გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიუნხენთან ახლოს კირჰაიმში ცხოვრობდა ქართველი ემიგრანტი ილია კუჭუხიძე, რომელიც ცნობილია მინდია ლაშაურის სახელით.აღსანიშნავია,რომ კინდლერის ენციკლოპედიაში–ახალი ტომები შესულია ბიოგრაფიული ცნობები ილია კუჭუხიძის შესახებ.მას ეკუთვნის მრავალი თხზულებები საქართველოს ისტორიის, ქრისტიანობის, ქართული სულის, ცოტნე დადიანის შესახებ. ასევე უამრავი ისტორიული მოთხრობა, მოგონებების წიგნი, მხატვრული თხზულებები და წერილები.
მაგრამ, სანამ ბატონი ილია მიუნხენში დაიდებდა ბინას თავდაპირველად იყო საქართველო. იგი 1906 წლის 18 ივნისს ხობში დაბადებულა. მამა–ვასილ კუჭუხიძე თერძი იყო (ჩოხებს კერავდა), დედა–ქრისტნე ქარდავა.
ბავშვობას ილია თავის ჩანაწერებში ძალიან ტკბილად იხსენებს. იგი წერს: ,,ხობი არის ჩემი საყვარელი სამშობლო და ხობისწყალი თერგივით რო ღრიალებდა, ტკბილ მელოდიასავით ჩამესმოდა ყურში. ხობში გავატარე ჩემი ბედნიერი ბავშვობა, ხობი დაუვიწყარია დღესაც ჩემთვის.’’
ხობის სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯერ ქუთაისში გააგრძელა სწავლა, შემდეგ კი ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში. 1925 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, პარალელურად სწავლობდა სოციალურ–ეკონომიკურზე, იურიდიული განხრით. იურისტობა ძალიან უნდოდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მისი მოწოდება ქართული ფილოლოგია და ქართველი ერის ისტორია იყო. სტუდენტობის პერიოდში ილიას ბათუმში მოუხდა ჩასვლა,სადაც ხელმოკლე, ღარიბ, 15 წლის ბიჭს, რომელსაც მუდმივი ბინა არ გააჩნდა ბუხუნაიშვილების კეთილმა ოჯახმა შეიკედლა და შვილივით მიიღო: სწორედ იქ გაიცნო სიმონ ჩიქოვანი,რომლის ოთახის მეზობელიც კი იყო ერთხანს და მან მოაწყო ლეგიონის კლუბთან არსებულ ლეგიონერთა დრამწერში მოკარნახედ.
თავდაპირველად ილია იურისტობაზე ოცნებობდა. ურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას პროფესორმა ლუარსაბ ანდრონიკაშვილმა რამდენჯერმე ჩაჭრა საგანში და უთხრა: ,,შენ ხარ ჩემი ბატონი, შენგან იურისტი არ გამოვა,სხვა გზა ეძიეო...’’ და მართალიც გამოდგა, ეძია ილიამ ეს ,,სხვა’’ გზა და მიაგნო კიდეც, ეს იყო ქართული ფილოლოგია და ქართული ერის ისტორია.
წერა ადრე დაუწყია. პირველი ნაწერი თეატრზე 1924 წელს იოსებ იმედაშვილის ჟუნალ ,,თეატრსა და ცხოვრებაში’’ დაუბეჭდავს, ხოლო პროფესორ აკაკი ფაღავას რეკომენდაციით 1931 წელს გამოუქვეყნებია პიესა ,,თებერვალი სოფლად’’,რომელიც დაუდგამთ კიდეც.
