04.02.2022

თორსა-დღვაბაში გვარების მიგრაციის ისტორია

  თორსა-დღვაბაში ძირითადად სახლობდნენ წალენჯიხის და ჩხოროწყუს სოფლებიდან ჩამოსული მესაქონლეები. აქ ძველი გვარებია ლატარია, ბუკია, ცაავა. დღეს აქ ცაავები არ ცხოვრობენ. ისინი მოგირსა და ორულუში ცხოვრობდნენ, მაგრამ მიცვალებულებს დღვაბას სასაფლაოზე ასაფლავებდნენ.

ერთ-ერთი ძველი გვარია გულუა. მათი წინაპარი აქ დაახლ. 250 წლის წინ დასახლებულა. გულუების ნაწილი დღესაც აქ სახლობს; ანთიები ჩამოსულან სოფელ ჭკადუაშიდან (ზუგდიდის მუნიციპ.). ოთხი თაობის წინადელი წინაპარი აქ დასახლებულა მესაქონლეობის მიზნით; ლუკავების წინაპარი დაახლ. 80 წლის წინ ჩამოსულა წალენჯიხის რაიონიდან; ქარჩავა ჩამოსულა დაახლოებით 70 წლის წინ სოფელ მოგირიდან (ზუგდიდისმუნიციპ.); ქვარცხავები სოფელ მოგირში ჭოღის თემიდან ჩამოსულან, მათ კავშირი სულ ბოლო დრომდე ჰქონდათ ჭოღელ ქარჩავებთან, ხოლო მოგირელ ქარჩავებთან მჭიდრო ნათესაურ ურთიერთობას დღესაც ინარჩუნებენ, იქ ჰქონიათ საერთო საგვარეულო სალოცავი ქვევრები. აქ მცხოვრები კიდევ ერთი ქარჩავას ოჯახის წინაპარი დაახლ. 150 წლის წინ ჩამოსულა. ის ყაჩაღი ყოფილა და აქ ტყისა და ჭაობიანი ადგილებისათვის შეუფარებია თავი. ჯერ კიდევ 70 წლის წინ მათი წინაპარი საგვარეულო სალოცავზე დადიოდა ჭოღის თემში; ჯგერენაიების წინაპარი ორი ოჯახი ჩამოსულა სოფელ დიდი ჭყონიდან (მარტვილის მუნიციპ.), სავარაუდოდ თამაკონიდან. წინაპართა სოფელთან მისვლა-მოსვლა, მოგვარეებთან ურთიერთობა გადმოცემითაც არ ახსოვთ. სავარაუდოდ, ჩამოსულა ექვსი თაობის უკანდელი წინაპარი. ჩამოსვლის მიზეზი იყო მესაქონლეობა. უჩანეიშვილები დღვაბაში ჩამოსულა სოფელ ნოსირიდან (სენაკის მუნიციპალიტეტი) დაახლ. 150-200 წლის წინ. აქ ჭაობში სახლობდნენ, ჰყოლიათ ბევრი საქონელი. 1912 წელს მოსულა დიდი თოვლი და საქონლის უმრავლესობა დაღუპულა. შემდეგ ისინი თორსას ცენტრთან დასახლებულან; ბერიშვილები ჩამოსულან ძველი აბასთუმნიდან (ზუგდიდის მუნიციპ.) დაახლ. 80 წლის წინ, სიმინდის მოსაყვანად; ქარჩავები ჩამოსულან ჩხოროწუდან დაახლ. 120 წლის წინ. უახლოეს დრომდე დადიოდნე ძირძველ სოფელში ქარჩავების სალოცავში; ტაბუჩას უბანში მცხოვრები ჯიჭონაიების წინაპარი 1936 წელს ჩამოსულა სოფელ ოდიშიდან (ზუგდიდის მუნიციპ.), მესაქონლეობის მიზნით. აქ სამოსახლო უყიდია ლატარიასაგან. ჯიჭონაიებს წინაპართა სოფელთან ახლაც აქვთ ურთიერთობა, მისვლა-მოსვლა სანათესაოსთან ჭირსა და ლხინში; იმავე ტაბუჩას უბანში მცხოვრები ქობალიების წინაპარი დაახლ. 100 წლის წინ ჩამოსულა სოფელ კორცხელიდან (ზუგდიდის მუნიციპ.); ჭითანავები დაახლ. 100 წლის წინ ჩამოსულან სოფელ კირცხიდან (ჩხოროწყუს მუნიციპ.), ხოლო კირცხში _ სოფელ ჩხორიიდან (ზუგდიდის მუნიციპ.). მათ ერთ წინაპარი, გულაია, კარგი მოჭიდავე ყოფილა. მათი სალოცავი ეკლესია ხეთის მიქამგარიო იყო; სოფელ წინაგოლაში (ხეთის თემი, ხობის მუნიციპ.) მცხოვრები ჭითანავები კი ჩამოსულან სოფელ ძველი აბასთუმნიდან (ზუგდიდის მუნიციპ.). სოფელ დიდინეძში (ზუგდიდის მუნიციპ.) ნაკალის უბანში მცხოვრები ჭითანავები ასევე ძველი აბასთუმნიდან ჩამოსულან სოფელ ჭითაწყარში (ზუგდიდის მუნიციპ.). სოფელ მოგირში მცხოვრები ჭითანავებიც მათი ერთ-ერთი შტოა, თორსასა და ხეთის ჭითანავებს მათთან ნათესაობა არა აქვთ; მალიჩავა ჩამოსულა სოფელ ალერტ-კარიდან (ზუგდიდის მუნიციპ.), ერთი მალიჩავა დაახლ. 70 წლის წინ ქირიას ჩაესიძა; დიდინეძის თემის დიხა-გუ-ძუბას უბანში მცხოვრები მაქაცარიები ჩამოსულან ყულიშკარიდან. აქ ჩამოსულა დაახლ. 80 წლის წინ მესაქონლეობის და სიმინდის მოყვანის მიზნით. აქ ძირითადად ძველი მოსახლე გვარებია კუკავები, ზარქუები და ქირიები; გაბედავები მუხურიდან (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) ჩამოსულან დაახლ. 70 წლის წინ სოფელ ხორგაში (ხობის მუნიციპ.), შემდეგ სოფელ დიდინეძში დასახლებულან. ერთი გაბედავა ლატარიას ჩასიძებია; ლომაიების წინაპარი დაახლ. 80 წლის წინ ჩამოსულა სოფელ ხიბულადან (ხობის მუნიციპ.). განკულაკების დროს მათი წინაპრისთვის ბევრი საქონელი ჩამოურთმევიათ, ამიტომ წამოსულა აქეთ მესაქონლეობის აღორძინების მიზნით; ივარდიების

