15.10.2021

იმედა ცარციძე - პოეტი და მთარგმნელი

      ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის მკვიდრი, იმედა ცარციძე ბრიტანელი და ამერიკელი პოეტების ლექსების თარგმანების და პოეტური კრებულის - „მუსიკის პოეზია“ ავტორია.

იმედა ცარციძე საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ 1997 წელს გამოცხადებულ ახალგაზრდა მწერალთა კონკურსის გამარჯვებული და 2001 წლის გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკის” ლიტერატურული კონკურსის II პრემიის ლაურეატია. გამოქვეყნებული აქვს ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები. წერს საბავშვო ლექსებსაც. ავტორის ლექსები იბეჭდებოდა ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.

ი. ცარციძეს ეკუთვნის ედმუნდ სპენსერის, რობერტ ჰერიკის, ჯონ კიტსის, დარლის, როსეტის, უილიამ დევისის, ლონგფელოუს, უოლტ უიტმენის ლექსების თარგმანები.

 მუსიკა

 

ყოველ საღამოს,

სევდიანი როდესაც ვფიქრობ,

ვიღაც აწვალებს

პიანინოს მოგრძო კლავიშებს

 და მეჩვენება,

თითქოს ვიღაც სიხარულს მიყოფს,

რომ ჩემს გულს

სევდა სამუდამოდ გადაავიწყდეს.

 

და ეს საღამოც

მუსიკის ფრთებს მსუბუქად მიაქვს,

როგორც გაზაფხულს

მარტის თვეში სუსხი მიმქრალი

 

და მეშინია,

არ დამირჩეს ფანჯარა ღია,

არ გამიჩინოს

მუსიკამაც სხვა საფიქრალი.

 

 ცისკარი თბილისში

 

ხანძარმა ფრთები შეტრუსა ნისლებს

და მთას ბურთივით შეაწყდა ჩრდილი

და ფრინველები, აჭრილნი ცისკენ,

თოვლის ფიფქებად მოედო თბილისს.

 

მზე დაემუქრა მთაწმინდის ფერდობს,

შიში ეწვია ქუჩის გრძელ სკამებს

და შავ გვირაბში დაკარგულ მეტროს

რკინის ხმაურით დაეძებს ღამე.

 

მძიმედ სუნთქავენ ტროტუარები.

ქარს ქვაფენილზე დაუცდა ფეხი.

გააღეთ ყველა სახლის კარები

და გაირუჯეთ სხეული ცეცხლით.

 

რომ პირველები შეხვდეთ განთიადს

და დაინახოთ ღიმილი ცაზე…....

თეთრ გუმბათებზე ცეცხლი ანთია

და ხის ტოტები ცეკვავენ წყალზე.

 

მზე კი ამოდის, ამოდის ნელა,

ლურჯი ჩოხით და ოქროსფერ თმებით

და ცისკარს, როგორც მგზავრის სიმღერას,

გადაუფრენენ თეთრი მტრედები.

 

 

***

ფიქრები ჯიქურ ეკვეთენ სივრცეს,

პირქვე დაემხო მშრალი საღამო,

შენ კი კვლავ გელის, ისევ და ისევ,

სიშორე _ ფიქრით დაუსაბამო.

 

სულში გამეფდა სიმძიმე მიწის,

ზამთრის დღეები სიცივით მავსებს

და ვისმენ ქარის უაზრო სიცილს,

როგორც რადიოს მოსაწყენ ჰანგებს.

 

***

როცა დავრჩები სრულიად მარტო

და საგანგებოდ ჩავკეტავ კარებს

და ოთახს, როგორც უცხო სამყაროს,

დააკვირდება ფანჯრიდან მთვარე,

მე დავივიწყებ მაშინ ყველაფერს:

ბოროტს და კეთილს, მტყუანს და მართალს

და გრძელი ღამის გათენებამდე,

როგორც საათი სიჩუმის ლანდთან,

კვლავ ვისაუბრებ საკუთარ თავთან ...

 

სახლი

 

აწვიმთ მინდვრებს და

გაქოლგილებს

აწვიმთ ხეხილებს,

ვზივარ ხის ქვეშ და

თითზე ვითვლი

ამინდებს ამ წლის,

აწვიმთ სიმინდებს

ქარისაგან გადაგრეხილებს

და, რა თქმა უნდა,

ყველაფერს აწვიმს.

 

ყველაფერს აწვიმს!

ცა დამძიმდა,

ჰაერი გალბა.

ჩვენი ბებერი

შავი ძაღლი

ლანდს უყეფს საშიშს,

მატულობს წვიმა,

ყველაფერი სველია ახლა

და, რა თქმა უნდა,

შევდივარ სახლში.

