17.04.2019

ეთნოგრაფიული მასალა - XIX საუკუნის ხობი ნაწილი მეოთხე


 
 1935 წელს, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (სოფელში), მათ შორის ხობის რაიონის სოფლებში შეიკრიბა ეთნოგრაფიული მასალა.

საცხოვრებელი ნაგებობები

მთხრობელი: შამშე გოგიას ძე ლატარია, 80 წლის, თორსადღვაბა

 ჯარგუალი (ჯარგვალი). ჯარგვალი შენდებოდა რგვალი ხეებისგან. ჭრიდნენ საშუალო სისქის მრგვალ ხეებს. ერთ მხარეს გააპრტყელებდნენ. ბოძის თავები ამოჭრილი იყო დედალ-მამლად. ამ თავების საშუალებით ეს ბოძები იფსკვნებოდა. ასე შენდებოდა ოთხი კედელი. ზევიდან უკეთდებოდა სახურავი ისე, როგორც ფაცხას და ოდას. შენობებს, აგებულს დოშაკი (მრგვალი) ხეებისაგან, ეძახდნენ ჯარგვალს.
დანაჩენი სადგომების შესახებ ლატარია გვიამბობს იმავეს, რაც მოვისმინეთ სენაკის რაიონში.

მთხრობელი: შამშე გუსარის ძე ირემია, 63 წლის, გურფული

ჯარგვალი. ირემია ამბობს, რომ ჯარგუალი მრგვალი ხეებისგან შეკრული სახლი არის, რომელიც იხურებოდა ისლით, ხაიათი, ან ლაქაშით. ლაქაში ისლისნაირი მცენარეა, მხოლოდ უფრო ფართო ფოთლები აქვს. ხაიას უფრო ვიწრო ფოთლები აქვს.
აგების ტექნიკასა და იარაღის შესახებ ირემია იმავეს ამბობს, რასაც წინა ხელოსნები, მხოლოდ ასახელებს იარაღს ტურაღურელს. ტურაღურელი წარმოადგენდა უზარმაზარ უროს, რომლითაც ხეს ფიცრებად ხსნიდნენ. ჩარჭობილი იყო ორი ბოძი. ამ ბოძებზე გადებული იყო მსხვილი ბოძი. რომელზედაც ეკიდა ტურაღურელი. გამოსწევდნენ ტურაღურელს და შემდეგ გაუშვებდნენ ხელს. ტურაღურელი ეხეთქებოდა ხეს, რომელიც იხსნებოდა.


სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები

მთხრობელი: მირონ გოჯას ძე კუტალია, 84 წლის, ლარჩვაზენი

ბოსელი. ოჩხოულე და ოკამეჩე (საძროხე და საკამეჩე). შენდებოდა ისე, როგორც ფაცხა. შენობა მოგრძო იყო. შიგ ვუკეთებდით ბაგას. გარედან კედლებს მივაფარებდით გვიმრას და წკულეტით დავამაგრებდით. შენობას, რომელიც აშენებული იყო კამეჩებისთვის, იატაკი უკეთდებოდა მრგვალი ხეებისგან. ასეთ იატაკში გადიოდა პატივი და ძირს იყრება. ოჩხოულეს კი ხის იატაკი არ ჰქონდა.
ნალია (ნანია). ოთხკუთხედად ჩავურჭობდით სარებს. გაუკეთებდით სარტყელს, გავდებდით კაკუტებს, ლარტყებს და გადავხურავდით ხაიათი. გადახურულში გავდებდით დანებს, დანებში გავუყრიდით ხის ტოტებს ლასტისნაირად. ამ ლასტზე ვაწყობდით ღომის თავთავს.

მთხრობელი: შამშე გიორგის ძე ლატარია, 80 წლის, თორსადღვაბა

ჯარგუალი. მრგვალი ხეებისგან აშენებულ შენობას ვეძახდით ჯარგუალს. ჩვენს ირგვლივ ტყე ბევრი იყო. როდესაც მოსჭრიდნენ ხეს, მას გათლიდნენ. ხეს ფიცრებად არ ამუშავებდნენ, რადგანაც ამას ბევრი დრო და მუშახელი სჭირდებოდა. ასე რომ საცხოვრებელი სახლები შენდებოდა მრგვალად გათლილი ხეებისგან, იშვიათ შემთხვევაში - ფიცრებისგან. საძირკვლისათვის ვიღებდით უფრო მაგარ ჯიშს: მუხას და ლანჭას. ოთხ ბოძს ოთხკუთხედად გადავფსკვნიდით. ეს იყო საძირკველი. შემდეგ საძირკველზე დავადებდით დამზადებულ მრგვალად გათლილ ხეებს. კუთხეებში ეს ხეები გადაფსკვნილი იყო: ერთი ბოძის თავი ამოჭრილი იყო და შიგ ჩადგმული მეორე ბოძის თავი. შენობას სჭირდებოდა კიდევ სარტყელი, ომპა, ციგი (ალბათ უნდა იყოს ციკი. ლ.ღ), კაკუტები, და თავი. მაშინ ისლით არ ვხურავდით, ვხურავდით ხაიათი და ჭოლით. ისლით დახურვა შემდეგ შემოიღეს.

