გვერდები

27.09.2019

ტოპონიმ „ბიას“ ეტიმოლოგია


ხობის მუნიციპალიტეტის ლამაზ გორაკებზე შეფენილია სოფელი ბია. ბიაში, მეოცე საუკუნის 10-იან წლებამდე იმართებოდა რიტუალი „მალანურობა“.
ცნობილი მეცნიერი დიმიტრი ჯანელიძე  ტოპონიმ „ბია“ -ს „მალანურობის“ რიტუალს და ძველ ბერძნულ კულტურას უკავშირებს. გთავაზობთ ნაწყვეტს წერილიდან: „ამირანი კოლხეთის სახილველში“.
ბია მითოლოგიურრ-რიტუალურის ანალიზი, მარტოოდენ სიმბოლოების, სანახაობის სტრუქტურული აღნაგობისა და შინაარსობრივი სიღრმის გამოკვლევით როდი კმაყოფილდება. მისი ინტერესი იმ სივრცესა და ადგილმდებარეობასაც მოიცავს, სადაც მალანურობა იმართებოდა.

„ბია“ ერთადერთი სოფელია, რომელმაც მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე შემოინახა მალანურობა - ეს საკვირველი სახილველი შესაძლებელია, თვით ამ სოფლის სახელწოდებაში იყოს ჩამარხული ახალ გაგნებათა გზა-კვალის მისანიშნებელი რამ.
„ბია“ თითქოსდა მცენარეულის, ხილეულის სახელწოდებასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ როგორც ადგილობრივი ყოფაცხოვრების მცოდნე პირებისგან შევიტყვე, სოფელი ბია ჭაობიანი ადგილია და იქ ხეხილის ხე - ბია არ ხარობს.
თუ თეოფორიულ-მითოლოგიურ სახელებს მივმართავთ, აღმოჩნდება, რომ ძველ-ბერძნული „ბია“  - დემონი, ღვთაება, საშინელების და ქალ-ღვთაება სტიქსეს ვაჟიშვილი. გიგანტებთან ბრძოლაში ბია ღმერთების მხარეზე იბრძოდა, იყო ზევსის ნება-სურვილის შემსრულებელი. სწორედ ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვა პრომეთე კლდეზე კავკასიაში. მითი გამოიყენა ესქილემ „მიჯაჭვულ პრომეთეში“.
ესქილეს ტრაგედიაში „მიჯაჭვული პრომეთე“ გამოყვანილი არიან მოქმედ პირებად „ძალა“ და „ძალადობა“ ბერძნულად „კრატოს“ და „ბია“. ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთეს“ სცენა იწყება ჰეფესტოს და ძლიერების (კრატოს) და ძალადობის (ბია) გამოსვლით. ძლიერება საუბარში არ მონაწილეობს. ის, ასე ვთქვათ, წარმოიდგინება მხოლოდ, რადგან ძალადობა ხომ ამავე დროს ძლიერებასაც შეიცავს. ბია, ჰეფესტოსთან ერთად ჯალათად წარმოიდგინება, ის აქეზებს და აჩქარებს ჰეფესტოს კლდეზე დაუყოვნებლივ მიაჯაჭვოს პრომეთე.

იქნებ ხობის რაიონის იმ სოფლის სახელწოდება, სადაც ამირან-პრომეთეს მოტივების შემცველი „მალანურობა“ იმართებოდა, სახელწოდება „ბია“ - იყოს მითოლოგიური დემონის, მთავარი ღვთაების ნება-სურვილის ამსრულებლის „ბია“-ს სახელი. კავკასია, ამირანის ჭირისუფალი კოლხი ქალები, პრომეთე, მთა ამარანტი, სტრობოლი.
დასაშვებია თუ არა ასეთი ვარაუდი, რომ ტოპონიმი „ბია“ უკავშირდება დემონის „ბია“-ს სახელს? საქართველოში არა ერთი და ორი ტოპონიმიკური სახელწოდების დასახელება შეიძლება, რომელნიც მითოლოგიური რეპერტუარიდან არიან მოხმობილი!
ბახვი, ასკანა, არიწკინა  მევენახეობა, მეღვინეობის ღვთაების აგუნა-ანგურას სადიდებელ წეს-სახიობაში სიმღერად ისმოდა.
„აგუნა, აგუნა ჩამოიარე ბხუას კარი ჩამოიარე! ჩვენს მამულშია ამოდენა  მტევნები, სხვის მამულს ჩხერტი და ფურცლები“ ან  „აგუნა, აგუნა, ჩვენსკენ ჩამოიარე ბახვსა ასკანაზე გეიარე „ ...ან „ აგუნა აგუნა, ბახვი ,ასკანა გადმეიტანე .“ ან ანგურა. ანგურა, არიწკინა, არიწკინა, ჩვენს ბუჯერში ტახი თავი, სხვის ბუჯერში ხვლიკის თავი ჩვენს ვენახში გიდლა-გიდლა სხვის ვენახში კიმპალ-კიმპალ“.
