გვერდები

05.10.2023

უცნობი გმირი - სამშობლოსათვის თავდადებული იასონ ფილიპია (1891-1918)

 

„ჩვენი სამშობლოს აღდგენა და წელში გამაგრება ახალ-ახალ მსხვერპლს ითხოვს. ეს მსხვერპლნი არიან სახელოვანი და უკვდავნი თვის ერის ხსოვნაში.

ერთი ამგვართაგანია პოდპოლკოვნიკი იასონ ნიკოლოზის ძე ფილიპია.

სოფელ ხეთის მცხოვრები იასონ ნიკოლოზის ძე ფილიპია, ხეთის ორკლასიან სკოლაში სწავლადამთავრებული და თვითგანვითარებული, გაიწვიეს სამხედრო სამსახურში 1915 წლის აპრილში, 21 წლისა, ჩარიცხეს უბრალო ჯარის კაცად ერთერთ ჯარის ნაწილში და გააგზავნეს შორეულ რუსეთში, ორენბურგში. სამსახურში მან მყისვე მიიქცია უფროსების ყურადღება, დანიშნეს „უჩებნი კამანდაში“, მერე ორენბურგის საპრაპორშჩიკო სკოლაში რაც იმავე წელს გაათავა.

1916 წლის იანვარს სათადარიგო პოლკში დანიშნეს რუსეთში, 6 თვის მერე გაგზავნეს დასავლეთის ფრონტზე მე-765-ე ქვეითთა ზიმნიცის პოლკის მეათე როტის უფროსად, ფრონტზე დარჩა წელიწადნახევარს და მუდამ ბრძოლაში მონაწილეობდა.

შორეულ რუსეთიდან თვის ხშირ ხშირ ბარათებში მუდამ იმას იწერებოდა „როდის ვეღირსებით იმ ნეტარს დროს როცა ჩვენს სამშობლოში აილაგმება ავაზაკ-ნაძირალთა თარეში და სწავლა-განათლებას აქცევდეს ყველა ყურადღებასო“.

1917 წლის დეკემბერს 20-ს ჩამოვიდა დროებით მაგრამ არეულობის გამო აქ დარჩა და 22-ს იანვარშივე მესამე ქართულ პოლკში ჩაეწერა. მონაწილეობდა ბოლშევიკებთან წინააღმდეგ ბრძოლაში ოფიცერთა რაზმში ქალაქ ზუგდიდში, ბოლო დროს 18 ივნის კი სხვა რაზმთან ერთად გაიგზავნა სოხუმის არეულობის ჩასაქრობლად, სადაც სოფ. ხოსტაში ქ. სოჩის ახლოს 5 ივლისს ბოლშევიკებთან ბრძოლაში გმირულად მოკლულ იქმნა.

როგორც მტრებთან მებრძოლი, იგი იყო ყოვლად უშიშარი, გულადი; იგი მუდამ ბრძოლისკენ მიისწრაფოდა, ამხანაგობაში ბევრჯერ უთქვამს „ჩემზე გასროლილ ტყვიას კბილით დავიჭირამო“.

რუსეთიდან რომ ჩამოვიდა მან არ მოისურვა სახლში გაჩერება, მყისვე ჯარში ჩაეწერა, მას სწყუროდა სამშობლოს სამსახური. უშიშარობამ და სამშობლოსათვის თავდადებულობამ მოუსპო მას ჯანსაღი ახალგაზრდა სიცოცხლე.

დიახ! იასონი იყო სულით და გულით ერთგული ჩვენი საქართველოს ნორჩი დემოკრატიული რესპუბლიკისა. მას უნდოდა ესახელებინა თავი საქართველოს მტრებთან ბრძოლაში და კიდევაც შეასრულა ნატვრა; გმირულად შესწირა თავი.

სახლში კი დარჩნენ შავებში ჩამსხდარნი მოხუცი დედმამანი, დები და ძმები, რომელთა ცრემლის ნაკადული დღესაც იღვრება: რად ღირს მათი ცხოვრება უიასონოდ, მაგრამ იმ იმედით ინუგეშებენ თავს, რომ რესპუბლიკას ესაჭიროებოდაერთგული მებრძოლი, ბევრმა უკვე შესწირეს თავი და კიდევ საჭიროა შეეწეიროს და აი მხოლოდ ესღა ანუგეშებს იასონის შავებშიცამსხდარ დედმამას.

„თეატრი და ცხოვრება“ N12, 1918 წ.

იასონ ფილიპია

ხოსტაში მტრებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული, მესამე ქართული პოლკის პორუჩიკი, იასონ ნიკოლოზის ძე ფილიპია.

გაზეთი "სახალხო საქმე" N288, 1918 .


29 ივნისს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა გადალახეს მზიმთა და დაიკავეს ადლერი. ქართველებმა მოწინააღმდეგეს მოუკლეს 200, დაატყვევეს 100, ხელთ იგდეს თოფები და ტყვია-წამალი. 2 ივლისს ქართულმა ჯარმა რუსეთის ჯარის არიერგარდს გაუმართა ბრძოლა სოჭის მისადგომებთან. რუსებმა უკან დაიხიეს ქალაქში. ქართული ჯარი დაბანაკდა სოჭიდან 10 კმ.-ზე. 5 ივლისს საქართველოს ჯარებმა დაიკავეს ხოსტა. ხოსტასთან ბრძოლის შემდეგ ქართველებმა ხელთ იგდეს 6 ზარბაზანი, 8 ტყვიამფრქვევი, 200-მდე ტყვე. დაკარგეს 9 კაცი, მათ შორის ბატალიონის მეთაური პორუჩიკი ფირცხალავა და პოდპურჩიკი იასონ ფილიპია. ხოსტის გათავისუფლებას დიდი სიხარულით შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა.