გვერდები

13.09.2019

“მალანურობის“ შესახებ მწერლების: შალვა დადიანის, პოლიო აბრამიას და ჯაჯუ ჯორჯიკიას ჩანაწერები


მწერალ შალვა დადიანის მიერ 1938 წელს მოწოდებული ცნობით: „ხობთან სოფელ ბიაში ახლაც არიან მომსწრენი, რომელთაც ახსოვთ, იციან მალანურობა და ამ სანახაობაში მონაწილეობაც კი მიუღიათ. თამაშობდნენ შემდეგნაირად: ერთ მხარეზე ზის მოთამაშე, რომელიც დადიას თამაშობს, მეორე მხარეზე - მეფე, ორთავე ვეზირებით. დადიანი გაგზავნის ვეზირს მეფესთან: ვინ ხარო, ან რა გინდა ჩემს სამფლობელოშიო. მეფე უპასუხებს: დადიანმა ძაღლი მომპარა და მის დასაბრუნებლად მოვედიო. - სტყუისო, - ამბობს დადიანი, - მაგან კაცები უნდა მომტაცოს და გაყიდოსო. საერთოდ მოციქული ვეზირები თავისი ენამახვილობით ამასხარავებენ, ათრევენ მეფესა და დადიანს.

„მალანურობის“ რიტუალით დაინტერესებული ყოფილა ილია ჭავჭავაძე. ილიას ჯაჯუ ჯორჯიკიასთვის დაუვალებია ჩასულიყო სოფელ ბიაში, ენახა თუ როგორ მალანურობდნენ ადგილობრივები და მოემზადებინა საგაზეთო მასალა „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად. ჯ. ჯორჯიკიას მოუმზადებია მასალა და გაუგზავნია „ივერიის“ რედაქციაში.
ალანურობა (სოფელ ბია, სამეგრელო, ხობის მახლობლად). „საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, როცა ერთმა მოხუცმა საყვირს ხელი დაავლო და ამ მაღალი გორაკიდან მძლავრად გადასძახა. მან ამით ამცნო სუყველას, რომ ალანურობა იწყებოდა, გაისმა ქალ-ვაჟთა სიმღერა, თან მოჰყვა ნაზი, ტრფობით სავსე, მეგრული ქალების ცეკვა. შემდეგ დაიწყეს „ალანურების“ არჩევა. ალანური უნდა იყოს ახალგაზრდა, უცოლო ყმაწვილი, რომელსაც წლის განმავლობაში სოფელ ბიის საყდრისათვის  „ალნურობა“ აღუთქვამს. საჭიროა თორმეტი „ალანური“. ექვსი იმერეთის მეფისთვის და ექვსი კი სამეგრელოს მთავრისათვის. ნახევარი საათის შემდეგ „ალანურები“ არჩეულ იქნენ და შუბლზე თეთრი ტილო შემოაკრეს, მხოლოდ მეფედ და მთავრად ორი, სოფელში ენაწყლიანობით ცნობილნი, მოხუცი აირჩიეს, მერმე მეფე და თავადი შეერთდნენ. წინ მოხუცი გაუძღვა თეთრში გამოწყობილი; ორს საყვირი ეჭირა: მოხუცი წელში გაიმართა და ქართულად დაიძახა: 
-                 აის გაის!
-                 თორმეტი ალანური და საზოგადოება
-                 აის გაის! აის გაის!
მერმე გაისმის საყვიტის ხმა
-                 აის გაის!
-                 აის გაის!
ეს განმეორდა, სანამდე საყდარს სამჯერ არ შემოუარეს. მერმე გაჩერდნენ საყდრის წინ და აქაც წინამძღვრის ლოტბარობით რაღაც სიმღერა გააბეს, მერე წელში გაიმართნენ და ჯოხები ჯოხებს დაახალეს, შემდეგ სამეგრელოს მთავარმა თავის ამალით საყდრის ახლოს დაიჭირა ადგილი. ხოლო მეფემ, იქვე მდგომ ცაცხვის ძირს მოიკალათა. საზოგადოება ორად გაიყო და მეფითა და შუა ფართე ადგილი დასტოვა, რომ „მოციქულებს“ თავისუფალი გზა მისცეს. მოციქულებად ხუთი კაცი ოყო და გააბეს ენის მიტან-მოტანა.