გურიის სოფლის სახელები ბახვი, ასკანა, მიჩნეულია ბაკხის (დიონისეს) და ასკანის, არიწკინა კი-მადნეულ მჭედლიძის ღვთაების სახელობიდან ნაწარმოებ სახელდებად .
ყოველივე ამისდა მიხედვით, სრულიად შესაძლებელია რომელიმე საცხოვრებელ ადგილას საქართველოში. ამირან-პრომეთეს  მითიოლოგიური ფონდიდან  ერთ-ერთი  სახელი შერჩენოდა, ---ასეთი  სახელია  ძალის  თუ  ძალადობის   აღმნიშვნელი  “ბია“, რაკი, საქართველოს ზღვისპირეთში, ჩინეთიდან და ინდოეთიდან საქართველოზე გამოვლით, შავიზღვისპირეთისკენ მომავალ სავაჭრო გზაზე  ქართველური ტომების გვერდი-გვერდ ბერძნებიც ვაჭრობდნენ და ხელოსნობდნენ, რაკი ანტიკური ხანის საქართველოში თეატრებიც არსებობდა, გამორიცხული არ არის იმის ვარაუდი რომ ფაზისსა, აფსურტესა, დიოსკურიასა და ქვეყნის შიდა ქალაქების კუტაიასა  და უფლისციხეს, მცხეთასა, სარკინესა და ძალისში იდგმებოდა ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე“ და აქედან შესაძლებელია, ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი „ბია“ იმ გეოგრაფიულ ადგილს რქმეოდა  სადაც ამირანიანის ამსახველი „მალანურობა“ იმართებოდა. ამ შემთხვევში ასეთ სახელდებას ამირანისთვის ბიასაგან მოვლენილი  ვაი-უშველებელის აცილების მაგიური დანიშნულება უნდა ჰქონოდა.
არის მეორე ვარაუდიც, რომ ძველბერძნულში ამირანთან ერთად ქართველური დემონის „ბია“-ს სახელიც შესულიყო, იმის მსგავსად, რასაც პტოლემეოსი აღნიშნავს „ელადის აღწერაში“, სპარტა-ტერასის გზის უძველეს სალოცავად არესის საკურთხეველს ასახელებს და თან დასძენს: „არესის ქანდაკება აქ მოიტანეს დიოსკურებმა კოლხეთიდან, არესს აქ უწოდებენ „თერითეს“ და ძალიანაც შესაძლებელია, რომ „თერითეს“ სახელწოდება კოლხებისგან არის ნასესხები“.
გარდა ყოველივესი, რაც მალანურობის სიმბოლიკისა და შინაარსის ანალიზისას გაირკვა, ამირანიანისა და მალანურობის ურთიერთობის და კავშირის შესახებ, იბადება კითხვა, არის თუ არა ისეთი ეჭვმიუტანელი მონაცემი, რიტაც ხელშესახებად დასტურდება „ბია“-სა და მალანურობის კავშირი? ასეთი რამ აღმოჩნდა ანთროპონიმთა ლექსიკონში - ქართველურ საკუთარ სახელებში, სახელდობრ, მამაკაცის სახელი „მალბია“ (ალ. ღლონტი ქართული საკუთარი სახელები, ანთროპონიმთა ლექსიკონი, თბილისი, 1967, გვ. 100). „მალბია“ სახელი - ორი ფუძისაგან შედგება „მალ“ (სვანურად მელია) და „ბია“ ძალა, ძალადობა, ღვთაება. ამისდა მიხედვით, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მალანური არის „მალბია“ - მელის სახით წარმოდგენილი ძალის ღვთაება, რაც „მალანურობაში“ მალანურის მთელ რიგს ასპარეზობაში ძალისა და სიმარჯვის საჯარო ჩვენებებით ცხადდება, რაც თავისთავად, ეს ასპარეზობანი ეგების ამირანის და მთავარღვთაების ძალის ჩვენებაში საბედისწერო შეჯიბრის გადანაშთს წარმოადგენს.



