ხობის მონასტერს მდინარის ნაპირზე აღმართული გორაკის თავზე მივაგენით.
სიტყვა მონასტერი ქართველებში ყოველთვის ზუსტი მნიშვნელობით არ იხმარება: უფრო ხშირად
იგი მხოლოდ ერთი უბრალო ეკლესიის აღმნიშვნელია. ხობი კი ნამდვილი მონასტერია.
ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე
ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაცემული გრანტის „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ირანელი და
ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის
საქართველოს შესახებ“ ფარგლებში გამოსცა მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო
წიგნი - ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ. წიგნში შედის ჟაკ-ფრანსუა
გამბას „მოგზარობა“ (პარიზი 1826 წ.) და ფრედერიკ
დიუბუა დე მონპერეს „მოგზაურობა...“
(პარიზი 1839 წ.).
ზემოთ აღნიშნულ წიგნში
უხვადაა ცნობები ხობის, ხობის მონასტრის, ხორგის, ბიის და რედუტ-კალეს (ყულევი) შესახებ.
წინამდებარე ტექსტში
მცირე განმარტებებით შემოგთავაზებთ მონპერეს „მოგზაურობიდან“ ხობის წარსულთან დაკავშირებულ
ფრაგმენტებს.
მონპერე ბიჭვინთის ეკლესიის
აღწერისას ამბობს, რომ დაახლოებით 1390 წელს, ვამეყ დადიანს ჯიქებთან და ალანებთან
ომში გამარჯვების აღსანიშნავად ჩამოუტანია მასალები და ხობის ეკვდერების გასწვრივ სამლოცველო
აუშენებია და მისი ბრძანებით ზედ წარწერაც გაუკეთებიათ.
-„სამეგრელოს მთავარი ვამეყ დადიანი იძულებული გახდა,
დიდი ლაშქრობა მოეწყო, რათა ამ კუთხის ხალხი, განსაკუთრებით კი ჯიქეთისა და ალანიის
მკვიდრნი დაემორჩილებინა და აქ მშვიდობა დაემყარებინა. იხილეთ ზემოთ წარწერა, რომელიც
მან ამ ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთებინა სამლოცველოზე, რომელიც მან ხობის
ეკვდერების გასწვრივ ააშენა, როგორც მის მიერ მოპოვებული გამარჯვების ძეგლი“.
-„...მაგრამ ყველაზე უფრო საოცარი გახლავთ ის, რომ სვეტებისა
და არქიტექტურის სხვა ელემენტების უამრავი ფრაგმენტი, რომელიც ვამეყ დადიანმა დაახლოებით
1390 წელს ხობის ეკლესიის სტოას ასაგებად წაიღო, აგრეთვე იგივე (ბიჭვინთის ეკლესიის.
ლ.ღ.) სახისაა“.
- „სოფელი ხორგაც
კი, რომელიც რედუტ-კალედან 10 ვერსზე იწყება და სიგრძით 14 ვერსამდეა, თხმელისა და
კოპიტის უზარმაზარ ხეებშია ჩაფლული; შემოღობილ ადგილებში სიმინდისა და იტალიური ფეტვის
ყანების (ქართულად ღომი) შუაში, ერთმანეთისაგან მოშორებით, ხის სახლებია ჩადგმული.
მიუხედავად იმისა, რომ სიმინდი ჯერ კიდევ არ იყო ზრდადასრულებული, მისი სიმაღლე რვა-ცხრა
ფუტს აღწევდა. აქაური მიწა კარგია, ნაყოფიერი, თიხიანი და ვარგისია ყველა იმ კულტურისათვის
რომელიც კარგ, ტენიან ნიადაგს მოითხოვს. ღობის გაყოლებაზე ვაზი შავ თხმელაზე იყო ატყორცნილი
და თვალისმომჭრელ ეფექტს ქმნიდა. ეს ადგილობრივი ჯიშის ვაზია და იგი არც ერთ კულტურაზე
არ ახდენს ზეგავლენას. აბიბინებულ მდელოზე, რომელიც ამ მწვანე საფარის ქვეშ იყო გადაჭიმული,
საქონელი ძოვდა. ხობის დინება მეტისმეტად მდორეა საფოსტო სადგურამდე, რომელიც სოფელ
ხორგას ბოლოში, რედუტ-კალედან 26 ვერსზეა; აქ ღამე გავატარე საძაგელ ფარდულში, რომელიც
წვიმისაგან ძლივს მიცავდა“.
მონპერე მეორე დღეს ახალი ცხენებითა და კაზაკების თანხლებით
ხორგიდან ხობისკენ მიმავალ გზას დადგომია. ამ მონაკვეთში ის საუბრობს მეგრელი ქალების
განსაკუთრებულ სილამაზეზე და სტუმართმოყვარეობაზე.
-„სახლები სოფელ
ხობშიც ისევეა ერთმანეთისაგან დაშორებული, როგორც ხორგაში. ერთ-ერთ სახლს მივადექით
და წყალი მოვითხოვეთ; ქალები და თვით ახალგაზრდა გოგონებიც კი შიშისაგან არსად გაქცეულან
და არც დამალულან, როგორც მარწმუნებდნენ, პირიქით, მათ შორის ყველაზე უფროსი სწრაფად
მოგვემსახურა. ყველაზე ახალგაზრდას, რომელიც არა უმეტეს თხუთმეტი წლისა იქნებოდა, ლამაზი
სახის ნაკვთები და მშვენიერი ოვალური სახე ჰქონდა. ამგვარად, პირველად ვეზიარე ქართველი
ქალების საქვეყნოდ ცნობილ მშვენიერებას“.
ამის შემდეგ მონპერე დეტალურად აღწერს ხობის მონასტრის
არქიტექტურულ კომპლექსს და საინტერესო ცნობებს გვაწვდის ეკლესიის არქიტექტურის, სტილის
და ოსტატების შესახებ. მონპერესთვის უჩვენებიათ გრძელი ბუკები, რომლებსაც, როგორც ღვთისმსახურებაზე
მორწმუნეთა მოხმობის, ისე მტრის შემოსევის დროს მოსახლეობის გაფრთხილების ფუნქცია ჰქონია.
ომიანობის დროს მონასტერი ციხესიმაგრის ფუნქციასაც ასრულებდა და ხალხს იფარებდა.
მონასტრიდან 6 ვერსის დაშორებით ბიის მთაზე ხობის მონასტრის
არქიმანდიტრს პატარა სახლი ჰქონია. მონპერეს აქ რამდენიმე დღის გატარება ნდომებია,
რათა სამეგრელოს ულამაზესი ხედებით დამტკბარიყო, მაგრამ კაზაკებს ტყეში გზა აბნევიათ
და უკან დაბრუნებულან. ამის შემდეგ კაზაკებისა და მონპერეს გზა დღევანდელი სენაკის
მუნიციპალიტეტს ტერიტორიაზე გრძელდება.