გვერდები

06.01.2014

კოსმოპოლიტი და პატრიოტი

  საზოგადოებრიობის ნაწილს მიაჩნია, რომ ქართული ტრადიციის ნიშნით აღბეჭდილი  ღირებულება დრომოჭმულია, „არაევროპულია“, ხოლო მისი მატარებელი და მხარდამჭერი „ჩამორჩენილი“. ხოლო, ყველაფერი უცხოური კარგია, მისაბაძია, ნიმუშია კულტურისა თუ ზოგადადამიანური ღირებულებისა.ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ უცხოური მავნებელია ეროვნული ღირებულებებისა, საშიშია, გადაგვარებით ემუქრება ყველაფერ ქართულს.

როგორც ვხედავთ ადგილი აქვს ორ უკიდურესობას. ცალმხრივადაა გაგებული კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის ურთიერთმიმართების საკითხი. არსებობს მესამე პოზიცია, ჯანსაღი აზრი – არა დაპირისპირება, არამედ კუზანელის ცნობილი პრინციპი- დაპირისპირებულთა ერთიანობა. ქართული აზროვნების ისტორიაში ეს შეხედულება ერთერთმა პირველმა ვაჟა-ფშაველამ გამოთქვა თავის უკვდავ წერილში – „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ – „ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა.ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე- რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის  განვითარებას, კეთილდღეობას“. (ვაჟა-ფშაველა, კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი). „ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას (არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, ლ. ღ) იმ ფიქრით, ვითომ და კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი…“    (ვაჟა-ფშაველა, კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი, 1905 წ.). მსგავსი შეხედულება უფრო  ადრე გამოთქვა დიდმა რუსმა მოაზროვნემ და პატრიოტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა – „ამბობენ, თითქოს სინამდვილეში შეუძლებელი იყოს გიყვარდეს ანდა ემსახურებოდე კაცობრიობას – ეს თითქოს ერთობ განყენებული და განუსაზღვრელი რამ იყოს; თითქოს სინამდვილეში შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი ხალხის სიყვარული. რა თქმა უნდა, კაცობრიობა არ შეიძლება იყოს სიყვარულის ხელშესახები საგანი, მაგრამ ეს არც არის საჭირო; სავსებით საკმარისია, ჩვენი საკუთარი ხალხი თუ (ანდა თუნდაც უახლოესი სოციალური წრე) გვიყვარს ადამიანურად, გვსურს მისთვის ყველა ის ჭეშმარიტი სიკეთენი, რომლებიც კი არ ავიწროებენ, – ავრცობენ ხალხის საკუთარ ცხოვრებას, ამაღლებენ მისი ზნეობრიობის დონეს და აყალიბებენ მის დადებით სულიერ კავშირს სრულიად ღვთიურ სამყაროსთან. საკუთარი ხალხისადმი მსახურება ამგვარი ჭეშმარიტი პატრიოტიზმის პირობებში, ცხადია, ამასთანავე არის მსახურებაც კაცობრიობისადმი… (ვ. სოლოვიოვი, ზნეობა და პოლიტიკა გვ.21).
ჭეშმარიტი პატრიოტიზმი არათუ ეწინააღმდეგება სწორად გაგებულ პატრიოტიზმს, არამედ, პირიქით სრულ თანხმობაშია მასთან.
დასასრულს ისევ დიდ ვაჟას მოვუსმინოთ: “ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად“.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.