 

სონეტი

 ნუ დაგიმონებს წუთისოფლის ამაოება,

ბედთან ჭიდილში გაატარე ყოველი წუთი.

იყავი მტკიცე, მაგრამ გრძნობა გქონდეს სათუთი

და არასოდეს გააღმერთო კოჭლი დროება.

 

გაჰყევი გრიგალს, არ დანებდე მყუდრო ცხოვრებას

და სანამ თვალებს დაფარავდეს სამყარო უტყვი _

არ დაგავიწყდეს, რომ ყოველი დღე არის ქურდი

და არ ეცადო ხალხისაგან განმარტოებას.

 

იყავი ხალხში და ხალხისთვის იზრუნე მუდამ,

სიმართლისათვის, დაე, ჯვარზე გაგაკრან თუნდაც,

მაგრამ ამისთვის ნუ მოითხოვ სამაგიეროს.

 

არ გაგიტაცოს უგუნურთა ქება _ დიდებამ,

დაუღალავად ემსახურე ჭეშმარიტებას,

რომ სიკეთე და სიყვარული გააძლიერო.

 

      ***

 

მე უსაშველოდ დავიღალე

         ამ მოლოდინით ...

და ახლა, როცა

         რძისფერ დღეთა

                         ძველი მოტივი

თავს შემახსენებს _

მე ვიტყვი ჩუმად:

_ ყველაფერი უკვე დამთავრდა!

აქ მხოლოდ ქარი დათარეშობს

                         ყრუ მელოდიით

და ეძებს ბინას ჩემი გულის

                         დახურულ კართან ...

და ძლივს მივათრევ

     დაღლილი სხეულს

ქარში

     ლოდივით ...

 

დედას

 შენ თმაში თეთრად ანთია

ჩემი ბავშვობის ფურცელი.

მე, ყოველ დილით, განთიადს

შენი თვალებით ვუცქერი.

გზას შენი ლოცვა მინათებს,

შენი ხელების ალერსი,

როგორც ვარსკვლავთა სინათლე

და მთვარე ფიქრით ნალეწი,

ან გულში ვეფხვისებურად

წამოფრენილი სიტყვები...

და წინ მიმიძღვის მეგზურად

გზაზე, რომელსაც მივყვები.

 

     მოწყენა ქარში

 

დღე არის ცივი

და უღიმღამო,

ქარი

         ხმაურით

ხის ტოტებს

ლეწავს ...

ვარ მოწყენილი

ყველაფრის გამო.

გავცქერი ზეცას ...

 

ქარს

მიაქვს ზღვისკენ

მშიერი ქორი

და (სხვათაშორის)

ქარმა გონებაც

წაიღო ჩემი

იქ _

         მეგულები შენ

         სადაც ამ დროს _

ჩუმი და წყნარი

(მატულობს ქარი)!

 

ვარ

მოწყენილი

ყველაფრის

გამო ...

 

შემოსვლა მარტის

 

შემოიჭრება უეცრად ბაღში,

ტყემლების კვირტებს დახეთქავს მზეზე,

და მერე, როგორც ცქრიალა ბავშვი,

ჭირვეულობს და სილაღეს ეძებს.

 

თმას გაიშლის და დაიწყებს სიცილს,

ააფერადებს მოწყენილ მინდორს,

გადგება განზე და სუნთქვას მიწის

უხვად შემატებს ჯანსა და სითბოს.

 

დაირბენს ბილიკს, დაირბენს ყანას,

მოეფერება ტყესა და ღელეს,

და როგორც ველზე ირანულ კარავს,

ზედ ჩამოკიდებს სხვადასხვა ფერებს.

 

შეებრძოლება, გადაჰყრის ღრუბელს,

მიესალმება დილას და ზეცას,

მერე სხივებით აივსებს უბეს

და საღამომდე იალაღს მწყემსავს.

 

და საღამოჟამს, შრომით დაღლილი,

ეწვევა სახლებს, აივნებს, ქუჩებს ...

თეთრი ღიმილით თმებს გადაიყრის

და არემარეს გადაალურჯებს.

 

 

ტრიოლეტი

 

მაღალ სცენაზე იისფერი დაეშვა ფარდა.

ოჰ, მე არასდროს არ მინახავს ასეთი წამი!

ეს წარმოდგენა ტრაგედიას მგოსნისას ჰგავდა,

მაღალ სცენაზე იისფერი დაეშვა ფარდა.

ვინ იცის, მგოსანს წარმოდგენა რად შეუყვარდა,

ტრაგედიებით აღსავსე და თან განაწამი?

იგი ჰგავს თამაშს პირდაღებულ უფსკრულის კართან,

ოჰ, მე არასდროს არ მინახავს ასეთი წამი!