23.09.2019

ქვალონელი ბერი (დიდისქიმმონაზონი) ონისიფორე ფაჩულია


მამა ონისიფორე (ერობაში უთუთი) ფაჩულია დაიბადა სოფელ ქვალონში (ხობის რაიონი). მას ჰყავდა ორი და ერთი უმცროსი ძმა ჯამულეთი. მათ ადრე მოუკვდათ მამა და დარჩნენ ობლად დედის ხელში. ონისიფორემ დაიწყო სიარული მაშინდელ ჩინებულ ქალაქ ყულევს (რედუტკალე). აქ მან დაუღალავის შრომით მოიმარჯვა ხელი და დაობლებული ოჯახი რიგიანად გამოაწყო და ფეხზე დააყენა. ცხოვრების მოტრფიალე ონისიფორე ლხინში ატარებდა დროს: იშვიათად გავიდოდა ისეთი დღესასწაული, ონისიფორეს ოჯახში ნადიმი არ ყოფილიყო გამართული. პატიჟობდა სოფლელ მეზობელთ და ლხინობდა ყოველ დღესასწაულ დღეს. ასეთი ცხოვრება გაატარა მან ორმოცი  წლის ჰასაკოვანებამდე უქორწინებელად და საკვირველი ესე არს, რომ ესოდენ წლის განმავლობაში ასეთმა მოთამაშე და მოქეიფე ყმაწვილმა კაცმა დაიცვა თავი ქალთაგან წმიდად და შეუგინებლად. ბოლო მეორმოცე წელს ხანში შესულ კაცს მოევლინა ზეგარდამო მადლი და გაუჩნდა აზრი ახალ და უცხო ცხოვრების მიღებისა. რომლისა გამო შთავარდა იგი ფიქრებში და იბრძოდა ორთა საყვარელთა სურვილთა შორის: ერთის მხრივ იზიდავდა სოფელი ესე თავისი ბუნებრივი მშვენიერებით და მეორეს მხრით, ახალი აზრი საუკუნო დაუსრულებელ დიდებისადმი აღუფრენდა გულსა და ასე რაოდენიმე დრო იბრძოდა თავის თავად, მხოლოდ განუცხადებლად სხვებისა. ბოლოს სძლო სურვილსა სოფლის თვალთ-მაქცობითი მშვენიერებისასა და განაჩინა შედგომა ქრისტესი სოფლის განშორებით. მსწრაფლ შეიცვალა სოფლის მოტრფიალე ყმაწვილი გული ონისიფორესი და იქმნა მოტრფიალე ზეცის გვვირგვინისა. ეს იყო შობის წინა მარხვაში 1870 .

გათენდა რა დღესასწაული შობისა, ონისიფორემ მოიწვია ჩვეულებრივად საზოგადოება და ბრწყინვალე დღესასწაული მათთან ლხენა ქეიფით გადაიხადა. ახალწელსაც ასევე მოიქცა, ლხინობდა, ქეიფობდა, თამაშობდა, -მაგრამ ამგვარი ქცევა ონისიფორესი მხოლოდ გარეგანი იყო; ნადიმს იხდიდა გამოსათხოვარს, გულში კი მსოფლიოს წარმავალს ესალმებოდა და ახალ ცხოვრებისაკენ მიისწრაფოდა. მოიწია დღესასწაული ნათლისღებისა; ელიან ონისიფორესაგან მეზობლები მოწვევას და მასთან ლხენა-ქეიფისათვის; მისი გონება და გული, მისი მთელი არსება მხოლოდ ახალ ცხოვრებაში დასავანებას შესდგომოდა. გათენდა დღესასწაული ნათლისღებისა, ონისიფორემ  ყველა მისიანი წინათვე გაისტუმრა ეკლესიაში და დარჩა მარტოდ შინ. გაისმა ზარის ხმა და ონისიფორე მაშინვე ადგა, გაიხადა ყოველივე საერო ტანისამოსი და ძონძი შეიმოსა, სარტყლად ღომის ჩალა შემოირტყა და ფეხშიშველმა გასწია ეკლესიისაკენ, შევიდა შიგ და დადგა მაცხოვრის ხატის წინ. არა ჰქონდა საზღვარი იქ მყოფთა განცვიფრებას. გუშინ ძვირფას ტანისამოსში თავმომწონე მოლხინე, დღეს ძონძებშემოსილი, სახე დაღვრემილი, გლახაკად გადაქცეული მაცხოვრის ხატს შესჩერებოდა. მასში ხედავდა თავის სიცოცხლეს, თავის ბრწყინვალე მომავალს. როცა გათავდა წირვა, ონისიფორე მიუბრუნდა საზოგადოებას და სამუდამოდ გამოეთხოვა. ვის არ მოჰგვრიდა მწუხარებასა და ტირილს საღმრთო მადლით შეზავებული ონისიფორეს სიტყვები! მსმენელნი წუხდნენ და ტიროდენ მათი სოფლის ძვირფას წევრის ყველასთვის საყვარელ ონისიფორეს განშორებას. რასაკვირველია, ონისიფორეც ააღელვა მათმა ტირილმა და მწუხარებამ, გარნა ონისიფორეს გულს ქრისტეს სიყვარულის მგზნებარე ალი ეკიდებოდა და სოფლის სიყვარული ვერ შეცვლიდა მის  ახალსა და წმინდა ცხოვრების მწყურვალე გულს. 
