გვერდები

05.11.2019

ეთნოგრაფიული ჩანაწერები - XIX საუკუნის ხობი ნაწილი მეხუთე (მესაქონლეობა)


1935 წელს, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (სოფელში), მათ შორის ხობის რაიონის სოფლებში შეიკრიბა ეთნოგრაფიული მასალა.
მთხრობელი: ალექსი ბერუკიას ძე ბუკია, 81 წლის (სოფელი წინაგოლა)
მთიან ადგილებში ვაშენებდით ცხვარს და თხას, ბარში კი ძროხას და კამეჩს.
კამეჩს წლოვანებისა და სქესის მიხედვით ეწოდებოდა: დედალს - ერთი წლისას - ზოკი (ზაქი), ორი წლისას - ბზანგი, სამი წლისას - კამეჩი, ოთხი წლისას - კამეჩი; მამალს - ერთი წლისას - ზოკი, ორი წლისას - ზოკი, სამი წლისას - მაშაყარალი, ოთხი წლისას - მეჟარნეჩე.
სამი წლის კამეჩი უკვე მუშა კამეჩი იყო და ვუწოდებდით მაშაყარალას, ე.ი. მოსავლის შემგროვებელს. ოთხი წლის კამეჩს მეჟარნეჩეს ვუწოდებდით, რადგანაც მას 40 ფუთის გადატანა შეეძლო. ჟარნიჩი ნიშნავს ორმოცს.
კამეჩი ტყეში გვყავდა. იქ ვუკეთებდით სადგომს, რომელსაც ობატეს ვეძახდით. ბატი მეგრულად კამეჩია. ზაფხულში კი უფრო ჭაობიან ადგილებში გვყავდა, სადაც მას შეეძლო ტალახში ჩაწოლა. კამეჩს ტყეში ტურა ვერ ავნებდა. ზამთრობით ტყეში კამეჩი სჭამდა ხავსს, სუროს და ბარცხილს. ზაფხულობით სძოვდა მავატიას, ხაიას, შქიშქილს, კოჭორს და სხვა ბალახს.
მაფატიას ფეტვის მსგავსი ფოთლები აქვს. იზრდება რვა ვერშოკის სიმაღლის და მერე მოეფინება მიწაზე.
ხაია ისლის მსგავსი მცენარეა, მისი ღერო ორად ტოტიანდება.
შქიშქილა ნიორის მსგავსი მცენარეა.
კოჭორი ცოცხის მსგავსი მცენარეა, წვრილ-წვრილი ფოთლები აქვს, იზრდება ნახევარი არშინის სიმაღლეზე.
 მთხრობელი შამშე გოგის ძე ლატარია, 80 წლის, (თორსადღვაბა)

ჩვენ გვყავდა ძროხა, კამეჩი და ცხენი. საქონლისათვის სადგომი არ გვქონდა. ჩვენ კარავში ვცხოვრობდით და საქონელიც იქვე გვყავდა. ზამთარი მკაცრი არ იყო.
ძროხის წლოვანების მიხედვით ეწოდებოდა: ერთი წლისას - გინი ფუჯი, ორი წლისას - ფუჯი ქაბლა, სამი წლისას - ჯაკელი, ოთხი წლისას - ჩხოუ. ხარს წლოვანების მიხედვით ეწოდებოდა: ერთი წლისას - ხოჯი გინი, ორი წლისას - ხოჯი ქაბლა, სამი წლისას - მოზვერი, ოთხი წლისას - ხოჯი. კამეჩს სქესისა და წლოვანების მიხედვით ეწოდებოდა: დედალს - ერთი წლისას-ბატი, ორი წლისას - ზაქი, სამი წლისას - ჯაკელი კამეჩი, ოთხი წლისას - კამეჩი, ოთხი წლისას - კამეჩი. მამალს: - ერთი წლისას - ხოჯი ბატი, ორი წლისას - ხოჯი ზაქი.

მთხრობელი მირონ გოჯას ძე კუტალია, 88 წ. (სოფ. ლარჩვაზენი, ხობის რაიონი)
  ჩვენში ცხენი თითქმის ყველას ჰყავდა. ცხენისათვის ცალკე სადგომი არა გვქონდა, ვაბინავებდით იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით.
  ცხენს სქეს-წლოვანების მიხედვით ვუწოდბდით: მამალს ერთი წლისას - ფაშატს, ორი წლისას - ომარკინდაშს, სამი წლისას - ონჭყაშს, ოთხი წლისას - ვარყას; დედალს ერთი წლიდან - ოთხი წლის ჩათვლით - ფაშატს. გაუხედნავ ცხენს ვეძახით ურეკს.
   ცხენის უკანა ფეხებს ვეძახით ჩუბას, წინა ფეხებს - აბხას, წინა ბარკალს - კვინჭიხეს, წინა წვივებს - წირღვს, წინა კოჭს - კონჭის, წინა ჩლიქებს - ჩორქოს.
მთხრობელი დათა ბასას ძე ლატარია, 100 წ. (სოფ. გურიფული პირველი, ხობის რაიონი).
  ჩვენს რაიონში ცხენი ბევრი ჰყავდათ. აშენებდნენ სხვადასხვა ჯიშის ცხენს: ტაიჭი, მერანი, მეგრული, ჩერქეზული, ყარაჩის და ოსური.
  ტაიჭი მაღალი, გრძელთავიანი, წითელი და შავი ფერის ცხენი იყო; სიარული არ იცოდა კარგი. ცოცხლობდა თხუთმეტ წელიწადს. ეს ჯიში ჰყავდა თავად-აზნაურობას. მუსა ცხენი არ იყო, გამოსადეგი იყო მხოლოდ დასაჯდომად. ლაფშური სიარული იცოდა, ე.ი. ნაბიჯით სიარული.
  მერანი ძალიან ლამაზი, საშუალო ტანის ცხენი იყო. თოხარიკი სიარული იცოდა. გამოსადეგი იყო დოღისათვის. ეს ჯიში მდედრებს ჰყავდათ. მერანი და ტაიჭი განსაკუთრებულ ბინაში ჰყავდათ და განსაკუთრებულად უვლიდნენ.
წყარო: მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისთვის, ტ. II (1979 წ.) ტ. IV (1986 წ.).

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.