 

ქართლის ცხოვრების” დღეებო

 

,,ქართლის ცხოვრების” დღეებო,

ფიქრებს ქროლვით რომ აიკლებთ,

ვაიმე, საით გეძებოთ,

გადიგრიგალეთ საითკენ?

 

გული სიმღერამ დაწურა,

ვით რთველმა ყურძნის მტევნები

და სულში შემოაცურა

ყიჟინი დაღლილ მხედრების.

 

ტაძრებს ზედ ჯვრებზე მიჰკვრია

ხსოვნა ჟღარუნა დროშების,

გავცქერ სამშობლოს, ცისკრიანს,

თქვენი კაცობით მოჭედილს;

 

და სისხლს საამოდ აჩქროლებს

თქვენი ხმა, თქვენი ძახილი,

დროვ, ერთხელ კიდევ დაჰქროლე,

ქარი გაჰკვეთე მახვილით.

 

,,ქართლის ცხოვრების” დღეებო,

ფიქრებს ქროლვით რომ აიკლებთ,

ვაიმე, საით გეძებოთ,

გადიგრიგალეთ საითკენ?

 

 სახლი ტბის პირას მთვარიან ღამეში

 

ტბას მიჰყვებოდა ბილიკი მთვარის

და ტბასთან ახლოს ქვის სახლი იდგა,

ხოლო სირბილით დაღლილი ქარი,

ხეების ჩრდილში სუნთქავდა დიდხანს.

 

ღამე კი დუმდა და სიჩუმეში

ღრუბელი უხმოდ კენკავდა ვარსკვლავს

და ხალისს მგვრიდა, როგორც ნუგეში

ანდა შეხვედრა საყვარელ ქალთან.

 

ხოლო დაღლილი წლებით თუ სიცხით

სახლი, რომელიც ტბის ახლოს იდგა,

დამსვენებლების ისმენდა სიცილს,

მაგრამ ყველაფერს ითმენდა მშვიდად.

 

და სავსე იყო სახლი ხმაურით...

ხოლო სახლის წინ ცარიელ ტბაზე

მოჩანდა ნავი, როგორც წარსული,

მიტოვებული და წლებით სავსე.

 

მიტოვებული ჩანდა ნაპირიც,

ცარიელ სკამებს ლოკავდა მთვარე,

და ტბაზე მდგარი ძველი ნავივით,

იდგა სახლი და ისრესდა თვალებს.

 

                 ჯორჯ დარლი

                     (1795 – 1846)

 

     ლილიანის სიმღერა

 

უსმინე! უსმინე!

ხეობის ზარები რეკავენ ირგვლივ,

თითქოს აქანავებს მათ ტკბილი ნიავი – უსმინე!

         როგორი ველური, შეშლილი ხმებია მინდვრის.

 

         უსმინე! უსმინე!

როგორ საუბრობენ ნაპირთან ტალღები

და როგორ სუნთქავენ ტირიფის ლერწმები – უსმინე!

         ტირიფის ლერწმები – ნედლი და სიცოცხლით ლაღები.

 

         უსმინე! უსმინე!

როგორ ფრენს ჰაერში ზუზუნით მწერი,

მისი ხმა პატარა ფრთებისგან შექმნილა – უსმინე!

         ის თვის ყვავილოვან საზრდოზე მღერის.

 

         უსმინე! უსმინე!

ტყის ჩიტი რაგვარად რაკრაკებს ბნელში,

იქით კი გუგული მოსძახის – უსმინე!

         მოღრუბლულ ზეციდან ტოროლა მღერის.

 

  ჯონ კიტსი

        (1795 – 1821)

 

სონეტი

 

როს ვფიქრობ, როცა ამ ქვეყანას აღარ შევრჩები,

მანამ კალამი კვლავ მოიმკის ჩემ უხვ გონებას,

დახვავებული წიგნები და ხელნაწერები

თითქოსდა ფლობენ უხვ ბეღლების მდიდარ ქონებას;

როდესაც ვხედავ ვარსკვლავიან ღამის სახეზე

ფართოღრუბლიან სიმბოლოებს რომანტიკისას,

მე, შეიძლება, არ ვიცხოვრო მათ ნაკვალევზე,

წარმატებების აჩრდილები ვისაც იზიდავს;

როცა შევიგრძნობ საათის და დროის ქმნილებას,

ვეღარასოდეს ვერ შეგიგრძნობ მაშინ შენ თვითონ,

სიამოვნების ნეტარებაც კი ჩამიქრება

და მოულოდნელ სიყვარულსაც ვეღარ შევიგრძნობ;

მსოფლიოსაგან ვდგავარ მარტო და ვფიქრობ იმას,

სანამ არსებობს უკვდავება, ვერვინ ჩამიძირავს.