ონისიფორემ იქვე, ეკლესიის ეზოში, ფაცხა მოიღობა და დადგა მასში, სადაც ერთი წელიწადი მყუდროებით გაატარა მჭიდრო მოღვაწეობით; აქვე შეისწავლა მან ჟამნი და დავითნი.გათავდა ერთი წელი და ონისიფორემ განიზრახა განშორება უდაბნოდ, რათა სრულიად განმარტოებით თავგანწირვით ეღვაწა სათნოდ ღვთისა. გამოირჩია მხეცთა სამყოფი ტყე-უდაბური ჭალადიდისა, შემოზღუდა აქ რამოდენიმე ქცევა ადგილი თავის საკუთრება და შიგ პატარა ქოხი გაიშენა; ხოლო ეზოს კარის ბჭესთან აღმართა საჯვარე ოთხ სვეტზე დაშენებული; მოაწყო ხატებით და აქ ყოველ დღე ილოცვიდა ქრისტეს ვნებათა გრძნობით გამსჭვალული. გარდა ლოცვის დროისა, არა უქმობისათვის, საგნად ჰქონდა აღებული ყანის მუშაობა; თავის ეზოში იგი თოხით მარადის მოუსვენებლად მუშაობდა სოფლის მოშორებული, ჯანით გმირი ონისიფორე არაფერს ზოგავდა სულიერი წარმატებისთვის. მთელი მისი ცხოვრება მოტყინარე ცეცხლი იყო ქრისტეს სიყვარულისა; შრომა და ჭირი, ტანჯვა და მწუხარება ცხოვრების გზაზე მისთვის ნეტარება იყო და მადლობით  და სიხარულით ეგებებოდა მათ. იგი მზად იყო თვით სიცოცხლეც შეეწირა თავის საყვარელ ქრისტესთვის.აი მაგალითიც მის განუზომელ ქრისტეს სიყვარულისა და მისთვის თავის დადებისა.
ამ უდაბურ ტყეში დგომის პირველ წელს, თომას კვირიაკეს, ის ჩვეულებრივ შევიდა თავის სამლოცველო საჯვარეში, დააჩოქა და დუმილით შეჰყურებდა რაოდენიმე  ჟამს ქრისტეს ჯვარის ზიდვის და ჯვარცმის ხატს. რომლის ხედვით იგი აღენთო ზეციური  ცეცხლით და მოისურვა დათხევა ჯვარცმულის წინ  სისხლისა. გათალა ხის ორი შამფური, იშიშვლა ტანი, აიღო ერთი, მოიქნია მაგრად და დაიკრა მარჯვენა კუნთზე და ისე მაგრად შთაარჭო, რომ შამფური მეორე მხარეს გავიდა; აგრეთვე მარცხენა კუნთსაც მზგავსადვე მეორე შამფური შთაარჭო და ორივე ამოუღებლად დატოვა ხორცში; შემდეგ მარცხენა ყური ჩამოითალა ნახევრად დანით და ასე სისხლში აცურებულმა კვალად დაიჩოქა ხატის წინ და ილოცა ზე აღფრენილ გრძნობით, ცხელი ცრემლების გადმოფრქვევით; შემდეგ ადგა, მოიპარსა წვერ-ულვაში, წარბები, თავი და ყოვლად განშიშვლებულმა თავის შამფურ-სამსჭვალებიანად გასწია ქვედა ქვალონის ეკლესიისაკენ, სადაც დღესასწაულობდა საზოგადოება მის სავანიდაგან, სამი ვერსტის მანძილზე. საოცარი ესე მოვლენა ხალხის თვალის წინ  შეიქმნა საკიჟინე: დაესია ხალხი, მაგრამ თუ ვინ არს, ვერავინ გამოიცნო, რადგან ყოვლითურთ შეურაცხყოფილი იყო სახე მისი. ქრისტე-აღდგა- მხოლოდ იმეორებდა და სხვას არას იტყოდა. ამ დროს დამან მისმან შენიშნა ფეხზე ძველი ჭრილობის ნიშანი და იკივლა, უთუთი-უთუთი-!-როცა დამან იცნო, მამა ონისიფორე გაიქცა სწრაფად თავის სავანედ, ხოლო საზოგადოება დარჩა გაოცებული.
ეს ამბავი იმ დღესვე მოაწია თეკლათის დედათა ახლად დაარსებულ მონასტერში, სადაც წინამძღვრობდა ამ დროს სალომე თავდგირიძის ასული და მას შემწედ ჰყავდა ონისიფორეს დიდი მეგობარი აღათი სალაყაიას ასული (შემდეგში წინამძღვარე ათანასია) მეორე დღესვე გაემართნენ ესენი მეუდაბნოელის სანახავად, გონებდნენ, წყლულისა გამო, ავათმყოფი დახვდებოდათ, მაგრამ ნახეს, რომ ყანაში მარჯვედ აქნევდა თოხსა და განკვირვებულნი ადიდებდნენ ღმერთსა, როცა იხილეს ნაბრძვილი სამსჭვალთა ყოვლად უწყლულოდ და უტკივრად. შეიძლება ვინმემ ცდომილ მოქმედებად დაისახოს ონისიფორეს ასეთი უმაგალითო მოქმედება, მაგრამ ვინც დაუკვირდება და გაიცნობს საღმრთო მოქმედების ძალას, იგი ნახავს, რომ ონისიფორე ცეცხლსავით აღტყინებული გულით მლოცველი ჯვარცმის წინ გაუტაცნია ქრისტესადმი ნაცვალ სიყვარულის ჩვენებას და იმსჭვალავს შამფურით ხორცსა, იხოკს პირისახეს, იშიშვლებს სარცხვინელ გვამს და მით გადარეულ წესთა სიყვარულის ძალით უარყოფს მსოფლიო ყალბ თავმომწონე და მომფერებელ ცრუ მხედველობას და სამაგალითოდ განკიცხვისა და თავდამცირების ძალმოსილებით გარბის იგი შეკრებულ ხალხისაკენ.