წინაპარი დაახლ. 70 წლის წინ ჩამოსულა სოფელ მენჯიდან (სენაკის მუნიციპ.) მესაქონლეობის

მიზნით, აქ ჩასიძებია ქადარიას. მათ დღესაც აქვთ ნათესაური ურთიერთობა მენჯელ ივარდიებთან, თუმცა, ბოლო დროს ეს კავშირები თანდათანობით შესუსტდა; ლიპარტიები ჩამოსულან სოფელ მენჯიდან, დაახლ. 50 წლის წინ, აქ ჩასიძებია ქადარიას; ფიფიების წინაპარი დაახლ. 80 წლის წინ ჩამოსულა სოფელ ობუჯიდან (წალენჯიხის მუნიციპ.); ბუკიების წინაპრები სოფელ ხორშიდან ჩამოსულან დაახლ. 170 წლის წინ და აქ დასახლებულან მესაქონლეობის მიზნით. იმ დროს აქ გაუვალი ადგილები ყოფილა, ხალხი აქ აქა-იქ ცხოვრობდა თურმე. დაახლ. 70 წლის წინ მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ ურთიერთობა წინაპართა სოფელთან, თუმცა შემდეგ ეს კავშირები გაწყდა; ლატარიები წარმოშობით სვანეთიდან ყოფილან. სამი ძმა ჩამოსულა ლატალიდან და გვარსახელსაც თემის სახელი ლატალი დაედო საფუძვლად. ისინი იქ ჩარკვიანები ყოფილან. ისინი ჯერ სოფელ ხორგაში დასახლებულან. სხვა ვერსიით, ჩარკვიანს ავადმყოფი დედის საზიარებლად მოუყვანია მღვდელი, რომელიც მთვრალი ყოფილა. ზიარების შემდეგ ეს ქალი გარდაცვლილა. მათ მიუჩნევიათ, რომ მღვდლის სიმთვრალე იყო დედის გარდაცვალების მიზეზი, ამიტომ ეს მღვდელი მოუკლავთ, თვითონ კი გამოქცეულან და დასახლებულან ურთაში (ზუგდიდის მუნიციპ.), ურთიდან ჩამოსულან სოფელ ხეთაში, საიდანაც დაახლ. 150 წლის წინ თორსა-დღვაბაში გადმოსახლებულან მესაქონლეობის მიზნით. მათ ეძახდნენ ლატალელ სვანებს და აქედან მოდის გვარი ლატარია. ხეთის მიქამგარიო დაუარსებია ლატარიებს და იქ წარწერაც ყოფილა. ჩარკვიანებსა და ლატარიებს შორის ქორწინება დღესაც აკრძალულია. კიდევ ერთი გადმოცემით, ლატარიები დადიანის ყმები ყოფილან. ადგილ ნატუხურუში (ალბათ ნახუტორუ-..) კამეჩების ჯოგი ჰყოლიათ. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ, 1864 წლის მერე, ლატარიებს აქ მოუთხოვიათ საკუთრებაში მიწა, თუმცა დადიანი არ აძლევდა, ამით განაწყენებულებს დაუწვავთ კამეჩების ფერმა. დადიანს უკან დაუხევია და მათთვის ღელე დღვაბაწყარის პირას მიუცია მიწა. ლატარიებს მუხის მასალით სასაფლაოსთან ეკლესია აუშენებიათ. გასაბჭოების შემდეგ, ეკლესია დაუშლიათ და სკოლა აუშენებიათ თორსაში. შემდეგ ეს სკოლა დაუშლიათ და აუშენებიათ დღვაბას სკოლა, რომელიც დღესაც დგას. ყველა ლატარია ადრე განსახლებული იყო თორსა-დღვაბას უბან ტაბუჩაში. სალატარიოში მცხოვრები ყველა სხვა გვარი ჩასიძებულია ლატარიებზე, ზოგი გაზრდილია ლატარიების მიერ, მაგალითად სიჭინავები, რომლებმაც თავიანთ გვარი შეინარჩუნეს. თორსა-დღვაბას თემში არის 1985 წელს აჭარელი ეკომიგრანტებისთვის დაარსებული ახალი უბანი _ `ოქროს საწმისი~. დღეს აქ აჭარლებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობაც ცხოვრობს, არიან ასევე ზუგდიდიდან და სვანეთიდან ჩამოსულები.

წყარო: „სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა“ 2021 წელი.



 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.