მთხრობელი: შამშე გიორგის ძე ლატარია, 80 წლის, სოფელი თორსადღვაბა

ლორის კარავი. ვისაც ბევრი საქონელი ჰყავდა, ის ტყეში იშენებდა ლორის კარავს. ოთხკუთხედად ჩაარჭობდნენ მსხვილ ორთითა სარებს. ამ სარებზე გასდებდნენ დანებს. წინა და უკანა დანებზე ამართავდნენ ბოლოებიდან წყვილ დანას, რომლებიც წვერებით ერთმანეთს ხვდებოდნენ. ამაზე გადებული იყო მსხვილი ბოძი. ბოძს სიგრძეზე მიმაგრებული ჰქონდა კვეცით დანები. შემდეგ გადახურავდნენ ხაიათი, ზევიდან გარდიგარდმო დააწყობდნენ ჭოკებს. ეს ჭოკები დამაგრებული იყო კვეცით, რომ ქარს არ წაეღო. კედლები სულ მარტივად კეთდებოდა: იღებდნენ შუაზე გახეთქილ ხეებს და მიწყობილად ჩაარჭობდნენ მიწაში. თავებზე კვეცათი მიამაგრებდნენ დანებს. შემდეგ მიაწყობდნენ ჩალას. საქონლის პატრონი ზამთარ-ზაფხულ ცხოვრობდა ამ კარავში. საქონელს აძოვებდა ტყეში. კარავს პატრონი აშენებდა, ეხმარებოდნენ სხვა მეკარავეები. მუშაობის დროს ხმარობდნენ შემდეგ იარაღს: ბურჭულს (ცულს), ნაჯახს, კვაღას (პატარა ნაჯახს).

მთხრობელი: ალექსი ბურუკიას ძე ბუკია 81 წლის, სოფელი ხეთა

სკამი. მსხვილ მორს შუაზე გავხეთქავდით. ოთხ ადგილას ამოვტოხავდით და ამოტოხილში ჩავუმაგრებდით დამზადებულ ფეხებს. ეს იყო სკამი, რომელზეც დაეტეოდა 7-7 კაცი.
ხონჩა. ფეხიან ხონჩას ჩვენში ხმარობდნენ ქორწილში ან ტირილში. ხონჩა თითოეულ ოჯახს არ ჰქონდა. მთელ სოფელში იყო რამდენიმე ხონჩა და ვისაც დასჭირდებოდა, სარგებლობდა. ხონჩა წარმოადგენდა ოთხკუთხა ფიცარს, ისე ამოთლილს, რომ დაწყობილი საგნები არ გადმოცვენილიყო. ჰქონდა ოთხი ფეხი. ხონჩის ფიცარი მიმაგრებული იყო ორ გრძელ ჯოხზე ისე, რომ ორი მხრიდან რჩებოდა წვრილი სახელური. ქორწილის და ტირილის დროს ეზოში იმართებოდა გრძელი შეფა (გრძელი ფარდული). ფეხიან ხონჩით შეფაში შეჰქონდათ სასმელ-საჭმელი. ალაგ-ალაგ დგამდნენ ხონჩას და არიგებდნენ საჭმელს.
ტაბაკი, ტაბლე. ტაბაკი კეთდებოდა ცაცხვისა და თხმელასაგან. იყო ფართო და ვიწრო ტაბაკი. ფართო ტაბაკს კიდევ ეძახდნენ „სტოლ-ტაბაკს“. ჯერ აკეთებდნენ სამფეხა ტაბაკს, მერე კი შემოიღეს ოთხფეხა ტაბაკი. ტაბაკზე აწყობდნენ ღომს.

ანა ხუბუტია (ეთნოგრაფიული მასალის შემკრები)

  რაიონების დავლის დროს ჩუქურთმიან სახლს შევხვდი ხობში და სენაკში. ჩუქურთმიან სახლს შევხვდი ხობის მონასტერში. ეს სახლი ეკუთვნოდა ცოტნე დადიანს. ჩუქურთმიანია ჭერის სარტყელი. მისი სახე წარმოადგენს დაგრეხილ თოკს. ეს ჩუქურთმა გაუკეთებია მოხელეს, რომელიც ცხოვრობდა სოფელ ბიაში. ამავე სახლში კარების თავიც ჩუქურთმიანია. აქ ამოჭრილია ყვავილები. ჩუქურთმებს შევხვდი აგრეთვე ხობისა და მარტვილის მონასტრებში და სალხინოს სასახლეში.