როგორცა ვთქვით, საგნად არა უქმობისა აიღო ონისიფორემ შემუშავება ყანისა და ხეებისა. შეუძლებელია სიტყვით გადმოცემა მისი სამაგალითო შრომისა, თუ ვითრი მტერი იყო ხორცთა განსვენებისა. მუშაობა მისი ყველას უკვირდა. ხანდისხან იგი ვინმე გაჭირვებულს რომ დაეხმარებოდა, ორი კაცის შრომის ტოლა გამოდიოდა მისი ნამუშევარი. წელიწადში ოთხას ფუთ სიმინდს დათონხნიდა და მოიწევდა; აგრეთვე ჭრიდა დიდროვან ხეებს. ზოგს ფიცრად თლიდა, ზოგს ყავრად ხდიდა, ზოგა მესრებად აპობდა და ზოგს შეშად აყორებდა. მისი შეხედვა ამ მუშაობის დროს საოცრება რამე იყო სწორედ. ტანი სანახევროდ შიშველი უჩანდა, რადგანაც დაბებკვილი ტომარა ეცვა და შიშველი ფეხ-ბარკლები ამ უდაბურ ეკლოვან ტყეში, როგორც გზატკეცილზე, ეგრეთ ურიდებლად ნაბიჯობდა და ეკლის კბილებით დაბზარულ-გასისხლიანებული საღამოს თავის კელიაში რომ დაჯდებოდა, იღებდა ეკლის კბილებს ხორციდან; ზემოხსენებულ ხის მასალებს იგი ყიდდ და ფულებს ურიგებდა გაჭირვებულ ხალხს; აგრეთვე მრავალი სახლიც ააგო და აძლევდა იმ ღარიბ-ღატაკთ, რომელთაც არ ჰქონდათ თავშესაფარი სახლი. კარგს ტაროსში იგი გარეთ მუშაობდა, ხოლო საავდრო ხელთ-საქმარიც მოაწყო და ავდრიან დღეებში აკეთებდა საწიგნეებს, ანალოღიებს, თლიდა კოვზებს და პატარა სკამებს და ყოველსავე ამას ურიგებდა უსასყიდლოდ იმათ, რომელთაც ესაჭიროებოდათ. ზემოთა ვთქვი, რომ იგი ყოველ წელს რვაას ბათმან (ოთხას ფუთს) სიმინდს მოიწევდა სხვების მოუხმარებლად თავის თოხით. არავის უნახავს, რომ ონისიფორეს სახნისი ეხმაროს; მისი ხარ სახნისი მისი მკლავი და თოხი იყო. სასიმინდე მისი აღვსილი და კარი-ღა იყო მრადის; ხალხისთვის განცხადებული ჰქონდა:
ღარიბნო, აიღეთ რამდენიც გინდათ, სნამდის არ დაილევა, თქვენია,-საამხანაგო; სულ თქვენთვის მიმიკუთვნია ჩემი ნაშრომი; ტალანტი მაძევს და უნდა განვაგო.
მიჰქონდათ მშიერ საწყლებს ცოლ-შვილის გამოსაზრდელად. თუმცა ზოგი ბოროტად ხმარობდა ონისიფორეს ამ გვარ თვისებას. მაგრამ ონისიფორეს დღედ სიკვდილამდის ეგზებოდა სიყვარული ღარიბ-ღატაკი ძმისა და მას სწირავდა თავის დაუღალავად მშრომელ მკლავს. ერთხელ, ღამით, სამი კაცი მოვიდა ქურდულად ონისიფორეს სიმინდის საუნჯესთან. რადგან რცხვენოდათ თხოვნა გინა წაღება სიმინდისა. როცა მათ გავსეს სამივე ტომრები, გაიგო ონისიფორემ და შორიდან დაუწყო ყურება. მოიკიდეს ტომრები და გაემართნენ. ერთ მათგანს, მოხუცებულს გაუჭირდა ზიდვა და ძლივს მიჰქონდა. როცა მიაღწია ეზოს კარს, ცოტა მაღლა იყო გადასავალი და ვერ შეძლო ამ მოხუცმა გადაზიდვა ტომრისა; სხვები წინ წასული იყვნენ. რა ნახა ონისიფორემ გაჭივრება მოხუცისა, შეეცოდა, წყნარად მიეპარა, ხელი ამოსდო ტომარას და ქურდს არ შეუტყვია, ისე აღუსუბუქა გადატანა; როცა გადაზიდა ტომარა, დაილაპარაკა საწყალმა მოხუცმა: ოჰო, ჩემი ცოლ-შვილი გამოვაძღეო. და წავიდა ტომრიანად.