სამეგრელოს მთავარმა ცაცხვისაკენ გაიხედა და იკითხა:
-ვინ არის აქ ცაცხვის ძირს, ყორნის თავის ოდენა მოჩანს?
-იმერეთის მეფეაო - მოახსენეს მოციქულებმა.
მთავარი - იმერეთის მეფეო? მიკვირს მისის საქციელი, როგორ მოხდა, რომ სამეგრელოში შემოსულა და მის მთავრისათვის კი არ უცნობებიაო? ჰკითხეთ მიზეზი ასეთი ურჩობისა! - ბრძანა მთავარმა.
მოციქულები მოწიწებით გაემართნენ მეფესთან, რომელიც ამ დროს თავის ამალასთან გაცხარებით საუბრობდა. მთავრის სიტყვა მეფეს გადასცეს. ხალხი, რომელიც იმერეთის მეფისკენ იყო, სიცილს ვერ იკავებდა.
- მე ვარ მეფე იმერეთისა და მფლობელი საქართველოსი დასავლეთით და აღმოსავლეთითაც. სამეგრელოს. მთავარი ჩემი „ვასალია“ არა ბატონი. ამისათვის გადაეცით მას ჩემი გულის წყრომა და გააფრთხილეთ, რომ არ განმარისხოს, თორემ გლახა საქმე მოელისო.
მოციქულებმა ეს სიტყვები მთავარს რომ გადასცეს, გაისმა სიცილი მთავართან მოგროვილი ხალხისა. მთავარი გაოცდა და ბრძანა:
-    იმერეთის მეფე ეხლა ლეჩხუმში მეგულებოდა და ის კი სამეგრელოში შემოჭრილა; მართალია, სამეგრელო მდიდარია ავლა-დიდებით, ხოლო იმერეთი - ღარიბი; თუ სურსათი შემოკლებია, შემომითვალოს და ამდენ დიდებას უწყალობებ, რომ მისმა ამალამ ვერც კი „გადაათრიოსო“ და თუ სხვანაირად მოსულა აქ, მაშინ ეს უფლების შეურაცხყოფაა და ძვირად დაუსვამ მეფეს „ასეთ თავის აგდებისაო“
-       მეფეს რომ ეს მოახსენეს, განრისხდა და შემოუთვალა:
უთხარით რომ იმერეთის მეფე არც დახმარებას საჭიროებს და არც სამეგრელოში მოსვლისათვის ნებართვას; მან კეთილ ინება აქ მობრძანება, დაჰყოფს მცირე ხანს და თავისის ნებითვე იმერეთში გაემართებაო.
მოციქულებმა რომ ეს სამეგრელოს მთავარს მოახსენეს, ფეხზე წამოიჭრა და მიუგო:
თავი აუგდია იმერეთის მეფეს, ასეთი მეტიჩრობისათვის. ეხლავე უთხარით აქედან გაბრძანდნენ, თორემ შავ დღეს დავაყენებო!
მეფემ შეუთვალა:
თუ მართლა მათქმევინებთ. სამეგრელოს მთავარი მე ძაღლების მწვრთნელად მყავდაო, ეხლა კი დახე როგორ გაამაყებულა! უთხარით მაგ ჩემ მწევრების აღმზრდელს, რომ სიტყვა ასწონ-დასწონოს, თორემ გლახა დღეს დავაყენებ... საყრდრის კარებთან რომ დამდგარა იმას ჯობია შიგ შევიდეს, გასწმინდოს, გაასპეტაკოს და ჩემ მისაღებად ამალა დაამზადოს, თორემ დაბადების დღეს ვაწყევლინებ.
მოციქულებმა დიდის მორიდებით, მეფის სიტყვები მთავარს გადასცეს.
მთავარმა იოხუნჯა:
„დიახ მეფე მართალია, მე სამეგრელოში ძაღლებსაც კი ვწვრთვნი, იმერეთში კი მეფეც არ ყოფილა გაზრდილიო“...
მოახსენეს მეფეს თუარა ეს წამოიჭრა და დაიძახა: „აბა, ბიჭებო, თქვენ იცითო!“