მთხრობელი:  ალექსანდრე  გოჯას ძე  კუტალია, 77 წლის, სოფელი ლარჩვა

  ჩვენში მეგრული ჯიშის ფუტკარი იყო, ფუტკარი იყრიდა აპრილში და უნდა დაგვებინავებინა ქოფეში, ქოფეს ასე ვამზადებდით მოვჭრიდით ხეს, და დავხერხავდით ნაწილებად, თითო {ს{} ერთი ან ერთ-ნახევარი მეტრის სიგრძისა {დ} თითოეულ ნაწილს სიგრძეზე დავჭრიდით, ორივე ნაწილს ამოუღებდით გულს, ქოფესათვის მასალად ვიღებდით ცაცხვს ან თხემლას, რადგანაც რბილი ჯიშებია და გულის ამოღება უფრო ადვილია, ქოფეს ზევიდან ვახურავდით ქერქს, რომელსაც ვეძახდით ოფეჩს, ქერქს უფრო აკაციისას  ვიღებდით, რადგანაც მას ქერქი ადვილად ძვრება, ზამთვრისათვის ქოფეს ძროხის პატივით შევლესავდეთ, რომ სიცივე  არ შესულიყო, ასე შელესილი უნდა ყოფილიყო ნოემბრიდან  ოთხი თვე. შემდეგ გაზაფხულზე მოვწმენდდთ და  ჩავხედავდით რა მდგომარეობაში იყო, თუ თაფლი არ  ჰქონდა, მივცემდით შაქარს, დავასხამდით წყალს,   და ისევ დავახურავდით სახურავს  ივნისში ისევ ავხსნიდით ამოვიღებდით თაფლს. როდესაც ფუტკარი იბარტყებს, მაშინ მისვლა ქოფესთან შეუძლებელია. ქოფე როდესაც  ფუჭდება, ფუტკარი თვითონვე იწებებს. ფუტკარს თავისი მტერი ჰყავს; ფუტკარს ხანდახან უჩნდება  გემა.

მთხრობელი:  ალექსი ბერუას ძე ბუკია, 81 წლის, სოფელი წინაგოლა

    
წინასწარ ვამზადებდით სათეს ადგილს. ყველგან ტყე იყო. ტყეს მოჭრა უნდოდა. მოვჭრიდით ტყეს, მოვასუფთავებდით. ხეებს შეშად გამოვიტანდით, ფიჩხს იქვე დავწვამდით. ასეთ მიწას ახლად   გატეხილ  მიწას  ვეძახდით.                                          
  
გარშემო ეკლით შემოვღობავდით. შუაში თხრილს გავიყვანდით, რომ მიწა ამომშრალიყო. ამ თხრილში გამოჟონავდა წყალი და მიწა გაშრებოდა. ამის შემდეგ მოვიწვევდით ნადს, გავთოხნიდით და დავთესავდით სიმინდს. სიმინდს სამჯერ უნდა გათოხვნა.
   
შემდეგ შემოიღეს კავით ხვნა. მაგრამ ახლად მოტეხილი მიწის კავით ხვნა არ შეიძლებოდა. მოსახნავ მიწას მოვასუფთავებდით, ფიჩხს და სიმინდის ღეროს დავწვამდით და ნაცარს მოვაყრიდით. ამის შემდეგ ყანაში სიგრძეზე გაატარებდენ კავს, რამოდენიმე მანძილის დაშორებით კიდევ სიგრძეზე გაატარებდნენ კავს. ამ ორზოლს შუა მანძილს ვუწოდებდით ერთ წურუა მიწას. გადავზომავდით წურუას, მოვხნავდით და დავთესავდით. შემდეგ დავთესავდით და მოვხნავდით მეორე წურუას, მესამე წურუას და . . მერე თავიდან ბოლომდე ფარცხს გავატარებდით.
   ფარცხი წარმოადგენდა ოთხკუთხა ლასტს, რომელსაც ქვემოდან დამაგრებული ჰქონდა ფიჩხები. კავს ზოგჯერ თვითონ ვაკეთებდით. ავიღებდით მოკაუჭებულ მსხვილ ტოტს, გავთვლიდით, კაუჭზე წამოვაგებდით ქუსლს და ქუსლზე ვამაგრებდით ფოლადის დანას. ვთესავდით სიმინდს, ღომს, ჭვავს.  სიმინდი ჩვეულებრივი  ჯიშისა იყო.

წყარო: მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის. ტომი I, 1976 წ. ტომი IV, 1987 წ.












Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.