სადაც ონისიფორეს საჯვარე ჰქონდა აღმართული, იქ გადიოდა მუშების გზა და ხშირად მარილიან ჭადს გამოაცხობდა ონისიფორე  და დასდებდა იქ მგზავრთათვის; აგრეთვე იქვე ჭაც ამოთხარა მათთვის სასმელად. მამა ონისიფორეს ჰქონდა ხის კასრი მორთული მხარზე მოსაკიდებლად და ხობის ბაზრობის დღეებში ზიდავდა წყაროს წყალს ხალხისათვის. არვისგან არ იღებდა სამოწყალოს ყოვლადვე; უხარშავი ლობიო (სად სცალოდა ლობიოს მოსახარშად!). ბოთლში წყალი ესხა და მარილს ჩაჰყრიდა, ეს იყო მისი საკმაზი. იგი უფრო დედამიწაზე დაგებულ ჭილოფზე წვებოდა. ხოლო სასთუმლად ხის ჯირკი ედვა; თუმცა საბან-ლეიბი და მუთაქა ჰქონდა, გარნა იშვიათად ხმარობდა, პატარა წისქვილი ჰქონდა მორთული და თავის ხელით ფქვავდა სიმინდს. ამის ყოვლის დამსწრე ვარ, რადგან პირველ ჩემი მორჩილობის დროს ერთი წელიწადი გავატარე მასთან; ამგვარ მკაცრ მოღვაწე ონისიფორესთან, როგორც კამეჩთან პატარა მოზვერი, ეგრე ვჩანდი და მის შედარებასთან გული მწყდებოდა, რადგან მისებრ განწირვა არ შემეძლო თავისა, თუმცა კი მსუროდა.
 მამა ონისიფორემ იცოდა საღმრთო წერილის კითხვა, მაგრამ არავის უნახავს იგი ხმიანად მლოცველი. ხოლო მე, როცა ვიყავ მასთან ერთად ლოცვის დროს ხმოვანებით მაკითხებდა ჟამნობას, ხოლო თვით მდუმრიად დავითნსა წაიკითხავდა ბაგეთა ოდენ მოძრაობით და დიდებასთან ალლილუიას კი ხმოვანად იტყოდა. დანარჩენი ღვაწლი, მეტანია, მარხვა, ცრემლი და გონების ლოცვა რა დავწერო აღნთებულ გულის პატრონის ქრისტეს მეგობარის ონისფორესი, რომელსაც ყოვლადვე დავიწყებული ჰქონდა ხორცის სიამოვნება და ფუფუნება.სულ სხვა იყო იგი საგარეოდ, არ მჩვენებელი მარხვისა, თითქო სალოსობდა საზოგადოებაში, რომლითა ზოგიერთნი, მის ჭეშმარიტების უცნობნი, იტყოდნენ, უგუნური და სულელი კაციაო, როცა გამოვიდოდა თავის კელიიდან, მერე სადაც შეხვდებოდა სუფრაზე ჯდომა, იგი მაძღვრივ მიიღებდა საზრდელს, სვამდა ღვინოს საკმარისად, იცინოდა, მხიარულობდა გარეგნად, მაგრამ შინაგან გულის მოძრაობა მისი მაღალსულიერობისა ვერ იფარავდა თავს და ხანდისხან ძლივს შეიკავებდა იგი ცრემლებს, ასე რომ ვითომ აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედავდა და მიმოექანებოდა, რათა დაედუმებინა მოძრაობა გულის ცეცხლისა კაცთათვის დასაფარად. საზოგადოდ მამა ონისიფორეს არასოდეს ჩაუცვამს ძაძა და მაზარის მეტი. მხოლოდ უკანასკნელ დღეებში სქემის შემოსვისა სახელმწიფო ხარჯისაგან არ გამოირიცხა თავი, რათა სხვას არ დასწოლოდა მისი ხვედრი და ყოველ წელს აძლევდა გადასახადს, ვიდრე ბოლო აღწერამდე კამელარიისა და მაშინ კი თვით საზოგადოებამ გამორიცხა იგი ძველ ათონში ყველა მის ტომ-ნათესავებისათვის საუკუნო მოსახსენებელი გაგზანა.
სურათი თავის სახისა არასოდეს აუღია ონისიფორეს, მხოლოდ მიცვალების მახლობელი დრო როცა დადგა, ჩვენ ვსთხოვეთ, ვაიძულეთ და ამოვიყვანეთ მხატვარი და გადავაღებინეთ მისი სურათი, ერთი უდაბნოს ტანისამოსით და მეორე დიდი სქემით შემოსილი. 
