გვერდები

10.02.2020

ხიბულელი მეცნიერები


გთავაზობთ მცირე ბიოგრაფიულ ცნობებს სოფელ ახალ ხიბულაში დაბადებულ მეცნიერებზე, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ლიტერატურათმცოდნეობის, სამართალმცოდნეობის, ალბათობის თეორიის, მათემატიკის და ფიზიკის სწვლებასა და დარგების განვითარებაში.

ელიზბარ ნადარაია დაიბადა 1936 წლის 17 აპრილს ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკამათემატიკის ფაკულტეტი. 1964–1966 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი; 1966–1973 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის . ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი და შემდეგ განყოფილების გამგე; 1973–1978 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილების გამგე; 1978–1986 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის დოცენტი და შემდეგ პროფესორი, ხოლო 1986 წლიდან ამავე კათედრის გამგე. 1964 წლიდან არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, 1981 წლიდან ფიზიკა მათემატიკის დოქტორი, 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის მიმართულების სრული პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2001 წელი). 1990 წელს მიენიჭა ილია ვეკუას სახელობის პრემია. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.


ელიზბარ ნადარაია

ლევან ღვინჯილია დაიბადა 1950 წლის 24 იანვარს, ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში, პედაგოგების ოჯახში.
ლევან ღვინჯილია
1967 წელს წარჩინებით (ოქროს მედლით) დაამთავრა სოფელ ზუბის საშუალო სკოლა. 1972 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე.
1972 წელს წარჩინებით (წითელი დიპლომით) დაამთავრა ხსენებული უნივერსიტეტის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილება და მიენიჭა ფილოლოგ-კავკასიოლოგის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
1972 წელს დაინიშნა ხობის რაიონის სოფელ ახალი ხიბულის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, საიდანაც მალევე გათავისუფლდა დასწრებულ ასპირანტურაში ჩარიცხვის გამო.
1975 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების ასპირანტურის სრული კურსი.
1973-75 წლებში (ასპირანტურის პარალელურად) სწავლობდა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე.
1977 წელს დაინიშნა ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.
1978 წელს ცალკე წიგნად გამოიცა მისი საკვალიფიკაციო მონოგრაფია - „არსებით სახელთა მრავლობითი წარმოება დარგუულსა და ლაკურში“.
1979 წელს დაიცვა დისერტაცია და იმავე წელს გადაიყვანეს ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; ეს თანამდებობა ეკავა 1992 წლამდე, რის შემდეგაც მოუხდა გადასვლა სხვა სამუშაოზე.
1979 წელს დაიწყო თანამშრომლობა საქტელერადიოკომიტეტთან, სადაც მიჰყავდა ყოველთვიური გადაცემა „რა ენა წახდეს“(1982 წლამდე).
1982-1987 წლებში სწავლობდა უცხო ენათა ინსტიტუტში (ფრანგული ენის სპეციალობით).
გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 200-ზე მეტი პუბლიკაციური სტატია. სხვადასხვა ტელეარხების არქივებში დაცულია 100-ზე მეტი სატელევიზიო გამოსვლა და გადაცემა. მარტო ტკ „ობიექტივის“ არქივში ინახება 41 გამოსვლის ჩანაწერი ბოლო რამდენიმე წლისა, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. პერიოდულად კითხულობს საჯარო ლექციებს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
2013 წელს იყო ლიტერატურულ კონკურს „ლექსების გამოფენის“ (ბათუმი) ჟიურის წევრი.
2009 წელს დასრულდა გამომცემლობა „სეზანის“ დიდი პროექტი „ჩვენ და ვეფხისტყაოსანი“ და გამოიცა „ხუთწიგნეული“, რომელშიც შედის „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული ბოლო რედაქცია რუსთაველის ტექსტისა. ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი იყო ლევან ღვინჯილია.
ლევან ღვინჯილიამ 1976 წელს დაარსა ფოლკლორული ანსამბლი „ფაზისი“, 1987 წელს - „ოროველა“, 2002 წელს -  „იმედი“.
  მისი პროექტების საფუძველზე ეწოდა საქართველოს ეროვნულ ვალუტას - „ლარი“, ხოლო ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს - ‘ერისიონი“.
2001 წელს აირჩიეს ხობის საპატიო მოქალაქედ.


