხმებას. ამიტომაც ს. ხეთის სცენის მოყვარეებს უხდებოდათ ყოველთვის ეცნობებინათ თავისი განზრახვა მთავრობისთვის. მთავრობა კი ხშირად სრულებით აღუკრძალავდა ხოლმე წარმოდგენას. მაშინ უნდა გენახათ მათი მდგომარეობა!.. ამ დროს ისინი „საკატორღოდ“ გამზადებულებს მოგაგონებდნენ! ხოლო, თუ გამოიჩენდნენ მედგრობას, მაშინ პოლიცია ჭექა-ქუხილით თავს დაატყდებოდა, რათა ვითომ თავხედობისთვის შური ეძია. თვით ერთი ჰუმანიტარეს „პრისტავის“ ბრძანებით ორჯერ ჩაიშალა წარმოდგენა და სანახავად მოსული ხალხი უდიერად იქმნა გარეკილი.
   ამასთან მეორე მიზეზიც იყო: ხალხის მოუმზადებლობა. მაშინ ხალხის დიდ უმრავლესობას სრულებით არავითარი გაგება არ ჰქონდა წარმოდგენისა და ვისაც ჰქონდა, ისიც ბუნდოვანი. ზოგი ამას „ცირკს“ ეძახდა, ზოგი კი ამნაირ ‘ქარაფშუტაობით“ მოთმინებიდან გამოსული გაანჩხლებული „ეშმაკობით“ მოსპობას უქადდა, მაგრამ თავდადებულნი არ უშინდებოდნენ.
   პირველი წარმოდგენა გაიმართა აწ განსვენებულ თ. კობახიძის სახლში. დაიდგა რაფიელ ერისთავის „ძუნწი“. წარმოდგენას დაესწრო 30-40 კაცი, რომელთა უმეტესობას მხოლოდ პარიკები და სახის გამომეტყველების ცვლილება აინტერესებდა.
-         ჰი, რა დიდი ულვაშები ჰქონდა ბატონ ვლადიმერ ნაჭყებიასო. ან რა რიგად იყო ჩაცმული ბ-ნი პ. მეუნარგიაო! გაკვირვებით გაიძახოდა ზოგიერთი დამსწრეთაგანი - უმრავლესობა მაში ხედავდა ფოკუსნიკობას.
   ეხლა იკითხავთ, თუ ვინ იყვნენ ასეთი თავგანწირულნი მოჭირნახულენი? ესენი იყვნენ და არიან : ვლადიმერ ნაჭყებია, პ. მეუნარგია, ყ. კიკიანი, თ. კობახიძე, კაპიტონ კობახიძე, ე. კობახიძე, ს. კობახიძე, ტ. და ნ. ლატარიები, სონია, ნადია და თეოდოსა დავითის ასულნი კობახიძეები და ჩ კობახიძის ასული.
  აი, ესენი იყვნენ პირველი მოციქულები ხელოვნებისა, რომელთაც ხეთაში დაარსეს თეატრი და ხალხში გაავრცელეს მისი მნიშვნელობა. მათ თანდათან შეაგნებინეს და გააცნეს ხალხს თეატრის მნიშვნელობა. ამასთან მუშაობაში ჩაითრიეს და გამოზარდეს მრავალი ახალგაზრდა სცენის მოყვარე, რომლებიც ეხლა იმგვარივე გულწრფელობით მუშაოობენ ადგილობრივი სცენის საკეთილდღეოდ.
ფოტოზე დგანან: მარიამ ნაჭყებია, ლიდა კოდუა, ვლადიმერ ნაჭყებია, პეტრე მეუნარგია, ვარლამ ნაჭყებია, კოლა ბუკია, დოროთე კიტია, აკაკი ნაჭყებია, კაპიტონ გოგუა, პავლე გაბრავა, ალ. საჯაია, ალ. ნაჭყებია, აქაური სცენის დამხმარე და ხელშემწყობი სევერიანე ბუკია და შუაში იოსებ იმედაშვილი.
  ამავე დროს გაჩნდნენ ისეთი პირებიც, რომლებიც არ თამაშობდნენ სცენაზე, მაგრამ აძლევენ  როგორც სულიერ ისე ნივთიერ დახმარებას. ასეთნი არიან თ. ქირია, ი. ლატარია და სევერიანე ბუკია. ამ უკანასკნელმა მიმდინარე წელს 1000 მანეთი შესწირა იმავე წრეს სცენის სასარგებლოდ.
  სამწუხაროდ წრეს არააქვს საკუთარი შენობა თეატრისთვის. ამიტომ უხდება, თუ ასე შეიძლება ითქვას „ექსპრომტად“ წარმოდგენის გამართვა, ხან ადგილობრივი სკოლის დარბაზში ხან კერძო სახლებში, რაც დიდ სიძნელეს წარმოადგენს.