მამა ონისიფორეს არავითარი საქვეყნო ფორმის თავი არ ჰქონდა; იგი იყო პირად-მთქმელი, მამხილებელი, პირუთვნელიუ, უფარისევლო და გარეგანი ფორმის და თავის შვენების სრულიად მტერი.ერთხელ სამეგრელოს მთავარმა გენერალ გრიგორ ლევანის ძე დადიანმა უბრძანა მღვდელმონაზონ ალექსანდრე (ჭანტურიას) მორჩილობის დროს, რათა მიეყვანა მასთან ონისიფორე, რადგან გაეგონა ამბავი მისი და სურდა ენახა, თუ ვითარი კაცი არს იგი. ალექსანდრემ აღუთქვა მოყვანა. მოვიდა ონისიფორესთან და უთხრა ეს სურვილი მთავრისა. თუმცა დიდად დაეზარა მამა ონისიფორეს ამ თხოვნის შესრულება და უარიც უთხრა ალექსანდრეს, რა ჩემი საქმეამთავართან წასვლაო, გარნა ალექსანდრე არ მოეშვა და სახელი ქრისტესი აფიცა და დაითანხმა იგი; ონისიფორე გაჰყვა ალექსანდრეს და როცა მიაღწიეს მთავრის სასახლესთან, მოახსენეს გრიგორს; მან ბრძანა მისი შემოყვანა. შეხედა მთავარმა, შემოდის ონისიფორე ძაძაჩაცმული და ისიც დაბებკვილი; თავზედაც ტომრის ნაჭერი ქუდად შეკერილი ახურავს; შესვლისთანავე ონისიფორემ სალოსურად მოახსენა მთავარს:
 -გამარჯვება გრიგორ დადიანს. რა გნებავს, რად მიხმეთ?
მთავარი ცოტათი შეოცდა უჩვეულო კადნიერებისათვის, გარნა მიხვდა, რამეთუ ქვეყნის წესისა ზესთა არს კაცი ესე და უბრძანა დაჯდომა; გარნა ონისიფორე არ დაჯდა, არამედ მიმოვალს აქეთ-იქეთ და იხედება დიდებით მორთულ სახლებისაკენ. ონისიფორემ კვალად გაიმეორა:
-რა გნებავს, მთავარო? რად მიხმეთ? ქვეყანა თქვენია და მე რად გესაჭიროებოდით საწყალი მონა ქრისტესი? საბრალო გრიგორი! აქ ძალიან დიდებულად ბრძანდებით. მაგრამ იქ არ ვიცი!
მოახსენა ონისიფორემ კადნიერად, სალოსურად და იქით-აქეთ გაიარ-გამოიარა, წარდგა მთავრის წინ და უთხრა:
-კარგი ღვინო არ გაქვს მთავარო? აბა ერთი დამალევინე.
მოუტანეს ღვინო, ჭამა ცოტა პურიც, აღდგა მსწრაფლ და უთხრა მთავარს:
-ეცადე, საბრალოვ, ეცადე, რათა ზეცას არ დაიკარგოს შენი მთავრობა.
და გამოვიდა გარეთ. უნდოდა, გრიგორს ფული ეჩუქებინა, გარნა ვერაფრით შეაბრუნეს იგი და ვერცა ფული მიაღებინეს, ისე გამოესწრაფა  იქიდამ.
საღმრთო მსჯელობაში  მამა ონისიფორეს ერთობ მაღალი გულისხმისყოფა ჰქონდა; იგი ხშირად ატეხდა ჩემთან სხვადასხვა მაღალ საგნების შესახებ ბაასს. სულიერ სიხარულის საზომამდე მისულ ონისიფორეს გონება ღვთივ-მეცნიერებით განათლებული ჰქონდა.მამა ონისიფორეს აქვნდა შინაგანი განსაცდელი მტრის მიერ ხორცთა აბორგებისა, გარნა მიუხედავად შინაგან სასტიკ ბრძოლისა, იგი მხნედ და სრულიად გულდაუღონებლად შეჰყურებდა მიწევნად საზომსა უნებლობისასა. ყოვლად სახიერმან ღმერთმან დააჯილდოვა ესრეთ თავგანწირული მოღვაწე ონისიფორე და შესრულდა რა ოცდაათი წელიწადი მარტომყოფობით მის ტყეში ცხოვრებისასა,აღიყვანა საზომსა დიდსა უვნებელობისასა.