მურთაზ კვირკვაია დაიბადა 1973 წლის 17 მარტს ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში.  სწავლობდა ახლი ხიბულის საშუალო სკოლაში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2000 წლიდან არის ეკონომიკურ აკადემიური დოქტორი. მონაწილეობ სხვადასხვა ტრეინინგ და სასწავლო კურსებში, ადგილობრივ და საერთაშორისო ფორუმსა და კონფერენციებში.
მურთაზ კვირკვაია
2004 წელს Friedrich Naumann-ის ფონდის დაფინანსებით გაიარა სპეციალური მომზადების პროგრამა გერმანიაში, კიოლნში მომავალ ლიდერთა მომზადების აკადემიაში.
2009 წელს USAID ის პროგრამის ფარგლებში გაიარა სასწავლო ტური ამერიკის შეერთებულ შტატებში ვისკონსინის უნივერსიტეტში.
 2009-2010 მონაწილეობდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის (ამერიკული საბჭოები JFDP) ლექტორთა გაცვლის პროგრამაში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს პროგრამის წარმატებით დასრულების სერიფიკატები კანზასის უნივერსიტეტიდან, ნებრასკის უნივერსიტეტიდან და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ნებრასკის უნივერსიტეტში დამატებით გაიარა სპეციალური მომზადების კურსები სწავლების დიზაინის თეორიაში და სწავლების მენეჯმენტის სისტემაში. ამავე პეროდში მონაწილეობა მიიღო პროგრამის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ კონფერენციაში და დაიმსახურა სამაგალითო მონაწილის სერთიფიკატი. მონაწილეობდა აგრეთვე, ჩიკაგოში გამართულ კონფერენციაში უმაღლესი განათლების სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. პროგრამის დასრულების შემდეგ ამავე პროგრამიდან მიიღო დაფინანსება დაგროვილი გამოცდილბის საქართელოში გავრცელების მიზნით.
 2012 წელს გაიმარჯვა ისრაელის მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ისრაელში გაიარა MASHAV-ის ცენტრის მიერ ორგანიზებული კურსი რომელიც ეხებოდა რეგიონალური განვითარების საკითხებს.
1996-2004 წლებში მუშაობდა შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად.
 1997 წლიდან მუშაობს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.
 2001-2005 წლებში თანამშრომლობდა კავკასიის აკადემიურ ცენტრთან (CAC).
 2006-2007 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
 2007-2008 წლებში იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
 2008-2009 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
 2007 წლიდან დღემდე არის გრიგოლ რობაქიძის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი.
 2010 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
 სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან მიღებული აქვს გრანტები.
 2002-2013 წლებში იყო რამოდენიმე საერთაშორისო გრანტის ხელმძღვანელი, მენეჯერი და კოორდინატორი.
 კითხულობს ლექციებს საგნებში: ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, ეკონომიკის პრინციპები, მენეჯმენტი.
კვლევის სფეროს წარმოადგენს სოციალური პოლიტიკა, შრომის ბაზარი, ადამიანური რესურსების ეკონომიკა და მენეჯმენტი.
 რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო შრომა, მათ შორის სამი საერთაშორისო რეფერირებად ინგლისურენოვან და ერთი რუსულენოვან ჟურნალში. არის სალექციო კურსების ავტორი და დამხმარე სახელმძღვანელოების თანაავტორი.



