გვერდები

06.01.2014

ჩემს სოფელში (ახალი ხიბულა) არსებული მიცვალებულის დატირების წეს-ჩვეულებანი

მიცვალებულის დატირების (გასვენების) ცერემონიალი (ონგარუ) თეატრალური სანახაობისათვის დამახასიათებელი ნიშნებით ხასიათდება. სადაც ყველას თავისი როლი აქვს და ერთიანი წეს-ჩვეულებებით განსაზღვრულ კანონზომიერებას ექვემდებარება.

ამ წერილში მინდა გესაუბროთ სოფელ ახალ ხიბულაში დაცული (არსებული) ტრადიციების მიხედვით გამართულ მიცვალებულის დატირების ცერემონიაზე. რომლის საილუსტრაციოდ მოხმობილი იქნება ფაქტები, მაგალითები როგორც წერილის ავტორის მიერ უშუალოდ ნანახი, ასევე “ძველების” მიერ მონათხრობი.
აქ მოთხრობილი წეს-ჩვეულებების ნაწილი უცნაურობით ხასიათდება, მაგრამ ყველაფერს თავისი, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რაციონალური ახსნა აქვს.
როცა გარდაიცვალება ადამიანი ოჯახის უფროსი ქალი (რა თქმა უნდა თუ ძალა და უნარი შესწევს) კივილით (შეცხადება) სამეზობლოს ამცნობს, რომ ვიღაც გარდაიცვალა.კივილის ხმაზე უმალ მოდიან მეზობლები და თითქმის ყველა კითხულობს – რა მოხდა?, ვინ მოკვდა?. მიცვალებულს ძალიან სწრაფად გარდაცვალების ადგილიდან გადაასვენებენ დიდ ოთახში. უკვე მეორე დღიდანვე იწყება სახლის დალაგებისა და ეზოს მოწესრიგებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
იმისათვის, რომ რიტუალი ორგანიზებულად ჩატარდეს ოჯახის უფროსი ერთ-ერთ მეზობელს ავალებს, რომ გაუძღვეს მიცვალებულის გასვენებასთან დაკავშირებულ საქმეებს. ამ ადამიანს –დუდ კოჩი ჰქვია. დუდკოჩი ქალებიდან ნიშნავს ერთ ქალბატონს, რომელიც არის ორგანიზატორის დამხმარე (ოსურ კათაშ უნჩაში – ქალებისათვის დავალებული საქმეებთან დაკავშირებით.). გასვენების დღის (რიცხვის) – ორშაბათს “ვაშინერს” დანიშვნის შემდეგ მეზობლების დახმარებით ეწყობა სეფა. იმის გამო, რომ ოჯახს თავიდან აცილდეს “ზედმეტი” ხარჯი, ორგანიზატორი- “დუდკოჩი” კონსულტაციას გადის გამოცდილ მეზობლებთან (ჩვენთან მაგ. ო. ღვინჯილიას იშვიათი სიზუსტით შეუძლია გითხრათ 500 კაცს ზამთარში რამდენი კილოგრამი თევზი და ყველი დასჭირდება). იბეჭდება ნეკროლოგი (ღურაშ ქაღარდი) , რომელსაც ოჯახის დავალებით ნათესავებს გადასცემდა სპეციალურად შერჩეული პირი (მაგინაფალი). სევე ნეკროლოგები გამოიკვრება ხალხისათვის თვალსაჩინო ადგილას (კოჩიშ ოშაყარეს). დღეს “მაგინაფალის” ფუნქცია მობილურმა ტელეფონმა იტვირთა.
Oმესაფლავეობის მსურველი ადამიანები თვითონ გამოთქვამენ სურვილს ამის (მესაფლავეობის-მესაფლე) შესახებ. არსებობს ერთი ნიუანსი- მესაფლავეთა რიცხვი კენტი უნდა იყოს და ერთი მაინც ოჯახის მოგვარე. მესაფლაავეები განსაკუთრებული პატივით სარგებლობენ და იქნება ეს მკლავისგახსნა ( კილეგანწყუმუ), ორმოცი (ჟარნეჩი) თუ წლისთავი (წარმოწანა) ამ დღეების აღსანიშნი სუფრის მასშტაბის მიუხედავად აუცილებელ სტუმართა რიცხვში არიან. თითქმის ყოველთვის მესაფლავეები 40 დღის განმავლობაში წვერ ატარებენ. ასევე განსაკუთრებული პატივით სარგებლობს მიცვალებულის გამპატიოსნებელი –ადამიანი, რომელიც პარსავს, აცმევს და ა. შ. მიცვალებულს.
