გვერდები

10.09.2019

დავით ჩიქოვანი - აღმოსავლეთის ეკლესიის კრებათა ისტორია IV-V საუკუნეებში



2019 წელს გამოიცა ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრის, ახალგაზრდა მეცნიერის დავით ჩიქოვანის წიგნი: აღმოსავლეთის ეკლესიის კრებათა ისტორია IV-V საუკუნეებში (კრებათა აქტები და სხვა მასალები).
ქრისტიანული სახელმწიფოები ძირითადად დასავლეთში არიან განლაგებულნი, მაგრამ ყველასათვის ცნობილია, რომ ქრისტიანობა აღმოსავლეთში დაიბადა და შემდეგ გავრცელებული დასავლეთში. ქრისტიანული თემი ირანის ტერიტორიაზე ადრეულ პერიოდში ჩნდება და განიცდის ისეთივე დევნას, როგორც ეს ხდებოდა მთელს რომის ტერიტორიაზე.

ირანის ეკლესია დიდი ხანია წარმოადგენს ევროპისა და ამერიკის ეკლესიის მკვლევართა შესწავლის ობიექტს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის ეს თემა მეტად აქტუალური უნდა ყოფილიყო, რადგანაც, როგორც გვიან ანტიკურ ხანაში, ასევე შუა საუკუნეების გარკვეულ პერიოდში ქართული სახელმწიფო მნიშვნელოვან გავლენას განიცდიდა ირანის სახელმწიფოს მხრიდან, სადაც მდებარეობდა აღმოსავლეთის ეკლესიის ცენტრი და რასაკვირველია, ასეთ პირობებში შეუძლებლად გვეჩვენება, რომ მეტროპოლიის ცენტრში არსებულ ეკლესიას არ ჰქონდა გარკვეული მიმართება ქართლის მსგავს ინსტიტუტთან. ამდენად აღმოსავლეთის ეკლესიის შესწავლა ჩვენი წარსულის მკვლევართა თვალსაწიერის გასაფართოებლად მეტად მნიშვნელოვანია.
ეს წიგნი პირველია ქართულ ისტორიოგრაფიაში, რომელიც ისახავს შეისწავლოს აღმოსავლეთის ეკლესია, სხვა შემთხვევაში მის შესახებ მხოლოდ მიმობნეულ ცნობებს ვხვდებით სამეცნიერო სტატიებსა და მონოგრაფიებში. ავტორის მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთის ეკლესიის ისტორიის შესასწავლად მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროების გამოცემა ქართულ ენაზე. ეს წყაროები - აღმოსავლეთის ეკლესიის V საუკუნის კრებების აქტები წარმოადგენენ პირველწყაროს ამ საკითხის შესასწავლად.
ნაშრომი საქართველოს პოლოტიკური ისტორიისა და ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის არის დიდი საჩუქარი. რადგანაც ავტორს პირველად შემოაქვს სრულიად ახალი წყაროები სამეცნიერო ბრუნვაში. ავტორის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან მოგვცა არა მხოლოდ თარგმანი აღმოსავლეთის ეკლესიის კრების აქტებისა, არამედ ასევე შემოაქვს სამეცნიერო მიმოქცევაში სხვა ახალი საისტორიო წყაროები იმავე ეპოქიდან აღმოსავლეთის ეკლესიის ისტორიის შესახებ.
როგორც ავტორის მიერ დასახული მიზნიდან ჩანს, ეს ნაშრომი დიდად შრომატევადი სამუშაოების ჩატარებას მოითხოვდა. უპირველესად ეს არის წყაროს ტექსტის მოძიება და მისი შედარება სხვადასხვა დროის თარგმანებთან, ასევე საკმაოდ მძიმე სამუშაოს წარმოადგენდა საკუთარი სახელებისა და ტერმინების დადგენა. რადგანაც ეს ნაშრომი წარმოადგენს პირველ მცდელობას ამ ტექსტების შესწავლისა და გამოცემისა, საკითხის სირთულის გამო, ავტორი მოკრძალებით გამოთქვამს თავის მოსაზრებებს მეტად მნიშვნელოვან პრობლემებზე და ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი შემდეგშიც აუცილებლად გახდება უფრო ფართო კვლევის ობიექტი.
გარდა წყაროს ასეთი სახით გამოცემისა, რომელიც შემდეგში მნიშვნელოვანი დოკუმენტი გახდება ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის, განსაკუთრებით საინტერესოა ავტორის მოსაზრებები და მითითებები ირანისა და ქართლის ეკლესიათა ურთიერთმიმართებისა და დამოკიდებულების შესახებ.
წინამდებარე ნაშრომი, ჩემი აზრით, არის ავტორის თავდაუზოგავი შრომის შედეგი. ეს არის პირველი მცდელობა ჩვენს სინამდვილეში აღმოსავლეთის ეკლესიის მონოგრაფიული შესწავლისა, ავტორი დასახელებული წყაროს უცხოელი გამომცემლების მსგავსად, სქოლიოში იძლევა როგორც ტექსტის მეტად საინტერესო განმარტებებს, ასევე ცდილობს გამოთქვას თავისი მოსაზრებებიც ამ ეპოქის გარკვეულ საკითხებზე. ეს წიგნი ნამდვილად გახდება ბიძგის მიმცემი, რათა მომავალში უფრო მეტი მკვლევარი დაინტერესდეს აღმოსავლეთის ეკლესიის ისტორიით და უდავოდ დიდ სამსახურს გაუწევს შუა საუკუნეების მკვლევარებს და ასევე ზოგადად ეკლესიის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველებს (წიგნის წინასიტყვაობა. ავტორი: პროფესორი, ბეჟან ჯავახია).

ავტორის შესახებ
დავით ჩიქოვანი დაიბადა 1993 წლის 23 ივლისს, ხობის რაიონში. 2011 წელს დაამთავრა ნოჯიხევის საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ისტორიის მიმართულებით, რომელიც დაამთავრა 2015 წელს. იმავე წელს ჩააბარა ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტზე (მაგისტრატურა) საქართველოს ისტორის სპეციალობით.
2016 წელს ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, შუა საუკუნეების კვლევების მიმართულებით, რომელიც დაამთავრა 2018 წელს.
მუშაობს ადრექრისტიანული ხანის საქართველოს პოლიტიკურ და ეკლესიის ისტორიაზე, ასევე სასანიანთა სპარსეთის და აღმოსავლეთის ეკლესიის ისტორიაზე.

     პუბლიკაციები
სტატიები - „დისწული მუჰმად ცუდ სახელისა მოციქულისა“ და წყაროები დავით და კონსტანტინეს წამების შესახებ. ქართული წყაროთმცოდნეობა, XIX/XX, 2017/2018, გვ. 244-245.
„აღმოსავლეთისა და ქართლის ეკლესიების ანტიოქიის საყდარზე დამოკიდებულების თეზისის არამართებულების შესახებ“. II საერთაშორისო კონფერენცია საქართველო - ბიზანტია - ქრისტიანული აღმოსავლეთი, მოხსენებათა თეზისები. თბილისი, 2019. გვ. 80-82.
მონოგრაფია - აღმოსავლეთის ეკლესიის კრებათა ისტორია  IV-V საუკუნეებში (დოკუმენტები და სხვა მასალები), რედაქტორი ბეჟან ჯავახია. თბილისი, 2019, 202 გვ.   


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.