გვერდები

14.01.2026

გრიგოლ (გრიშა) მეუნარგია

 

გრიგოლ (გრიშა) მეუნარგია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში 1885 წელს, გლეხი ოქრომჭედლის, პავლე მეუნარგიას ოჯახში. დაამთავრა ხეთის ორკლასიანი სასწავლებლი და ზუგდიდის 6-კლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი 1904 წელს. აქ გახდა რსდმპ პარტიის პოლიტიკური წრის წევრი, ეს წრე ჩამოაყალიბა ქუთაისის რეალურ სასწავლებლის მოწაფემ, ბოლშევიკმა იასონ ჩიჩუამ.

1905 წელს გრიგოლ მეუნარგიამ, როგორც აქტიურმა აგიტატორ-პროპაგანდისტმა და ორგანიზატორმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სამეგრელოს სოფლების დიდ აჯანყებაში (ხიბულა, ხეთა, ცაიში, დიდი ნეძი, ყულისკარი, ხორგა და სხვ.).

 1905-1906 წლებში ამის გამო ზუგდიდის სამაზრო ციხეში რამდენიმე თვე გაატარა. 1910 წლიდან მუშაობდა ფოთის თვითმმართველობაში, როგორც ეპიდემიური ფერშალი, შემდეგ კი როგორც ექიმის თანაშემწე სანიტარულ დარგში. გრიგოლ მეუნარგია უშუალოდ მონაწილეობდა ფოთში ეპიდემიების წინააღმდეგ ბრძოლაში (ხოლერა, პარტახტიანი ტიფი და ყივანახველა).

1914 წლიდან მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, ფრონტიდან 1917 წელს დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ფოთის პარტიულ ორგანიზაციაში, ხელმძღვანელობდა საინიციატივო ჯგუფს. 1919 წელს იყო არალეგალური პარტიული კომიტეტის წევრი და მდივანი, 1920 წელს კომიტეტის წევრი და ხაზინადარი. მენშევიკების რეპრესიების გამო იმალებოდა 3 თვე.

1918-1919 და 1920 წლებში სენაკს, ზუგდიდს და სხვ. ამარაგებდა საბრძოლო მასალით და იარაღით, პოლიტიკური შინაარსის ლიტერატურით და ფულადი სახსრებით. 1920 წელს იყო საგუბერნიო კომიტეტის რწმუნებული სამეგრელოში აჯანყების მოსაწყობად. გასაბჭოების პირველი თვიდან, 1921-1922 წლებში გრიგოლ მეუნარგია იყო ფოთის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, 1925 წელს დროებით კომპარტიის სამაზრო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, 1923 წლიდან ფოთის რევოლუციური კომიტეტის და აღმასკომის პასუხისმგებელი მდივანი და შინამმართველობის განყოფილების გამგე, 1926-1930 წლებში ფოთის საბჭოს მდივანი, ჯამრთელობის განყოფილების გამგე და აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე. ცაკის წევრ-კანდიდატი ორი მოწვევის პერიოდში. თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში ("ზარია ვოსტოკა", "კომუნისტი", "რევოლუციის მატიანე", "ფოთის მუშა" და "ფოთის ხმა"). პეტრე (მაქსიმე) მეუნარგიას ძმა.

 

წყაროქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: . III - / იოსებ იმედაშვილი

 

12.01.2026

ხობის "კოლხეთი" - თბილისის "მერანი"

 ამ თამაშზე მეც ვიყავი, მაგრამ კონცერტი არ მახსოვს - ეტყვებუ გალე გილებრულედი

1999 წ. - პირველი საშინაო მატჩი

ხობელები ჩემპიონატის გახსნას მეტად მონდომებულად და ორგანიზებულად შეხვდნენ. ხობში ჩასულთ პირველ რიგში განახლებული სტადიონი ხვდებათ თვალში. აქ მართლაც შრომატევადი სამუშაო ჩაუტარებიათ.