ბაჩანა ჯიშკარიანი დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. სწავლობდა ახალი ხიბულის საშუალო სკოლაში. 
ბაჩანა ჯიშკარიანი
2003-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა). მოგვიანებით მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი მიუნხენის უნივერსიტეტში. 2012 წელს, ასევე მიუნხენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, პროფესორ ჰელმუტ ზატცგერის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ევროპული სისხლის სამართლის თემატიკაზე. მიყავდა სალექციო კურსები ამავე უნივერსიტეტში გერმანული სისხლის სამართლისა და საჯარო სამართლის მიმართულებით სამუშაო ჯგუფების ფორმატში. მუშაობდა იურიდიულ კომპანია Becker Büttner Held-ში მეცნიერ - თანამშრომლად.
  2013 წლიდან ბაჩანა ჯიშკარიანი არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2017 წლიდან, სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასევე კითხულობს ლექციებს ქართულ და გერმანულ ენებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
  გამოქვეყნებული აქვს სტატიები და მონოგრაფიები ქართული, გერმანული, საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის თემატიკაზე. ბაჩანა ჯიშკარიანს მოპოვებული აქვს რამდენიმე სასწავლო თუ კვლევითი სტიპენდია, მათ შორის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, მაქს-პლანკის საზოგადოების, ფოლკსვაგენისა და ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის ფონდის. გაკეთებული აქვს სამეცნიერო მოხსენებები კიოლნის, მიუნხენის, იენისა და რეგენსბურგის უნივერსიტეტებში, ასევე მაქს-პლანკის საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში, ფრაიბურგი.


ჟუჟუნა კემულარია დაიბადა 1928 წელს ხობის რაიონის სოფელ ზუბში. 1947-1951 წლებში სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი, ქიმიის ამოცანათა კრებულის ავტორი და სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი.
ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში 20 წლის განმავლობაში. არის ავტორი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის „ქიმიის სწავლების თავისებურებანი საქართველოს სოფლის სკოლებში“. ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის ქიმიის მასწავლებელთა კონფერენციებს. ჟ. კემულარიას მიერ ყოველწლიურად შესრულებული კვლევითი თემები ინერგებოდა თბილისის მოწინავე სკოლებში.
1951 წლიდან 1970 წლამდე მუშაობდა ხობის რაიონის სოფელ ზუბის საშუალო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ.
ინსტიტუტიდან დაბრუნების შემდეგ, დირექციისა და სკოლის მასწავლებელთა თხოვნით, 1994 წელს ისევ დაუბრუნდა სკოლას და კიდევ 5 წელი ემსახურა თავის საყვარელ საქმიანობას.
  
ცირა ღვინჯილია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. დაამთავრა სოფელ ზუბის საშუალო სკოლა. 
ცირა ღვინჯილია
სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ზუსტ და საბუნებისმეტყველო დისციპლინათა დეპარტამენტის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე.
 2019 წლის 19 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:   სამეცნიერო კვლევების ურთიერთგავლენებისა, მეცნიერთა მომზადებისა და უნივერსიტეტე-ბის კონკურენციის პროცესების მათემატიკური მოდელირება“.