ჩვენში მიცვალებულს ღამეებს უთევენ (სერიშ ტახუა), მაგრამ ცოტას თუ ესმის ამ რიტუალის ღრმა ქრისტიანული საფუძვლები. ამ ჩვეულების გენეზისი ასეთია:როცა ქრისტიანული აზროვნება განსაზღვრავდა ხიბულელი კაცის ცხოვრების წესს, მიცვალებულს ღამეს იმიტომ უთევდნენ, რომ მისი სულის მოსახსენიებლად ფსალმუნები ეკითხათ. შემცირდა რწმენა – პირდაპირპროპორციულად აისახა რიტუალიზე; ათევენ ღამეს, მაგრამ რატომ არავინ იცის. ხშირად უსაქმურობისგან ბანქოსაც თამაშობდნენ და ღვინოს სვამდნენ. დღეს ძველი ქრისტიანული ტრადიცია პირვანდელ სახეს ნელ-ნელა იბრუნებს. ანუ ტრადიციამ შეინარჩუნა ფორმა მაგრამ შეიცვალა თავდაპირველი მნიშვნელობა.
განსაკუთრებული რიტუალია კუბოს (ჭკუდი) შემოტანა მიცვალებულის ოჯახში (ჩემი ვარაუდია, რომ სიმბოლურად განასახიერებს მაცხოვრის 3 დღეს საფლავში და აღდგომის იმედს). კუბო მოაქვთ გასვენების წინა ღამეს (როგორც წესი ღამის 12 საათზე), ამ დროს მიცვალებულის ოთახი იცლება ადამიანებისაგან და შეაქვთ კუბო (რომელშიც ხდება მიცვალებულის ჩასვენება), რომელსაც ტირილით და მოთქმით (თვალუა) მიჰყვება ჭირისუფალი და მეზობლები. აქ არ შევეხებით სხვა მრავალ წესს, რომლებზედაც სხვა წერილში გვექნება საუბარი.
გასვენების დღეს ორგანიზატორი სეფაში მიმდინარე პროცესების უკეთ წარმართვის მიზნით ნიშნავს –მაგიდის უფროსს (სტოლიშ უჩაშის), რომელსაც ევალება სუფრის ოპერატიულად გაშლა და ალაგება. ორგანიზატორი ასევე ნიშნავს ერთ ან ორ ადამიანს (მინმანგარაფალი), რომლებიც აკონტროლებენ სამძიმარზე მოსული ხალხის გადაადგილების პროცესს და ასევე აწვდიან ინფორმაციას სუფრის უფროსს თუ რამდენ სტუმარს უნდა გაუმასპინძლდნენ. თუ სტუმარი ძალიან საპატივცემლოა მას სპეციალურად თამადას მიუჩენენ (ქიმურჩქინანა).
დასასრულს მინდა მოგითხროთ ჩვენში არსებული რამდენიმე წეს-ჩვეულების შესახებ (არ შევეხებით კუბოს სამჯერ დატრიალებისა და კუბოსთვის “ფეხებისა და ხელების მომტვრევის” ტრადიციას).
თუ ერთი წლის განმავლობაში მიყოლებით ცოლ-ქმარი გარდაიცვლება სახლის წინ მდგარ ხეს ჭრიან;
გასვენებიდან მობრუნებული ადამიანი შინ სხვისი ეზოს გავლით არ უნდა დაბრუნდეს;
თუ ოჯახის რძალი ორსულადაა მას და მის მეუღლეს ეკრძალებათ კარს იქით
მიცვალებულის გაცილება. ღადგან სიცოცხლის მომლოდინენი არიან, ხოლო მიცვალებული საიქიოს მიდის;
მიცვალებულის ოჯახის რძლის დედას ეკრძალება ყვავილებით გასვენებაში მოსვლა (გიმოჭყუდურიაო);
ბაბუაჩემის ნათქვამიდან ვიცი, რომ იყვნენ ქალები, რომლებიც მათთვის უცნობ მიცვალებულს ისე დაიტირებდნენ, თითქოს საკუთარ შვილის ტიროდნენ. ამ ქალებს მათი გამორჩეული ხმისა და სიტყვის გამო ქირაობდნენ. თურმე მათ მოთქმაზე “ქვაც” კი ატირდებოდაო.
სხვა მრავალი წეს-ჩვეულების შესახებ მაქვს ინფორმაცია, რომლებიც სათანადო დამუშავების შემდეგ იხილავს დღის შუქს.
ვისაც მსგავს საკითხებზე გაგაჩნიათ ინფორმაცია მომწერეთ – levanigvinjilia@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.