1941 წლის ივნისში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ილია ჯარში გაიწვიეს.იგი მოხვადა ,,ბაო’’–ს ნაწილში (რომელიც ასე იშიფრებოდა ,,ბატონ აეროდრომნოგი ობსლუჟვანია’’).იქიდან თბილისის სამხედრო ბანკში მოხვდა.ფრონტზე იყო შიმშილი,ამას საზარელი ზამთარიც ემატებოდა.მართალია,პლაკატებით იყო აჭრელებული ყველაფერი წარწერით:–,,ყველაფერი ფრონტისათვის’’,მაგრამ რეალურად ფრონტისთვის არც არაფერი იყო.წარმოიდგინეთ,რომ ასეულს,სადაც ილია იყო მხოლოდ ათი თოფი ჰქონდა.1942 წლის 15 მაისს გერმანელებმა თოფების გაუსროლად ათასობით ტყვე ჩაიგდეს ხელში,მათ შორის ილიაც.ილია იხსენებს: ,,დავყავდით გადარაზულ ვაგონებით ხან სად,ხან სად.სტალინმა განაცხადა:მე ტყვე არა მყავს და ვინც ტყვედ ჩავარდა სამშობლოს მტერიაო...ტყვეთა ბანაკში აუტანელი მდგომარეობა იყო.გაგვხადეს ,,ბატინკები’’ და პოლანტური ხის ქოშები ჩაგვაცვეს. დღიურად ათი ადამიანი კვდებოდა შიმშილისაგან.’’საბედნიეროდ ილიას პატრონად ძველი ემიგრანტი ვლადიმერ ცხომელიძე მოევლინა,რომელმაც მოუარა,ჩააცვა და პოლონეთში რადომთან ახლოს სოფელ კრუჩინაში მდგომ ქართულ ლეგიონში წაიყვანა,სადაც ბიბლიოთეკის მუშაკად მოეწყო.შემდეგ ბერლინიდან ჩამოვიდა ქართული გაზეთის ,,საქართველოს’’ მთავარი რედაქტორი გაიოზ მაღლაკელიძე,ილია თან წაიყვანა და დანიშნა რედაქციის მდივნად. გარდა გაზეთ საქართველოსი მუშაობდა ,,ქართველი ერის’’ რედაქციაში,რომლის მთავარი რედაქტორი იყო გიორგი მაღალაშვილი,ხოლო ფაქტიური რედაქტორი–ვიქტორ ნოზაძე.ეს სწორედ ის ჟურნალი იყო,რომელთანაც თანამშრომლობდა მაშინდელი მთელი ელიტა: გრიგოლ რობაქიძე,აკაკი პაპავა,ტიტე მარგველაშვილი და სხვები. საბჭოთა არმია ბერლინს უახლოვდებოდა,მთელი ემიგრაცია ზალცბურგში გადასახლდა. ილიაც თან გაჰვა მათ.ომი რომ დამთავრდა ბინა ზემო ბავარიის სოფელ რუპოლდინგში დაიდო,სადაც ლუკმა–პურისთვის გლეხთან მუშაობდა და მასთან ერთად ჭრიდა ხეს და ამზადებდა შეშას.შემდეგ მიუნხენში ჩავიდა,სადაც უკვე ბედმა გაუღიმა, აკაკი პაპავას რეკომენდააციით მუშაობა ამერიკელების მიერ დაარსებულ რადიო „თავისუფლებაში“ ქართულ რედაქციაში მდივნის თანანმდებობაზე დაიწყო.
რადიო ,,თავისუფლება’’ 1953 წელს ჩამოყალიბდა და გადაცემები იმავე წლის 1 მარტს გავიდა. რაც შეეხება ქართულ ენაზე გადაცემებს 1953 წლის 17 მარტს დაიწყო. რაშიც დიდი როლი მიუძღვის ნოე ცინცაძეს.პირველად ქართული რედაქცია შემდეგი პირებისაგან შედგებოდა:რაჟდენ არსენიძე,დავით ურატაძე და ილია კუჭუხიძე.ეს სამი პირი ქართული რედაქციის ფუძემდებელია.შემდეგ შეუერთდნენ;ნიკო იმნაიშვული,კარლო ინასარიძე, ვანიკო ინწკირიშვილი,შალვა კალანდაძე და ა.შ.
ეს სწორედ ის რედაქცია იყო,რომელთაც ხმა აიმაღლეს და ბევრი კეთილი საქმე გააკეთეს. საუბრობდნენ ისეთ თემებზე, რომელზეც საქართველოში ფიქრიც კი აკრძალული იყო. ქართულ სულზე, ქართულ ღირსებებზე, ტრადიციებზე და ქართველ გმირებზე. რადიო ,,თავისუფლებამ’’ ძალიან ბევრი გააკეთა ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველი მისი თანამშრომელი თავგამოდებით იცავდა საქართველოს სუვერენიტეტს,არა მხოლოდ ფიზიკური ძალებით, არამედ სიტყვით და რაც მთავარია გონიერებით, განათლებით.
1984 წლის ნოემბერში ილია კუჭუხიძე პენსიაზე გავიდა. ზუსტად ამ დროს შეცვალა კარლო ინასარიძე ჯანრი კაშიამ და მთავარი რედაქტორი გახდა. ამის მიუხედავად ილია კუჭუხიძე მაინც აკეთებდა გადაცემებს ილია ჭავჭავაძის, არჩილ ჯორჯაძის და სხვათა შესახებ, რაც ბატ. ჯანრი კაშიას ინიციატივა იყო.