ადამ ჯიშკარიანი
ცნობილი მათემატიკოსი ადამ ჯიშკარიანი დაიბადა 1930 წლის 22 იანვარს, ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. 
ადამ ჯიშკარიანი
ახალი ხიბულის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, მაგრამ ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა სწავლა დროებით შეეწყვიტა. ა. ჯიშკარიანმა 1956 წელს დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, იმავე წელს იგი გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურის ასპირანტი, გამოთვლითი მათემატიკის სპეციალობით. ასპირანტურაზე სასწავლებლად ის გააგზავნეს ვ. სტეკლოვის მათემატიკური ინსტიტუტის ლენინგრადის ფილიალში. იქ ის ესწრებოდა გამოჩენილი რუსი მათემატიკოსების ვ. პ. ილინის, ს. გ. მიხლინის, ლ. ვ. კანტორივიჩის, ვ. ნ. ფადეევის ლექციებს და მონაწილეობდა სამეცნიერო სემინარებზე მუშაობაში.
1959 წლიდან გარდაცვალებამდე ა. ჯიშკარიანი მუშაობდა ა. რაზმაძის მათემატიკურ ინსტიტუტში, ზედიზედ იკავებდა უმცროსი, უფროსი და წამყვანი მკვლევარის თანამდებობებს.
1982 წლიდან ხელმძღვანელობდა სამეცნიერო სემინარს გამოთვლითი მათემატიკის შესახებ. 1987 წლიდან იყო გამოთვლითი მათემატიკის სექტორის ხელმძღვანელი.
ა. ჯიშკარიანმა დაიცვა  საკანდიდატო დისერტაცია 1961 წელს, ხოლო 1985 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. ის არის მრავალი კვლევითი ნაშრომის ავტორი.
 ა. ჯიშკარიანის ინტერესების სფერო მოიცავდა ელიფსური საზღვრის მნიშვნელობის პრობლემების მიახლოებითი გადაწყვეტის საკითხებს და ინტეგრალური განტოლებების კლასებს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ის ლექციებს უტარებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მათემატიკის ზოგად და სპეციალურ კურსებზე,  იყო მათემატიკური მიმოხილვების რეცენზენტი, მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.
ნიჭიერი და ღრმად ერუდირებული პიროვნება, პრინციპული და ჭეშმარიტი ინტელექტის ადამიანი, იგი იყო მიუკერძოებელი და კრიტიკულად მოაზროვნე, ცხოვრების რეალურად შეფასებისას.
ა. ჯიშკარიანს ახასიათებდა ზომიერება, პასუხისმგებლობა და ყურადღება თანამემამულეთა მიმართ. იგი გამორჩეული იყო მეცნიერებისადმი ერთგულებით, შემოქმედებითი ენერგიით, შესაშური შრომისმოყვარეობით.
ა. ჯიშკარიანის ცხოვრების კურსი შეიძლება ხასიათდებოდეს როგორც ბრძოლა, დაძლევა, სწრაფვა. გამბედავი და მხიარული, ის ყოველთვის მზად იყო დახმარებოდა სხვებს პრობლემების დაძლევაში, ის ყოველთვის სიამოვნებას იღებდა  სხვების წარმატებით. მისი სიმტკიცე დაეხმარა მის გარშემო მყოფებს უმძიმეს წლებში გადარჩენაში. თავად ქველმოქმედი იყო, კოლეგებისგან ღრმა სიყვარულს და პატივისცემას გრძნობდა და ამას აფასებდა, როგორც  საუკეთესო ჯილდოს.
ადამ ჯიშკარიანი გარდაიცვალა 2005 წლის 24 აპრილს.

   კონსტანტინე კემულარია დაიბადა 1954 წლის 20 მარტს ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში.
კონსტანტინე კემულარია
ზუბის საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1975 წელს. 1979-1980 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1980 წელს ჩაირიცხა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში (ქ. მოსკოვი). 1980-1983წწ. იყო ამავე ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. 1983-1987წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ანალოგია სისხლის სამართლის პროცესში".

გამოქვეყნებული აქვს 19 მეცნიერული ნაშრომი და 100-ზე მეტი პუბლიცისტური ნარკვევი.


გიორგი გიორგის ძე ღვინჯილია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. 
გიორგი ღვინჯილია
ზუბის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ პედაგოგად მუშაობდა ზუბის საშუალო სკოლაში. 2004 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. არის პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი. ასევე სამეცნიერო ნაშრომების ავტორი ფეხბურთისა და ფიზიკური მედიცინის სფეროში.

სამეცნიერო ხარისხი ასევე გააჩნიათ ახალ ხიბულაში დაბადებულ შემდეგ პირებს:
ზურაბ კვირკვაიას (სამართალმცოდე), ლირა გაბუნიას (ფილოლოგი), მურად ნარსიას (ფინანსისტი), კონსტანტინე ლაშხიას (ფიზიკა-მათემატიკოსი), ლეონიდე ჯიშკარიანს (მათემატიკოსი) და ბეჟან ნადარაიას (გეოგრაფი).
აღნიშნული პირთა ბიოგრაფიული მონაცემები დაზუსტდება და ხიბულელი პროფესორების შესახებ მასალას ჩაემატება.







Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.