   გასული 1919 წლის მარიამობისთვის 17 გაიმართა კრება აქაურ მოწინავე ინტელიგენციის თანდასწრებით, ამ კრებამ დამსწრეთ დაუსურათა უმწეო მდგომარეობა დრამატული წრის საკუთარ შენობის უქონლობის მხრივ და მიმართა თხოვნით, რათა დახმარებოდნენ, როგორც საკუთარი შენობის, ისე მისთვის საჭირო მიწის შეძენაში. ეხლა თითქმის ყველა მათგანი ადგილობრივი ერობის წევრია და იმედია, პარტიულ კინკლაობაში არ გააქარწყლებენ დაპირებას, ყურადღებას მიაპყრობენ ამ დიადი საქმის-სახალხო სახლის საკუთარ მიწაზე აგებას, რის მოთხოვნილებაც ხალხში დიდია, რასაც ხეთაში დიდი მნიშვნელობა ნაქვს.
ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ N5, 1920 წელი.
   სოფელ ხეთაში 1919 წლის 21 ნოემბერს ადგილობრივ სცენის მოყვარეთა მიერ წარმოდგენილ იქნა დრამატული პიესა ვ. გუნიასი „და-ძმა“ ვლადიმერ ნაჭყებიას თაოსნობით. წარმოდგენა გამართული იყო ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებას“ სასარგებლოდ, რომელზედაც იყო მოწვეული ხსენებული ჟურნალის რედაქტორი იოსებ იმედაშვილი, რომლის ჩამოსვლას დიდი აღტაცებით შეხვდნენ სცენის მოყვარენი, მოეგებნენ მას დოლის დაკვრით ტაშის ცემით. გაეცნო თუ არა ის ყველა ადგილობრივ სცენის მოყვარეებს, მაშინათვე გადაღებულ იქმნა მათი სურათი იმედაშვილის თანდასწრებით. ამის შემდეგ მან დაათვალიერა ადგილობრივი კულტურული დაწესებულებანი, სხვათა შორის, ხეთის უმაღლესი დაწყებითი და ორკლასიანი ნორმალური სასწავლებლები, სადაც ხშირად იმართება წარმოდგენები. ამით იგი დარჩა ძალიან კმაყოფილი. ხალხი ბლომად დაესწრო ამ წარმოდგენას. წარმოდგენის დაწყებამდე მასწავლებელმა დოროთე კიტიამ დამსწრეთ მეგრულად აუხსნა იოსებ იმედაშვილის ვინაობა და დამსახურება. შემდეგ ი. იმედაშვილმა წაიკითხა ლექცია „ცხოვრება და ხელოვნება“ და „ქართველი მეომარი ძველად და ახლად“. ხალხი სამარისებური სიჩუმით უსმენდა... ამის შემდეგ გაიმართა წარმოდგენა, რომელიც დამთავრდა კმასაყოფელად. წარმოდგენის გათავების შემდეგ ამერიკულ აუკციონში გაიუიდა ომედაშვილის ლექსიკონი 800 მანეთად, რომელიც შეინარჩუნა სევერიანე ბუკიამ. ბოლოს გაიმართა ცეკვა-თამაში და ჩვეულებრივი ვახშამი, რომელიც დამთავრდა მშვენივრად. წმინდა შემოსავალი იყო 2560 მანეთი, რომელიც ჩააბარეს იმედაშვილს, მან მადლობა უძღვნა სცენის მოყვარეებს, გამოეთხოვა და გაემგზავრა თბილისს.
 
  სცენის მოყვარეებს არაერთხელ გადაუდგამთ ასეთი ნაბიჯი ამგვარ საქველმოქმედი საქმისთვის, რომელნიც მადლობის ღირსნი არიან, ვუსურვებ მათ წინსვლას და აყვავებას.
   მუნჩიაში, სოფელ ხეთის ერთერთ კუთხეში 1919 წლის 10 აგვისტოს ნ. ნაჭყებიას სახლში საქველმოქმედი მიზნით იდგმებოდა წარმოდგენა. ამ დროს ჭ. და ბ. კობახიძეებს , სანამ წარმოდგენა დაიწყებოდა თავის ძმა-ბიჭებით დუქანში გაუჩაღებიათ მამა-პაპური ქეიფი. როდესაც წარმოდგენა დაიწყო მაშინ ატეხეს სროლა დარბაზის პირდაპირ... ამან ხალხი აღაშფოთა, ატყდა აურზაური, მაგრამ როცა სროლა რომ მიყუჩდა ხალხი დამშვიდდა... სამწუხაროდ დამშვიდება ხანმოკლე იყო , რადგან ისევ შეიქმნა უფრო მკაცრი სროლა და მიუხედავად ყოველგვარი ზომებისა სროლა არ შემწყდარა ღამის 12 საათამდე.
ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ N3, 1920 წელი




Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.