ერთხელ ბატ. ილიას საავადმყოფოში ათი თვის განმავლობაში მოუწია ყოფნა.ილია იხსენებს: ,,ერთხელ ჩემს ოთახში შემოვიდა რედაქციის თანამშრომელი ნოდარ გუგულაშვილი, ხელში რაღაც ეჭირა გამოხვეული. ეს იყო მისი მეუღლის მომზადებული ლობიო და ხაჭაპური. არასოდეს არ დამავიწყდება თუ როგორ დავეწაფე ლობიოს და ხაჭაპურს.მთავარი ექიმი შემოვიდა და ვთხოვე გაესინჯა–ასეთი გემრიელი რამ ჯერ არ მიჭამიაო,–ეს არის,ბატონო ექიმო,ქართული საჭმელი მეთქი.
საქართველოში ილიას მეუღლე ნატო სოლოღაშვილი დარჩა. მისგან შეეძინა ორი ბავშვი–ნოდარი და მზია. ბატ. ილიამ ომის შემდეგ არაფერი იცოდა მათ შესახებ. ოჯახთან დაკავშირებაში დიდი წვლილი შეიტანა რეზო თაბუკაშვილმა.
ილია კუჭუხიძე 1992 წელს 91 წლისა მიუნხენში გარდაიცვალა.
იმის მიუხედავად, რომ ბატონი ილია საქართველოდან მოშორებით,მიუნხენში ცხოვრობდა, ყოველთვის იცოდა თუ რა მდგომარეობა იყო თავის სამშობლოში და ყოველთვის ანაღვლებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები. თავგადაკლული ქომაგი იყო ქართული კულტურის, ტრადიციებისა და სარწმუნოების, რისი შენარჩუნებაც საკმაოდ ძნელი იქნებოდა. იდეაფიქსად ჰქონდა ქცეული სიტყვები: ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა’’ და ყველგან და ყოველთვის ცდილობდა მისი ქმედებები რამით მაინც გამოსდგომოდა ქართულ საზოგადოებას.არ შემიძლია არ შემოგთავაზოთ ილიას მიწერილი წერილი გურამ შარაძესადმი,სადაც ნათლად ჩანს მისი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე: ,,მართლაც რომ ბედნიერი ბრზანდებით ბატონო გურამ,რომ არ გიხდებათ ცხოვრება და მოღვაწეობა ,,კაენის აღზევების’’ ხანაში.ეხლა მადლობა ღმერთს, ნისლი გადაიწმინდა მთელს საბჭოეთში და კერძოდ საქართველოში.ჰქრის ახალი სიო... ცა გაცისკროვნდა და ღმერთმა ნუ ჰქნას მისი დათალხვა... ხალხმა შვებით ამოისუნთქა. ბედნიერი ბრძანდებით,რომ დღეს თავისუფლად შეგიძლიათ იაზროვნოთ,არავითარი მბრძანებელი არ განსაზღვრავს თქვენს აზროვნებას.’’
ერთხელ ბატ. რაჟდენ არსენიძემ ილიას მისწერა: ,,როცა კუჭუხიძეს ვექილიკებოდი,მე არ მავიწყდებოდა მინდია ლაშაურის ლიტერატურული დამსახურება;მისი ღირსება და დამსახურება საპატიო ადგილს დაიჭერს ქართულ მწერლობაში.’’
და მართლაც განა ბუნებრივი არ იქნება ასე,რომ მოხდეს?მით უმეტეს რომ როგორც ღირსეული ქართველი ილია კუჭუხიძე ამის ღირსი ნამდვილად არის.
ეს მასალა მოვიპოვეთ ქ–ნ ლალი და ბატ. გოჩა კუჭუხიძეების ბიბლიოთეკიდან, რომელიც ინახავს ილია კუჭუხიძის ხელნაწერებს, პირად წერილებს, საგაზეთო სტატიებს და სხვა საარქივო მასალას.სამწუხაროდ,მის კიდევ ორ შვილიშვილს,გელა და მამუკა ენუქიძეებს,ვერ შევხვდით.გერმანიიდან ბატ. ილიას არქივების ჩამოტანაზე ღვაწლი გასწიეს გურამ შარაძემ და ვახტანგ გურგენიძემ.ეს მასალები ინახება ქართული ემიგრაციის მუზეუმში და საქართველოს არქივში.