„კოლხეთი“ მეტად კოპწიად გამოიყურება. მატჩის დაწყებამდე კონცერტიც გაიმართა, იყო ყვავილები, მილოცვები და საერთო მხიარულება. ამასობაში 6 საათიც შესრულდა და გუნდები მოედანზე გამოჩნდნენ. როგორც გახსნის მატჩს შეეფერება, კაპიტნებმა ეროვნული დროშა აქაც აღმართეს, მაგრამ ეროვნული ჰიმნის ჰანგები აკლდა, რომ უფრო ამაყად აფრიალებულიყო.
ახლა თვით მატჩზე. პირველივე წუთებიდან ნათელი გახდა, რომ გულშემატკივარი ლამაზ ფეხბურთს იხილავდა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და პირველი ათი წუთის განმავლობაში თბილისელები, ფაქტობრივად, ცენტრს გამოღმა არ გამოუშვეს. დროის ამ მონაკვეთში გოლის გატანაც შეეძლოთ. პაატა ლურსმანაშვილმა უწყინარ სიტუაციაში შეცდომა დაუშვა და ლაშა ბუკია მეკარესთან პირისპირ გავიდა, იქ კი თავდამსხმელმა ძალიან დაახანა, კარში აღარ დაარტყა და რეალური საგოლე მომენტი ქარს გაატანა.
მე-15 წუთზე, როცა მოედნის ცენტრში ერთ-ერთი ორთაბრძოლისას ლევან თოლორდავამ ფეხი იტკინა და დაეცა, არბიტრმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა. სტუმრები თამაშის შეჩერებას მოელოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა, ცენტრიდან გაჭრილმა ზაზა კვეკვესკირმა 20 მეტრიდან ძლიერად, ზუსტად დაარტყა და მეკარისგან მარცხენა, დაბალ კუთხეში გაიტანა — 1:0.
გოლმა გაამხნევა მასპინძლები და მათ კიდევ უფრო მწვავედ შეუტიეს. საჯარიმოს ხაზიდან ახლა უკვე ლევან გვაზავამ მიიტანა იერიში და ნაჭყებიამ დიდი გაჭირვებით მოიგერია ბურთი კუთხურზე.
ტაიმის მეორე ნახევარი კი სახიფათო მომენტებით დაიტვირთა. გუნდებმა, ფაქტობრივად, მოხსნეს დაცვა და უკანმოუხედავად შეუტიეს. რიგრიგობით იქმნებოდა საგოლე მომენტები ჯერ ერთ, მერე მეორე კართან, მაგრამ თავდამსხმელები სცოდავდნენ. ყველაზე რეალური მომენტი როსტიაშვილს ჰქონდა. მან მასპინძელთა მეკარის შეცდომა ვერ გამოიყენა, 12 მეტრიდან ვერ გაიტანა.
26-ე წუთზე გოლი მაინც გავიდა. მერანელებმა საჯარიმოში ჩააწოდეს ბურთი, იქ კი ლევან თოლორდავამ ყველას დაასწრო და თავით კარში გადაგზავნა.
ტაიმის ბოლოს სტუმრებს კიდევ ორჯერ ჰქონდათ გოლის გატანის შანსი. ამ დღეს მშვენივრად მოთამაშე თოლორდავამ ქუსლით დაუგორა ბურთი დავითაშვილს, რომელმაც ეს გადაცემა ვერ შეირგო და მეკარესთან პირისპირ გასულმა კარს ააცილა. ტაიმის ბოლოს კი თავად თოლორდავა ურტყამდა საჯარიმოს შიგნიდან, მაგრამ ბურთი ბადეს გარედან მოხვდა.
მეორე ტაიმი სანახაობრივად უფრო უინტერესო გამოდგა. ეტყობოდა, რომ ორივე გუნდის მწვრთნელებმა დაცვა გააძლიერეს და მეტოქეებიც უკანმოუხედავად აღარ უტევდნენ. თავიდან სტუმრები უფრო აქტიურობდნენ.
მჭიდრო მეურვეობით მათ გასაქანი არ მისცეს ხობელებს და სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ აშკარა საგოლე მომენტი ვერ შექმნეს. ბოლო თხუთმეტი წუთი კი მთლიანად მასპინძლების იყო და თითქოს გოლიც უნდა გასულიყო, მაგრამ ყველაზე რეალური მომენტი ხურცილავას ჰქონდა. თენგიზ ჭიჭინაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი მიწაზე დაუშვებლად, ძლიერად დაარტყა ხურცილავამ, მეკარემ რეაგირება ვერ მოასწრო, მაგრამ ბურთმა ჯვარედინს ჩაუქროლა.

08.01.2026

სოფელი ზენი (1913 წ.)

ზუგდიდის მაზრის სოფელ ზენში თავად ჩიჩუებს 400 დესეტინა მიწა მიუყიდიათ რუსეთიდან გადმოსახლებულთათვის. ეს უკანასკნელნი შესდგომიან მეურნეობის გაუმჯობესებულნი საშუალებით, გამოუწერიათ ორთქლის გუთანი და სხ., მაგრამ, როგორც სარწმუნო ჰირებმა გადმოგვცეს, გადმოსახლებულთ მოლოდინი არ გამართლებიათ და ახლა კვლავ აპირებენ ამ ადგილბის გაყიდვას.




„სახალხო საქმე“ N1060, 1913 წ.