სამეგრელოს მთავარმაც სწრაფლ მიატოვა ადგილი და მეფისკენ გაექანა.
ერთის შეხედვით ეს ჩვეულება უფრო თამაშს წააგავს, მაგრამ ამ წუთში მეფეთა შორის მდგომარეობამ უკიდურეს ტრაგიზმამდე მიაღწია. მეფეების ამალა „მალანურები’ ისე აენთნენ, რომ მზად იყვნენ ერთმანეთი დაეგლიჯათ, მაგრამ ზოგიერთ პირებმა ჩააგონეს - შეჩერდით, თავი შეიკავეთო...
განრისხებულმა მეფემ მიუგო წინაშე მდგომ მთავარსა:
ჩხუბისა და სისხლის დაღვრას დავეთხოვოთ, ისა სჯობია ხვალ ჩვენი ამალა შევაბრძოლოთ და ვინც დასძლევს, ის იქნება გამარჯვებული და მართალიცაო.
მთავარი დათანხმდა და მალანურები ერთმანეთს შეურიგდნენ.
21 აგვისტოს ბრძოლით უნდა დათავებულიყო. ჩვენდა სამწუხაროდ 21 აგვისტოს ჩვენ იქ მისვლა არ მოგვიხდა, მხოლოდ როგორც გადმოგვცეს, მეორე დღეს საყდრის გზა შემდეგ სცენას წარმოადგენს:
აიღებენ ვეებერთელა ჯოხს და გარშემო ტილოს შემოახვევენ. მერმე გაუშვებენ ერთ მხრივ დადიანის ამალას და მეორეს მხრივ მეფისა. და ის მხარე, რომელიც მეორე მხარეს დანიშნულ წრეზე გადაიტანს და ამასთან ჯოხსაც ხელიდან გამოსტაცებს, გამარჯვებული შეიქმნება. ბრძოლის შემდეგ „მალანურები“ ჯოხს საყდრის სართულისკენ გადაისვრიან.
29 აგვისტოს „მალანურები“ სოფლებში სალოცავად დაიარებიან.
ამ ჩვეულებას საერო-საეკლესიო ელფერი აქვს. მეფე და მთავარი შეიძლება საგაისოდ წლევანდელი დარჩნენ, „მალანურები“ კი ახალი იქნებიან. მეფისა და მთავრის შორის დიალოგი ყოველწლივ შინაარსით იცვლება, ფორმა კი იგივე რჩება.
მწერალ პოლიო აბრამიას, ეს ცნობა ფოთში 43 წლის ვარლამ თოდუასაგან ჩაუწერია 1934 წელს.
     ეკლესიის გარშემო უვლის ხალხი. ამ ხალხს წინ უძღვის 12 რჩეული ვაჟკაცი. მათი ტანსაცმელია: წითელი ახალუხები, შალვარში ცატენებული. თავი - წაკრული ყაბალახებით. ფეხზე - უძიროები მესტებში. ჩვეულებრივი ტანსაცმელით ჩოხა-ახალოხში, ნელა იწყებენ:
     დ ა მ წ ყ ე ბ ი: ვოისა...
     ხ ა ლ ხ ი: გაისა...
 შეძახილები ნელნელა ჩქარ ტემპში გადადის და სიმღერად იქცევა. სამჯერ ამ სიმრერით შემოუვლიან ეკლესიას. შემდეგ გააღებენ ეკლესიის კარს და მალანურებს დაამწყვდევენ ეკლესიაში. დაადებენ ბოქლომს.
  ხალხი იყოფა ერთი მეორის მოპირდაპირედ ორ  ჯგუფად. ერთ მხარეზეზე არიან დადიანის მომხრეები, მეორე მხარეზე - მეფისა. შუაზე , მიწაზე გადებენ გრძელ ჯოხს. გაუშვებენ მალანურებს. მალანურები ექვსი კაცი დადიასია, ექვსი კაცი მეფისა, ვინც დაძლევს ის არის გამარჯვებული“.
  ,,მალანურობა“ ჩვენ შემთხვევით არ შეგვიტანია ყეენობის სანახაობათა ციკლში. მალანურობის მსგავსი სანახაობა ქიზიყშიც აღმოჩნდა და იქ მას ყეენობას უწოდებენ.

წყარო: დ. ჯანელიძე, ქართული თეატრის ისტორია. 1983 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.