ლატავრა ბუკია - თედო სახოკიას პოლიტიკური
მოღვაწეობა
ჩემი
მეგობრის, ნინო ბასილაიას დახმარებით შესაძლებლობა მომეცა წამეკითხა XIX-XX
საუკუნეების ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მთარგმნელის და პუბლიცისტის თედო
სახოკიას პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ წიგნი, რომლის ავტორიც ჩვენი რაიონის მკვიდრი
ლატავრა ბუკიაა.
თედო
სახოკიას პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ არსებული ლიტერატურით დაინტერესებულ მკითხველს
მე ვურჩევ, პირველ რიგში გაეცნოს ზემოთაღნიშნულ გამოკვლევას, რადგან ავტორს წიგნის
წერისას მთლიანად აქვს გამოყენებული წინამორბედ ისტორიკოსთა შრომები, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო
უწყებათა მასალები, თედო სახოკიას მიმოწერა, პუბლიცისტური წერილები და მემუარები.
კარგი
წიგნის ერთერთი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ მან უნდა „გიბიძგოს“ სხვა წიგნებისკენ.
ნაშრომში დამოწმებულმა ციტატებმა გამიღვიძა ინტერესი ლეო ქიაჩელის (თ. სახოკია), გერონტი
ქიქოძის (მოგონებები - განთიადიდან შუადღემდე) და იპოლიტე ვართაგავას (მოგონებები ნაწილი
II) ნაშრომებისადმი.
წიგნში
წარმოდგენილია თედო სახოკიას პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოსა და ემიგრაციაში
(1892-1916 წლები), კერძოდ: თედო სახოკია „საქართველოს თავისუფლების ლიგაში“, „ქართული
პარტია“ აფხაზეთში, ურთიერთობა სოციალ-ფედერალისტთა და ეროვნულ-რადიკალურ გლეხთა პარტიასთან,
პირველი ემიგრაცია (1900-1905 წლები), საქართველოში იარაღის შემოტანის საქმე, სოხუმში
მოღვაწეობა და მეორე ემიგრაცია (1909-1916 წ.წ.).
„თედო
სახოკია სრულიად ახალგაზრდა ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში. მისი ცხოვრება მთლიანად
ქვეყნის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა და სიცოცხლის ბოლომდე მიმართული იყო სამი
სიწმინდის - მამულის, ენის და სარწმუნოების დაცვისკენ. იგი თავისი საქმიანობით წმინდა
ილია მართლის მიმდევარი იყო“ (ლ. ბუკია).
თუ
როგორ უყვარდა თ. სახოკიას სამშობლო, ამის საილუსტრაციოდ ავტორს დამოწმებული აქვს ცნობილი
მთარგმნელისა და მკვლევარის გერონტი ქიქოძის მემუარებიდან ნაწყვეტი: „ემიგრაციაში ყოფნისას
ძვირფას თედოს პირველად ბელგიის ქალაქ ბრიუსელში შევხვდი. ვერც ციმბირს, ვერც ემიგრაციაში
ყოფნას იგი ვერ მოედრიკა, მას ურყევი ნიადაგი ეპოვა ამაღლებული იდეალების სიწმინდეში. რა დროსაც არ უნდა შესულიყავით მის სტუდენტურ ოთახში,
თუნდ დილაადრიან, პატარა ტაბელ კალენდარზე ის დღე უკვე წაშლილი ჰქონდა, თითქოს უკვე
განვლილი ყოფილიყოს. ხოლო როდესაც ერთხელ ვუთხარი, შე კაცო, დღევანდელი დღე ხომ მხოლოდ
ესესაა დაიწყო, შენ კი უკვე გადაგიხაქზავს-მეთქი, მიპასუხა: ემიგრანტისთვის, რომელსაც
სამშობლოში დაბრუნების ნატვრა სტანჯავს, ყოველი ახალ-გათენებული დღე უკვე ახალი დღეაო...
იგი მზად იყო, სიცოცხლის დღეები შეემოკლებინა, ოღონდ საქართველოში დაბრუნებას ღირსებოდა
და მაშინ ჩემთვის გასაგები გახდა ძველ ათენელების სამართალი, რომლის მიხედვითაც სამშობლოდან
გაძევება და სიკვდილი თანაბარ სასჯელად ითვლებოდა“.
თ.
სახოკია ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში და ერისკაცთაგან საკათალიკოსო საბჭოს წევრად იქნა არჩეული.
თედო
სახოკიამ ემიგრაციაში 12 წელი გაატარა. არაერთხელ იყო დაპატიმრებული და დევნილი პოლიტიკური
შეხედულებების გამო. მიუხედავად ამისა შეინარჩუნა უტეხი სული და მტკიცე ხასიათი. მან
საკუთარი ნიჭი, მრავალმხრივი ცოდნა და ენერგია საქართველოს და ქართულ კულტურას მოახმარა.
მეგობრებთან
საუბრისას დაიბადა აზრი, რომ წიგნი ნამდვილად იმსახურებს ლიტერატურულ ღონისძიებას
(პრეზენტაცია); რადგან წიგნი დაწერილია მაღალ დონეზე, ავტორი ხობელია და წიგნი ვისზეც
დაიწერა ისიც ხობელია.