1900 წელს, ყველიერის შვიდეულს, მოვიდა ჩვეულებრივად ჩემთან და ვითარცა მოძღვრისაგან აიღო ჩემგან შენდობა, რათა სრულიად დიდ-მარხვა გაეტარებინა მარტო ჭადის მიღებით დღეში თითოჯერ მცირედ. დასასრულ დიდ-მარხვისასა მოვიდა ჩემთან და მიიღო წმიდა საიდუმლო თვით აღდგომას და შემდეგ განმიცხადა მისი საიდუმლო ზეგარდამო მოვლენა და საკვირველად შეცვლა თვისის მდგომარეობისა, განმიცხადა, რომ სრულიად რაღაც უჩვეულოდ ხედავს თავის თავს ყოვლადვე თავისუფალს ადამიანურ ვნება-სურვილებისაგან, არა ისრე, როგორათაც არის ჩვეულება მოღვაწეთა შორის, დაწყნარება, ვნებათა ანუ სათნოებითი მადლების ძლევით მის შორისვე დაყუდებით მიწყნარება, ვითარცა სათნოების ძალით დაბმული. არა, არამედ ყოვლადვე გვამი მისი განიწმიდა ვნებულ თვისებისაგან და იქმნა იგი ვნებულ თვისებისაგან და იქმნა იგი უვნებელ ტაძარ სულის წმიდისა. რომლის ასახსნელად მოგახსენოთ, თუ რასა მეტყოდა:
 -მამაო ალექსი! კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მე ესრეთ შემიბრალა და სიგლახაკე ჩემი აღამაღლა. რამეთუ გეტყვი ჭეშმარიტს, ამაღლდა გრძნობანი ჩემნი სრულიად სოფლისაგან და ვგონებ, რომ ვარ სამოთხესა შინა და ხორცნი ჩემნი ჩვეულებრივნი მქონან, არა ვუწყი. რამეთუ მცირე წვლილიცა არა რა ბუდობს არსებასა შინა ჩემსა მოძრაობანი ბნელისანი: სრულიად შეიცვალა ჩემი მდგომარეობა. ახლა გული, გონება და სული გამოუთქმელ ნეტარებაშია; აწ ისიც უნდა განგიცხადო, მოძღვარო რომ მე ვიქნები ორ წელ ცოცხალი, .. აღდგომიდგან მესამე აღდგომის ამაღლებამდე.ესე რა მესმა მისგან ვკითხე, თუ როგორ უწყის ესე; მაშინ მომიყვა და მითხრა:-პირველად მესმა ხმა ზეცით გამომეტყველი: მოვედით ჩემთან კურთხეულნო მამისა ჩემისანო. და მყისვე ავიხედე და ვიხილე ღრუბელსა ზემო მჯდომარე ჯვარ გადმოსახვით მაცხოვარი.მეორე: ვევედრებოდი რამდენიმე დღე მაცხოვარს, რათა მეცნა, თუ როდის არს განსვლა ჩემი ხრცთაგან და ან ვისთან მაქვსსაუკუნე სავანეობა. ერთ ღამეს, ვითარცა პირისაგან კაცისა, მესმა სიტყვა: წმინდა მამების პირველ საყოფელში ხარ და მესამე აღდგომის ამაღლებამდე დარჩები სოფლად.ცოტა შეუძლოდ ვიყავ და ლოგინზე ვიწექი. ღრმა ფიქრებში ჩავარდნილი, უეცრად სინათლემ მომიცვა, ისეთმა სინათლემ, რომელმაც მზის სინათლე შეცვალა და თვალითაც ვიხილე ხატის ზემო ყურეში ალებრივ ნათლის მღელვარება, რომელიც სამ დღე და ღამე განუშორებლად ბრწყინავდა გამოუთქმელ ელვარებით. ამ სამ დღეს სრულიად არ დავნძრეულვარ ლოგინიდან და არცა რა შემიტყვია კაცობრივი. ისე გატაცებული, გამოუთქმელი სიხარულით შევყურებდი ამ ნათელს.
 აწ ვთქვათ მიცვალების შესახებ სმენილი ხმა. ვითარ ჭეშმარიტებით აღსრულდა იგი. მოიწია რა მესამე აღდგომის ჟამი, ონისიფორე მძიმე ავათ გახდა და გადავწყვიტეთ მისი წამოყვანა უდაბნოდან, რომლის სამსახური და მოვლა, ვიდრე აღსასრულამდე, ისურვა მისმა მეგობარმა წინამძღვარმა ათანასიამ და გვთხოვა მის მონასტერში ხარ-ურმით აგვეყვანა. ჩვენმა თანამოძმე მამა ისე  (შელიამ) წამოიყვანა იგი უდაბნოდან და აღიყვანა თეკლათის დედათა მონასტერში ურმით. დები მონასტრისა და წინამძღვარი ათანასია ემსახურებოდნენ დიდის სიხარულით. ამაღლების მესამე დღეს განისვენა ყოვლად განწმენდელმა დიდ სქემით შემოსილმა მამა ონისიფორემ. გვამი მისი შესანიშნავად გაბრწყინდა.  ერწმუნეთ, მსმენელნო, ჭეშმარიტებას, მოწამე არიან ერთობ კრებულნი. დანი მონასტრისანი და სხვანი დამსწრენიც მის წმინდა გვამის საუცხოვოდ განშვენებისა, ასე რომ არ შეგვეძლო ადვილად მოშორებოდა მის მზერას. ოთხი დღე მაისის ბოლო სიცხეში ესვენა და იქ მყოფთ ყოვლადვე სურნელება ტკბილი და საამო ეყნოსებოდათ. დაასაფლავეს ყოვლად ნეტარი მამა ონისიფორე 1903 წელს მაისის 24-. საუკუნო ნეტარებით იყოს ხსენება მისი სუფევასა შინა ღვთისასა. ამინ. აღვწერე ცხოვრება ესე მოძღვარმან მისმან მღვდელმონაზონმა ალექსიმ. 1905.
წყარო:
1. წმინდა ალექსი (შუშანია)-ცხოვრება ღირსისა მამისა სქემ-მონაზონ ონისიფორე მარტო მყოფ მეუდაბნოელისა.
2.       karibche.ambebi.ge