  მოთხორბა

 ყველა განსაკუთრებულ არსებას, აქვს თავისი უნიკალური წარმომავლობის ისტორია, ლეგენდა. მინდა გიამბოთ ერთი ზღაპრული ამბავი; იშვიათ, კეთილ, მამაც, და ერთგულ ძაღლებზე სენბიზე და ბერნარდზე. ისინი მაღალმთიან ალპებში მდებარე, წმინდა ბერნარდის სახელობის მონასტრის მცველები და უსაყვარლესი ლეკვების მშობლები გახლდნენ. ამ ორი არაჩვეულებრივი ძაღლის წყალობით მონასტრის ბერები და მათი სტუმრები, თავს ყოველთვის დაცულად გრძნობდნენ.

ზამთარში, როდესაც ყველაფერი თოვლით იყო დაფარული სენბი და ბერნარდი ჭიშკარს დარაჯობდნენ. მონასტერთან მიმავალ ბეწვის ხიდს ქარი არხევდა. იქვე შორი-ახლოს, დაღლილდაქანცული და გზააბნეული კაცი შველას ითხოვდა, მაგრამ ქარის ზუზუნის და მგლების ყმუილის გამო, მისი ხმა არავის ესმოდა, გასაჭირში მყოფი კაცი ძაღლებმა მაინც შენიშნეს, რომელიც ხიდის ჯებირს ჩასჭიდებოდა. ბერნარდი და სენბი ბერიკაცს მიუახლოვდნენ, მათ დანახვაზე სასოწარკვეთილ უცნობს იმედი მიეცა, ძაღლებს თავზე მოეფერა და იქვე მახლობლად თოვლის საფარში ჩაფლული ბავშვების გადარჩენა შესთხოვა. სენბიმ და ბერნარდმა თავისი მოხერხებულობის წყალობით ბავშვები ზურგზე გადაიწვინეს და მონასტრისაკენ გაემართნენ. ყინვისგან გალურჯებული პატარების სიცოცხლე მხოლოდ ამ ორ მამაც არსებაზე იყო დამოკიდებული. რამოდენიმე ათეული მეტრი უმოკლეს დროში განვლეს. ყურადღების მისაქცევად მონასტრის ეზოს ყეფით მიუახლოვდნენ, ბერები შეეგებნენ და ბავშვები თბილ ოთახში დააბინავეს. სენბი და ბერნარდი ბერიკაცის საშველად გაბრუნდნენ. კაცს მგლები გარს შემოხვეოდა და ნადავლის მოპოვებისთვის ერთმანეთს ეცილებოდნენ, ძაღლების უაცერმა გამოჩენამ მტაცებლები დააბნია, მათ ეს მომენტი დროულად გამოიყენეს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. მონასტრის ეზოში შეასწრეს და გაწბილებული მგლები უკან ჩამოიტოვეს.
ამ ამბის შემდეგ; ძაღლების სიმამაცით აღტაცებულმა ბერებმა მოითათბირეს; საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, რომ ორივე გმირს და მათ შთამომვლებს მონასტრის დამაარსებლის ,,წმინდა ბერნარდი’’- სახელი ღირსეულად ეტარებინათ.
გადარჩენილები გამოკეთდნენ, როგორც გონზე მოსულმა ბერიკაცმა თქვა შვილიშვილებთან ერთად, ერთი პატარა და ლამაზი ქვეყნიდან-საქართველოდან სამოგზაუროდ იყო წამოსული. ორი კვირის შემდეგ სამშობლოში დასაბრუნებლად გამზადებულმა მოხუცმა მასპინძლებს დიდი მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, ხოლო ეს პატარა, მაგრამ გმირული ისტორია დავიწყებას, რომ არ მისცემოდა ბერებს მიმართა: „ მინდა ჩემს მრავალმხრივ მდიდარ საქართველოს, თქვენი სენბერნარების სახით, კიდევ ერთი სიმდიდრე შევძინო“. მონასტრის უხუცესმა ეს აზრი მოიწონა და სენბერნარების ორი ლეკვი სამახსოვროდ გაატანა.
თბილისში ჩამოსულმა მოგზაურმა, ლამაზი და ხალხმრავალი ადგილი შეარჩია. მთაწმინდის პარკს ლეკვები გადასცა, უამბო მომხდარის შესახებ და ისევ სამოგზაუროდ გაეშურა.
იმ დღიდან ეს ლეკვები პარკის განუყრელი ნაწილი გახდნენ, მათ მშობლების საპატივსაცემოდ სენბი და ბერნარდი შეარქვეს. თქვენ კი პატივცემულო მკითხველნო! ამ უიშვიათესი ჯიშის ძაღლების მონახულება და მათთან თამაში მთაწმინდის პარკში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.












 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.